Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Annie – Heartbeat


ეს სიმღერა წესით ალბათ ბევრს არ გემახსოვრებათ. მისი გამოსვლიდან, ვაი დედა, უკვე 15 წელი გასულა. თავის დროზე მუსიკის ბლოგერების და ინდი ონლაინ-ჟურნალების საყვარელი კომპოზიცია იყო. Pitchfork-მა მაშინ წლის სინგლადაც დაასახელა - 99 Problems-ის, Toxic-ის, Take Me Out-ის და Galang-ის წინ.

ისე, ცოტა უცნაური კი იყო მაშინ ინდი კრიტიკოსების აღფრთოვანება. Annie-ს ხომ არც რამე ახალი სიტყვა უთქვამს მუსიკაში, არც ფორმა შემოუტანია ახალი, არც შინაარსი... Heartbeat პოპ სიმღერაა, რომელიც, ასე ერთი მოსმენით, კაილი მინოგს უფრო მოგაგონებს, ვიდრე სხვა რამეს. (Annie-ს თურმე „ნორვეგიელ კაილიდან“ კი მოიხსენიებდნენ).

სამაგიეროდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოპ-სიმღერაა, რაც ვინმეს დაუწერია. ამდენი ხანი გასულა და დროდადრო მაინც ვრთავ ხოლმე, როდესაც ოოდნავ სევდანარევი მხიარულება მომინდება ხოლმე.

ეს ოოდნავი სევდა ალბათ უფრო ამ სიმღერის შექმნის ისტორიას დაჰყვება. თავიდან ალბომს ბოიფრენდ და პროდიუსერ ტორე კროკნესთან ერთდ აკეთებდა. თუმცა, ტორე 23 წლის ასაკში თანდაყოლილი გულის დაავადებით გარდაიცვალა.

თავიდან ეგონა, რომ სიმღერას ვეღარ შეძლებდა. მერე კი, როგორც ინტერვიუში ამბობს, უფიქრია - „ტორე ძალიან გაბრაზდებოდა, მე რომ მუსიკისთვის თავი დამენებებინაო“.

ალბომი საცეკვაო პოპ სიმღერებითაა სავსე. მაგრამ, თან რაღაც კიდევ სხვა დაჰკრავს. ცოტა სევდა, ცოტა სიღრმე, ცოტა კიდევ ინდი ესთეტიკა. აი ეს სიმღერა, Heartbeat კი ყველაზე კარგია.

მარტივი სიმღერაა. იმაზეა, მეგობრებთან ერთად კლუბში რომ ხარ, ვიღაც საინტერესოს გაიცნობ და გული რომ გიცემს. თითქოს გაცვეთილი თემაა, მაგრამ ანე ლილია ბერგე სტრანდი (ეგრე ქვია სინამდვილეში) ახერხებს, რომ ახლებურად მოგაწოდოს. თან ემოციების ნაზავი ზუსტად გადმოსცეს.

თუ პირველ ჯერზე ძალიან არ მოგეწონა, მეორეჯერაც მოუსმინე. და მერე მესამედაც. პოპ სიმღერაა - გამეორება უხდება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG