ხშირად მიხუმრია: ქართული არაბული პოეზიის ანთოლოგია უნდა გამოიცეს-მეთქი. ერთი-ორჯერ გიორგი ლობჟანიძესაც კი ვუთხარი, ეგ ანთოლოგია შენ უნდა გამოსცე, როგორც არაბულის საუკეთესო სპეციალისტმა-მეთქი. ლობჟანიძემ არა, მაგრამ ერთ-ერთმა არაბულმა კი შეადგინა ამასობაში ასეთი წიგნი და სულ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმაც“ დაბეჭდა. კრებულში „არაბულები“ 14 არაბულის ლექსებია შესული, თუმცა მას ანთოლოგიას მაინც ვერ უწოდებ, რადგან სულ რაღაც 130-გვერდიანია და თითოეული ავტორის მხოლოდ რამდენიმე ლექსია შესული. არადა, სურვილის შემთხვევაში, 600-700-გვერდიანი ანთოლოგიაც მშვენივრად გაკეთდებოდა, მაგრამ გიორგი არაბულმა, თითქმის ყველაზე ახალგაზრდამ ამ გვარის პოეტთა შორის და კრებულის შემდგენელმა, სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ოპტიმალური იყო. სხვადასხვა თაობის არაბულთა პოეტური ნამოღვაწარიდან მან აშკარად კარგად შეარჩია თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი, გამოკვეთილი ხელწერის მქონე ნიმუშები და, შედეგად, წიგნიც კარგად იკითხება, პოეტური მუხტი ძლიერია და სათქმელის კონცენტრაციაც მაღალი. არადა, სქელტანიანი ანთოლოგიის მომზადების შემთხვევაში, შეიძლებოდა ის შესანიშნავი ლექსები, რომლებიც აქ გვხვდება, ჩაკარგულიყო. ასეა თუ ისე, პირველი გამოცემის კვალობაზე ამ ფორმატმა ნამდვილად გაამართლა.
დღეს ჩვენი სტუმარია კრებულის შემდგენელი გიორგი არაბული.
გიორგი არაბული: გამომცემლობა „ინტელექტის“ იდეა იყო და მეც დავიწყე მუშაობა, ოღონდ არც ერთი ავტორისთვის არ მითქვამს, არ შემითანხმებია რა ლექსები შემეტანა, რომელი ავტორები შემეტანა ან რამდენი ლექსი, ამიტომ აღმოჩნდა ისე, რომ ამ კრებულში სხვადასხვა რაოდენობის ლექსებია ავტორების და როგორც ძველი, ისე ახალი თაობის ავტორებმა მოიყარეს თავი. მე იმასაც ვფიქრობდი, რომ ერთი თემის გარშემო გამეერთიანებინა ეს ლექსები, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მაინც რაღაც ჩარჩო იქნებოდა ამ წიგნისთვის და ამიტომ უფრო არის ხევსურეთის გარშემო ეს ლექსები, მაგრამ არის კიდევ სხვა თემებიც: ეთნოგრაფია, მითოლოგია და ა.შ. აქ არიან შესული ისეთი ავტორები, რომელთაც წლების წინ გაუნაწყენდა მწერალთა კავშირი თუ მწერალთა გაერთიანება და შოთა ნიშნიანიძემ ერთი ლექსიც კი უძღვნა, რომ „ყრმა ხევსურებმა ხარივით დაკლეს / ბებერი, მაგრამ გამზრდელი ლექსი“. ეს, როცა მათ უკვე დაიწყეს ურითმო ლექსების წერა. და ხევსურეთში, ის ფოლკლორი, რაც არსებობს, ისიც ვერლიბრია და ისიც თავისუფალი ლექსია, თუნდაც ის დატირებები. თითქმის ყველა ავტორის ბავშვობა და ახალგაზრდობა უკავშირდება ხევსურეთს და ამიტომ პოეზიამ და იმ გარემომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მათ მთელი ცხოვრება ესმოდათ ეს ლექსები, სალოცავში იყვნენ, სათიბში იყვნენ, ჭირში იყვნენ თუ ლხინში, ყველგან ლექსი ესმოდათ და, ალბათ, ამიტომ შეიქმნა ძალიან ადრე, 70-იან წლებში, ხევსურული, ასე ვთქვათ, ვერლიბრი. ვფიქრობდი, რომ ეს კრებული იქნებოდა ხელახალი აღმოჩენა ამ ავტორების. როგორც რითმიანი, ისე ურითმო პოეზიაც შევიტანე, რათა მკითხველმა გაიცნოს უკეთ ეს ავტორები. მინიატურული პოეზიაც არის, არის ასევე მცირე პოემები შესული და რაღაც საჩუქარია ეს ხევსურეთისთვის და ხევსური მკითხველისთვის.
კრებულში სხვადასხვა თაობის ავტორები ერთმანეთშია არეული. ქრონოლოგიურად რატომ არ დაალაგე-მეთქი, რომ ვკითხე გიორგის, ანბანის მიხედვით დავალაგეო, მიპასუხა. ეგ რანაირად, ყველანი არაბულები არა ხართ-მეთქი? სახელებითო, - მომიგო და გამიღიმა. და ისე მოხდა, რომ კრებულს ალუდა ხსნის და შაბურა ასრულებს, და ეს ორი ავტორი, ჩემი აზრით, კარგად კრავს ამ წიგნს. ალუდას ტექსტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მცირე პოემა „ქარსაოტ ჭორმეშიონის შეგონებები“. კარგი გაგებით, მან ბესიკ ხარანაულის ვერლიბრი გამახსენა. თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალუდა არაბული ყოველივე ამას სწორედ იმავე პერიოდში წერდა, როდესაც ბესიკ ხარანაულმა თავისი ხელწერა მოიხელთა, ანუ აქ, უბრალოდ, იმ რაღაც საერთო ხედვასა და ენერგეტიკაზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც მთიდან 60-იან წლებში წამოვიდა და სხვადასხვა ავტორებში თავისებურად რეალიზდა.
სხვათა შორის, როდესაც ხევსურეთში ქალები წერდნენ ლექსებს, - ეს მე ვამბობ, ფოლკლორში როგორ ხდებოდა, - ამას აბრალებდნენ კაცებს, რადგან არ უნდოდათ გავრცელებულიყო როგორც ქალის ლექსი, მით უმეტეს, თუ ეს ეხებოდა სატრფიალო პოეზიას...გიორგი არაბული
„ცას ვკიდივართ ბეწვით, საწყლებო.
და ერთხელაც გაწყდება ბეწვი
(მა, რა მოუვა - ჩვენ რომ ვკიდივართ)“, -
ბევრ სხვა რამესთან ერთად ამბობს ერთგან ალუდა არაბულის ქარსაოტ ჭორმეშიონი, რომელიც, როგორც გიორგიმ მითხრა, რეალური პიროვნება ყოფილა. შაბურა კი ამბობს:
„ვზი ხევსურეთში,
არაგვის პირას
და ვარსკვლავებს ვაშინაურებ...“
წარმოდგენილი 14 ავტორიდან 14-ივე მამაკაცია. რა არის, არაბულებში ლექსის წერა მხოლოდ კაცურ ხელობად ითვლება და ქალი არაბულები ლექსებს არ წერენ-მეთქი? - ვკითხე გიორგის.
გიორგი არაბული: სხვათა შორის, როდესაც ხევსურეთში ქალები წერდნენ ლექსებს, - ეს მე ვამბობ, ფოლკლორში როგორ ხდებოდა, - ამას აბრალებდნენ კაცებს, რადგან არ უნდოდათ გავრცელებულიყო როგორც ქალის ლექსი, მით უმეტეს, თუ ეს ეხებოდა სატრფიალო პოეზიას. მე მოვიძიე და ვერ მივაგენი, უბრალოდ, ქალ ავტორებს. თუ არსებობენ, ისინი ამას არ აჩენენ და ფარავენ.
მოკლედ, იმედია, ადრე თუ გვიან ქალებიც შეემატებიან პოეტი არაბულების არმიას. ამ კრებულიდან კი ერთი-ორ ავტორს მე კიდევ გამოვყოფდი. კობა არაბულის ვერლიბრები დიდოსტატურია, სახეებით და მეტაფორებით დატვირთული. მართალია, ერთგან იგი ამბობს:
„აღარც ლექსი მაქვს:
ტარაკანებმა გამომიხრეს მეტაფორები ვერლიბრებისთვის“,
მაგრამ იმავე ლექსს მეტაფორებით ხუნძლავს. აი, მაგალითად:
„გზა სტუდიიდან სოლოლაკამდე -
სამსახურიდან ცოლის კალთამდე, -
ლოკოკინას ნავალივით მატყვია, ძმაო!..“
სიტყვის ოსტატია ბაღათერ არაბულიც. ის კონვენციურ ფორმებშიც მუშაობს და ვერლიბრშიც და ხევსურობა ხშირად არც ატყვია, თუ ხევსურეთის თემაზე არ წერს. რამდენიმე ახალგაზრდა პოეტიცაა აქ წარმოდგენილი და, ვნახოთ, ვინ რას მოახერხებს, რა გზით წავა... ეს ყველაფერი თანდათანობით გამოჩნდება.
თუ გაამართლა ამ კრებულმა, ალბათ, მერე ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს ავტორები ცალკეც კი გამოიცეს. თუ, რა თქმა უნდა, იქნება დაინტერესება მკითხველის მხრიდან და ვფიქრობ, რომ იქნება...გიორგი არაბული
ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, იყვნენ თუ არა ის პოეტი არაბულები, რომლებიც წიგნს მიღმა დარჩნენ, რაზეც გიორგი არაბულმა ასე მიპასუხა:
გიორგი არაბული: ხევსურეთში არსებობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ლექსები, რომელთაც ასევე არაბული ავტორები ჰყავს. ეს ლექსები ალექსი ჭინჭარაულმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ზურაბ კიკნაძემ, ტრისტან მახაურმა და სხვებმა შეაგროვეს. თავიდან ვიფიქრე, რომ შემეტანა მათი ლექსებიც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ამოვარდნილი ამ წიგნიდან. ასე ჩავთვალე იმიტომ, რომ ის არის, ჩემი აზრით უფრო ფოლკლორი და იმას სხვანაირი ცოდნა და შედგენა სჭირდება, და ამიტომ თავი შევიკავე თუნდაც იმ დატირებების და ხალხურ საზომში დაწერილი ლექსების შეტანისგან, იმიტომ რომ ის ანდრეზებიც, რასაც არაბული უყვება, დავუშვათ, იურა ჯაფარიძეს, ჩემთვის პოეზიაა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც სხვა საწიგნეა და სხვა კრებულისთვის არის გათვალისწინებული.
არ ვიცი, ამ ეტაპზე შეიძლება ასეც ჯობდა, მაგრამ სამომავლოდ, ახალ გამოცემებში, მე ვფიქრობ, ეს სახალხო მთქმელი არაბულებიც აუცილებლად უნდა მოხვდნენ ამ უცნაურ და უნიკალურ პროექტში, ვინაიდან მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ მახსენდება, რომ პოეტები ერთ კრებულში გვარით გაერთიანებულიყვნენ. თანაც ეს ის ხომ არაა, ჯონსონები ან სტოუნები რომ გაერთიანდნენ მექანიკურად, ეს მათი ორგანული სივრცეა, სადაც ძალიან ბევრი რამ საერთოა და სწორედ ამ საერთოდან იბადება პიროვნული, განუმეორებელი...
გიორგი არაბული: ძალიან ბევრი წერს ლექსს ხევსურეთში, ძალიან ბევრი არაბული წერს, მაგრამ ვისაც ასე თუ ისე იცნობს საზოგადოება, ეს სახელები მე მესმოდა ბავშვობიდან ხევსურეთში. რაღაც ფუნაგორიებიც არსებობს არაბულებზე და მათ რიცხვმრავლობაზე პოეზიაში. თუ გაამართლა ამ კრებულმა, ალბათ, მერე ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს ავტორები ცალკეც კი გამოიცეს. თუ, რა თქმა უნდა, იქნება დაინტერესება მკითხველის მხრიდან და ვფიქრობ, რომ იქნება...