Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი?


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

31 იანვარს თბილისის საკრებულოსთან სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელების იდეა. სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიციაც, რომლითაც მისი ხელმომწერები მოითხოვენ შეჩერდეს აღნიშნული პროექტი, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობს. კომპანია ,,ოლდ სითი დეველოპმენტის'' წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ქალაქის ძველ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და რომ, პირიქით, დედაქალაქს „პანორამა თბილისი“ ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველს გახდის.

საყვირების ხმაურისა და ტრანსპარანტების ფონზე, თბილისის საკრებულოსთან 31 იანვარს რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და პროექტი „პანორამა თბილისი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები „არა პანორამა თბილისს“. გაბრაზებული და ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობით უკმაყოფილო იყო მწერალი ზურაბ პაპიაშვილიც:

„ქალაქს ამახინჯებენ და ერთი ადამიანის ახირებას შეიძლება შეეწიროს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი ამ ქალაქში. ეს გულსატკენი ამბავია, რადგან შეგრძნებაა ისეთი, თითქოს ძაღლის ყეფას უფრო დიდი ფასი აქვს და ესმით, ვიდრე ადამიანის საუბარს, მოთხოვნას, თხოვნას. ამიტომ მოვედი აქ, რომ ვთქვა: არა პანორამას! არა მახინჯ შენობებს ჩვენს ქალაქში!“

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

აქციის მონაწილეებს შორის იყო საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ საკითხთან მიმართებით ის საკრებულოს უმცირესობას მიეკუთვნება. მისი პოზიცია, რომ „პანორამა თბილისი“ არის ძალადობა ისტორიულ ქალაქზე, დღესაც არ შეცვლილა. ელისაშვილი დარწმუნებულია,რომ ყველაზე დიდ ფულსაც შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოების აქტიური პროტესტი:

„წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ საზოგადოებისათვის ყველა გზა ჩაკეტილი იყო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ხალხის ძალა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ახლა, მით უფრო, ბრძოლას აქვს აზრი - სასამართლოც შედარებით გახსნილია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან აგრესიული და ძლიერი პროტესტი მოჰყვება ამ ამბავს, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლაც იქნება და ამ გადაწყვეტილებას შევაცვლევინებთ ხელისუფლებას. ოღონდ აქციები უნდა გაგრძელდეს, „პანორამა თბილისი“ უნდა განხორციელდეს სხვაგან და არა აქ, ძველ ქალაქში, რადგან თუ ეს მოხდა, ეს იქნება ძველი თბილისის რეკვიემი“.

"პანორამა თბილისის" პროექტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა ნგრევითი სამუშაოები დაწყებულია. მშენებლობის ნებართვის ასაღებად კი დარჩენილია მხოლოდ ერთი ინსტანცია, ეკონომიკის სამინისტრო, სადაც კომპანიამ საჭირო დოკუმენტაცია უკვე შეიტანა და პასუხს ელის.

31 იანვრის აქციის მონაწილეები პროცესის შეჩერებას, აქციების გარდა, პეტიციითაც ცდილობენ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ტფილისის ჰამქარი“, „პარტიზანული მებაღეობა“, „იარე ფეხით“, „თბილისის არქიტექტურული ფორუმი“, „ჩემი ქალაქი“, „კამპუსი“, „მწვანე ალტერნატივა“, „მწვანე მუშტი“, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, საზოგადოებრივი ინიციატივა "გადავარჩინოთ რვაფეხა", საზოგადოება "ბათომი", „ფრონტლაინ-ჯორჯია“, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, „რაჭის დამცველები“, „ანტიტექტურა“ - ეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებიც ამ პეტიციას ხელს აწერენ და რომელთა მიზანი პროექტის შეჩერებაა.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებელი ამ პროექტის განხორციელება სოლოლაკის ქედის, თავისუფლების მოედნისა და ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე და რა სარგებელს მოუტანს ის თბილისის ისტორიულ ნაწილს, როგორც ურბანულ ძეგლს:

„პროექტი ეწინააღმდეგება იმ სახელოვნებათმცოდნეო კვლევებს, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილია და რის მიხედვითაც რეკომენდებულია შენობათა გაბარიტები, სილუეტი და მოცულობა არ იყოს ამოვარდნილი ტრადიციულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილიდან და ლანდშაფტიდან“.

ერთად უნდა ვიმუშაოთ და გადავწყვიტოთ ამ ქალაქის ბედი. არც ისე უნდა შეხედონ ამ ამბავს, თითქოს ვიღაცას უნდა ფულის ჩადება საქმეში, ჩვენ კი განვითარების წინააღმდეგ გამოვდივართ. ეს ასე არ არის...
თამარ ამაშუკელი

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ჩვენთან საუბარში ხელისუფლებას მოუწოდებს მოუსმინოს სპეციალისტებს, პროფესიონალებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს:

„ერთად უნდა ვიმუშაოთ და გადავწყვიტოთ ამ ქალაქის ბედი. არც ისე უნდა შეხედონ ამ ამბავს, თითქოს ვიღაცას უნდა ფულის ჩადება საქმეში, ჩვენ კი განვითარების წინააღმდეგ გამოვდივართ. ეს ასე არ არის - ჩვენ ვართ განვითარების მომხრეები და, პირიქით, ვთავაზობთ მათ ამ ერთი ინვესტიციით ორი კურდღლის დაჭერას: ერთი მხრივ, ააშენონ ახალი, 21-ე საუკუნეზე მორგებული ინფრასტრუქტურის ქალაქი და ამ გზით განტვირთონ ისტორიული ზონა და დაუტოვონ მას ის ფუნქცია, რომელიც მას წესით უნდა ჰქონდეს“.

პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ 1999 და 2001 წლებში თბილისის ისტორიული ნაწილი წარდგა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. დღეისათვის ნომინირებული ძეგლი, მსოფლიოს 11 ძეგლთან ერთად, იმყოფება წინასწარ სიაში და ელოდება გადაწყვეტილებას. სწორედ ნომინირებული ძეგლის ტერიტორიის საზღვრებში „პანორამა თბილისის“ მასშტაბის პროექტის განხორციელება კი აუცილებლად გახდება UNESCO-ს მხრიდან უარის თქმის საფუძველი.

არქიტექტორი ცირა ელისაშვილიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი არ არის ის ადგილი, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, რადგან მასშისრულებით არ არის გათვალისწინებული ძველი ქალაქის კონტექსტი, მისი განვითარების მეთოდოლოგია: „მით უმეტეს, ძველი თბილისის შემთხვევაში, რომელსაც ძეგლის სახელწოდება აქვს“.

ურბანისტებს, არქიტექტორებს, გარემოს დამცველებს, რომლებიც „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამოდიან, კიდევ არაერთი სხვა არგუმენტი აქვთ, რატომ არ უნდა აშენდეს „პანორამა თბილისი“ - მაგალითად, ის, რომ ისედაც ხერგილებით სავსე თბილისში კიდევ უფრო გადაიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა, დაბინძურდება ქალაქი და ზიანი მიადგება მის ეკოლოგიას.

რა მოხდება მაშინ, თუ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მაინც დაიწყო? - ვკითხეთ ცირა ელისაშვილს:

„მე კითხვას ასე დავსვამდი: რა იქნება მაშინ, თუ ინვესტორმა მაინც დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და შენება, რაც, პარალელურად, ნიშნავს ნგრევის უპრეცედენტო მასშტაბს, და მერე გადაიფიქრა? ჩვენ დაგვრჩება ეს მოტიტვლებული და ნახევრად დანგრეული ლანდშაფტი და შენობები თბილისში და მერე ვინ გააგრძელებს ამ მშენებლობას? ან ის ტყუილი, რომ იქ მწვანე საფარი შეიცვლება ადეკვატური მწვანე საფარით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, როცა ბეტონთან გვაქვს საქმე და ჩვენ ტყუილად არ შევადარეთ ეს ადგილი საბურთალოს სასაფლაოს?“

ის ხალხი, ვინც 31 იანვარს „პანორამა თბილისის“ მშებენლობა დედაქალაქის საკრებულოსთან კიდევ ერთხელ გააპროტესტა, დარწმუნებულია, რომ ეს კომერციული პროექტია და არა სოციალური, რომელიც მომგებიანი მხოლოდ ინვესტორისთვის იქნება, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს და მის მოსახლეობას კი მნიშვნელოვნად დააზარალებს. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ისინი პროექტთან დაკავშირებული ყველა ეტაპის საჯაროობას, რომ დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირები დაარწმუნონ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის ქალაქის ისტორიულ ნაწილში განხორციელება დაუშვებელია და არ ემსახურება ისტორიული ქალაქის ინტერესებს. საკრებულო, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი ინსტანცია, აქციის ადგილად ამიტომაც შეირჩა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ვითარების შეცვლა, ამბობს ცირა ელისაშვილი:

ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი

„ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვის გამოც ისინი ამ შენობაში სხედან, ისინი ანგარიშვალდებულები არიან ხალხთან. მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, მათ აქვთ კიდევ შანსი, რომ გამოვიდნენ და ხალხთან დადგნენ. ეს კარი ღიაა და როგორც შესასვლელი არსებობს იქ, ისე არსებობს გამოსასვლელი.ეს არის მთავარი“.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საკრებულომ 30 დეკემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ამ გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. ამით კი, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახადა განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ”თანაინვესტირების ფონდის” პროექტი ”პანორამა თბილისი”, რაცსოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსის, ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და მათ დაკავშირებას გულისხმობს საბაგირო გზებით.

30 იანვარს ინტერნეტგამოცემა „კომერსანტ.გე“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანია ,,ოლდ სითი დეველოპმენტის'' პროექტების მართვის დირექტორი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ „პანორამა თბილისის“ თავდაპირველი კონცეფცია შეიცვალა და გადაწყდა, რომ „საბაგიროებით მხოლოდ თავისუფლების მოედნის კომპლექსი დაუკავშირდება სოლოლაკის ბაღებს“. როგორც კომპანიაში განმარტეს, პროექტს სხვა არსებითი ცვლილება არ განუცდია და ის კვლავ მოიცავს ოთხ კომპლექსს: ერეკლე მეორისა და თავისუფლების მოედნებს და სოლოლაკის ქედზე მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსებსა და სოლოლაკის ბაღებს. ამასთან, კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციასაც, რომ სოლოლაკის ქედის გადაჭრა გახდება საჭირო.

31 იანვარს საკრებულოდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. აქცია კი, შეძახილებით „არა პანორამას“, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისაკენ მსვლელობით გაგრძელდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG