თბილისის საკრებულომ 30 დეკემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ამ გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რის გამოც ოთხი მათგანი 30 დეკემბერს პოლიციამ დააკავა. რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ ისინი პოლიციამ გაათავისუფლა, თუმცა აქტივისტებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 8 იანვარს გაიმართება. როგორ აფასებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას ხელოვნებათმცოდნეები და ურბანისტები და რა არგუმენტებს უპირისპირებს მათ საკრებულოს უმრავლესობა?
თბილისის საკრებულოსთან „პარტიზანი მებაღეებისა“ და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას შედეგი არ მოჰყოლია - სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტის დაცვის ზონას სტატუსი მაინც შეეცვალა. სამაგიეროდ, აქციის ოთხმა მონაწილემ თავი სასამართლოში ამოყო. თბილისის საკრებულოს 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება შევიდა. ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი საქმიან და საცხოვრებელ ზონად ჩამოყალიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატუსშეცვლილ სოლოლაკის ქედზე, სულ 3 ჰექტარ მიწაზე, ის „პანორამა თბილისი“ აშენდება, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ დააანონსა. უბრალოდ, შეგახსენებთ: პროექტის მიხედვით, სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსი აშენდება, ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე სავაჭრო-ბიზნესცენტრი მოეწყობა და მათი დაკავშირება საბაგირო გზებით იქნება შესაძლებელი.
30 დეკემბრის ძალიან ხმაურიან საკრებულოს სხდომაზე სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტის დაცვის ზონის შეცვლის მოწინააღმდეგეები, ოპოზიციური ფრაქციები, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები" და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკითხის მინიმუმ 10 დღით გადავადევას მოითხოვდნენ, რათა ექსპერტებს, ურბანისტებს, არქიტექტორებსა და საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა მისცემოდათ დეტალურად გასცნობოდნენ "პანორამა თბილისის" პროექტს, თუმცა გენგეგმაში ცვლილების შეტანის საკითხს 23 მომხრე მაინც გამოუჩნდა. 10 მოწინააღმდეგე ვერაფერს გახდა. სტატუსი შეიცვალა.
საკრებულოს სხდომაზე ათი დღით საკითხის გადადებას მოითხოვდა ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი. მისი თქმით, ეს ათი დღე, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმ კვლევითი მასალის მისაღებად და გასაცნობად, რომელიც დართული უნდა ჰქონოდა, დასაბუთების თვალსაზრისით, სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნას. ცირა ელისაშვილის სიტყვებით, ის და დანარჩენი თანამოაზრეები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ უნდა აშენდეს „პანორამა თბილისი“ მაინცდამაინც სოლოლაკის ქედის ტერიტორიაზე. მათ ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღეს:
სწორედ ამაზე წუხს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე. მას მიაჩნია, რომ პროექტი „პანორამა თბილისი“ იქნება ერთ-ერთი ძირეული უარყოფითი გავლენა იუნესკოს ექსპერტებზე, რომლებიც უკვე 15 წელზე მეტია მსჯელობენ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხზე. ლადო ვარდოსანიძე იმ ალტერნატივაზე გველაპარაკება, რომელიც, მისი სიტყვებით, აარიდებს ძველ ქალაქს მძიმე დარტყმებს.
„გამოსავალი აქ არის ერთადერთი. ჩვენ, ურბანისტები, ყოველთვის ვამბობთ, რომ აუცილებელია გარშემოსავლელი რკინიგზის მშენებლობის დამთავრება და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი ბიზნესცენტრის შექმნა, საითაც გადაინაცვლებს ეს დაუოკებელი ლტოლვა რაღაცის მშენებლობისა. ეს გასაგებია. ეს არის ფულის ბუნება. მაგრამ ამას წიგნიერი წარმართვა სჭირდება, ურბანული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ თბილისი განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავა, ყოველთვის გვექნება უსიამოვნება, პრობლემები, წინააღმდეგობა და საზოგადოების უკმაყოფილება ძველ ქალაქში“, - მიაჩნია ლადო ვარდოსანიძეს.
ურბანისტების, ხელოვნებათმცოდნეებისა და გარემოსდამცველების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს არ ეთანხმება რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნუგზარ მალაღურაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, ის 900- მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში იქნება ჩადებული, საშუალებას მისცემს, სულ ცოტა, 4 000 ადამიანს დასაქმდეს 2-3 წლის მანძილზე. გარდა ამისა, მისივე თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შემდეგ გაიხსნება ობიექტები, რომლებიც სერიოზული თანხით შეავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ეს თანხა კი, საკრებულოს წევრის სიტყვებით, ისევ ძველი ქალაქის სავალალო მდგომარეობას მოხმარდება. სწორედ ამიტომ ის გაუმართლებლად მიიჩნევს პროექტის ოპონენტების მოსაზრებებს „პანორამა თბილისის“ განხორციელების თაობაზე.
„გუშინ რაც საკრებულომ გააკეთა, ის არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ამის მერე უნდა შეთანხმდეს თვითონ პროექტი. ძალიან მრავალფეროვანი პროცედურები უნდა გაიაროს - გეოლოგიური დასკვნა, არქეოლოგიური დასკვნა, ისტორიული დასკვნა, სატრანსპორტო დასკვნა და ა.შ. თითქმის ყველა დასკვნა უკვე არსებობს, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს კონკრეტული პროექტის განხორციელება ამ მიდამოებში“, - ამბობს ნუგზარ მალაღურაძე.
სწორედ ამ მასალებისა და დოკუმენტების შესწავლაზე ლაპარაკობენ პროექტის ოპონენტები და ხელოვნებათმცოდნეები და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი საკრებულოს წევრებისგან ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხის გადავადებას. ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც არსებული პროექტის საფუძველზე რამდენიმე თვის წინ ტერიტორიის განაშენიანების ისტორიულ-არქიტექტურული გამოკვლევა ჩაატარა, გია ჭანიშვილია. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობს, მსგავსი ტიპის პროექტები და ტერიტორიებისათვის ზონის სტატუსების შეცვლა ერთი და ორი დღის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე არ უნდა განიხილებოდეს. მისივე სიტყვებით, ისტორიულ-არქიტექტურული გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობა დაიწყება, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
„შეიძლება ეს კარგი პროექტი და არქიტექტურა იყოს სხვა ადგილისთვის, მაგრამ სოლოლაკის ქედზე მსგავსი ტიპის პროექტი ზედმეტად დამთრგუნველია. ჩვენ ასეთი რამ დავწერეთ, რომ მსგავის ტიპის პროექტის მშენებლობა გამოიწვევს არქიტექტურული ქედის საერთო ლანდშაფტური ხედის ვიზუალურ დათრგუნვას. ჩვენ ამას შორიდან თუ შევხედავთ, თბილისის თავზე ჩნდება ერთიანი, უშველებელი კონგლომერატი, რომელიც ამ ყველაფერს დათრგუნავს. თან ასეთ თემაზე უცბად გადაწყვეტილების მიღება არ მიმაჩნია მართებულად. რომ ვამბობთ, რომ არსებობს გამოკვლევები, ასეთი ტიპის გამოკვლევები საყოველთაოდ უნდა იყოს ცნობილი და მხოლოდ საკრებულოში არ უნდა იყოს წარმოდგენილი და ისიც ერთი და ორი დღის მანძილზე“, - ამბობს გია ჭანიშვილი.
ცირა ელისაშვილის თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილებამ სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე მათ ორი გზა დაუტოვა - პირველი, კონფრონტაციული, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს. მეორე გზა კი სასამართლომდე მიდის.