Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი


საქართველო ბოლო წლებში აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას საკმაოდ წარმატებით ირგებს. ტრასეკას პროექტი, რომელიც 1993 წლის მაისში ბრიუსელში ევროგაერთიანების, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ იქცა რეალობად, ნავთობისა და ბუნებრივი აირების ტრანსკავკასიური მაგისტრალებით გაგრძელდა; ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას ახალ დატვირთვას აძლევს, ეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტია. იგი მთლიანად ჯდება საქართველოს ორიენტაციული არჩევანის კონტექსტში და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოს რკინიგზისა და პორტების შემოსავლებზე, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტია.

ამ პროექტს, თითქმის მთლიანად, აზერბაიჯანის მხარე აფინანსებს. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მშენებლობა 2016 წლის ნოემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ, Trend.az-ის ცნობით, “აზერბაიჯანის რკინიგზის” (CJSC) ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც “აზერბაიჯანის სატრანზიტო პერსპექტივების განვითარებას” მიეძღვნა. გურბანოვისავე განცხადებით, ტვირთების გადაზიდვა უკვე 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მომავალი წლისთვის დასრულდება რკინიგზის ელექტრიფიკაცია და დაიწყება ახალი რკინიგზის ინფრასტრუქტურის შენება.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შეთანხმებას ეფუძნება. აზერბაიჯანმა, მაგისტრალის ქართული ნაწილის მშენებლობისათვის 775 მილიონი დოლარი გამოყო. ბაქო-თბილისი-ყარსიის პროექტის ფარგლებში, ახალი, 105-კილომეტრიანი, სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც იგეგმება. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის რკინიგზას. რეკონსტრუქციის შემდეგ გაუმჯობესდება რკინიგზის გამტარუნარიანობა და ის წელიწადში 15 მილიონი ტონის გადაზიდვას შეძლებს.

ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოა პროექტი, რომელსაც აქტიურად უწევს ლობირებას ირანული და სომხური მხარე - მით უფრო, რომ სწორედ სომხეთის ლობმა ჩააგდო აშშ კონგრესში თავის დროზე თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთაშორისო დაფინანსების იდეა. რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროსთან ინტერვიუში სომხეთში ვიზიტით მყოფმა ირანის ტრანსპორტის მინისტრმა აბას აჰმად აჰუნდიმ კიდევ ერთხელ ახსენა ეს პროექტი და განაცხადა, რომ სომხეთი და ირანი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხზე მუშაობენ, კორიდორისა, რომელიც სპარსეთის ყურიდან, შავი ზღვის გავლით, ბულგარეთზე გავა. ცხადია, ეს პროექტი, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო და, ამასთან, პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდება.

„პროექტი მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც, რადგან ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. მას ეს კორიდორი სპარსეთის ყურეზე გასასვლელადაც გამოადგება. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიები შავ ზღვაზე გასვლის მიზნით", - განაცხადა აჰუნდიმ. მისი თქმით, ამ კონტექსტში საუბარი იყო ოთხმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც ირანს, სომხეთს, საქართველოსა და ბულგარეთს მოიცავს. ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, დელეგაციამ სომხურ მხარესთან განიხილა ასევე ავტომაგისტრალისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხები.

ირანი-სომხეთის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი ბოლო რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს. გასული წლის აგვისტოში სომხეთის მთავრობამ რკინიგზის მშენებლობის წინასწარი პროგრამა დაამტკიცა. პროექტის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. რკინიგზის სიგრძე 316 კილომეტრია. პროექტის ინფრასტრუქტურაში 19,4 კილომეტრის სიგრძის 64 ხიდი, 102,3 კილომეტრის 60 გვირაბი და 27 სადგური შედის. როგორც მოსალოდნელია, მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 25 მილიონ ტონას შეადგენს. აღნიშნული პროექტი ჩინეთის მშენებლობისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კომპანიამ შეიმუშავა, ჩინურმა ბანკებმა კი გამოთქვეს მზადყოფნა პროექტის 60 % დააფინანსონ.

თავისი იდეით ეს პროექტი აზერბაიჯანი-საქართველოს ან აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის პროექტების ალტერნატიულია. ჯერჯერობით საქართველოში ამ პროექტის შესახებ აქტიურად არ საუბრობენ, თუმცა საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ჩინურ კომპანიებთან და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ანაკლიის პორტის პერსპექტიული პროექტი სწორედ ჩინელებმა განახორციელონ. რამდენად იქნება ეს ორი იდეა ერთმანეთთან ბმაში და როგორ განხორციელდება შემდგომში მოვლენები, ამას მომავალი წლები გვიჩვენებს.,

XS
SM
MD
LG