Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში

ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში


მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილე. 2 ივნისი, 2015 წელი. თბილისი
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილე. 2 ივნისი, 2015 წელი. თბილისი

“ქართული ოცნება”, რომელიც წლები ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა “ანტინარკოტიკულ რეფორმას” იწყებს, უპრეცედენტოდ ამკაცრებს კანონს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს დასჯის, და იძულებით მკურნალობაზეც ფიქრობს.

ამ სტატიაში ვყვებით, რა იცვლება, რატომ და საითკენ - უკეთესებისკენ თუ უარესობისკენ?

რატომ იცვლება კანონი?

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები”, - ასე აუხსნა კანონის შეცვლის აუცილებლობა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 10 მარტს, პარლამენტში. მის ამ იდეას მომდევნო დღეებში სხვა პარლამენტარებიც გაიმეორებენ.

“ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელოვნურად გარედან იყო თავსმოხვეული და პრობლემა უფრო მეტ ოჯახს შეეხო - გარედან მოხვევის მიზანიც ეს იყო, რომ ნარკოპრობლემის სიმწვავე საქართველოში მეტ ადამიანსა და ოჯახს შეხებოდა!” - თქვა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე 14 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ამ კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონპროექტის განხილვისას ახსენეს “იძულებითი მკურნალობაც”.

"გამომდინარე იქიდან, რომ მომართვიანობა მოსახლეობისა არის ბევრი... კონსულტაციებს ვმართავთ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით. მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებითაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი საჭიროება გააჩნიათ”, - თქვა 14 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

როგორ იცვლება კანონი?

აი, რა მოხდება იმ ცვლილებების მიხედვით, რომელსაც ქართული ოცნება გეგმავს:

  • მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით - მოქმედი კანონმდებლობით ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
  • სამიდან 6 წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;
  • კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად - კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.
  • შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
  • 2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, 5 წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;
  • თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს 8 საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.
  • პატიმრობა შესაძლებელია აიცილონ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს პოლიციას ნარკოტიკებს.


„როდესაც ეს კანონი შევა ძალაში ნაკლები სტიმული და მეტი შიში ექნებათ ნარკოტიკების გამსაღებლებს," - უთხრა 10 მარტს ჟურნალისტებს ვახტანგ ჩოჩიამ, პარლამენტარმა “ქართულმა ოცნებიდან”.


რისთვის და ვინ აკრიტიკებს პოლიტიკის ცვლილებას?

“ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს“ - არასწორია. ეს არის „ოცნების“ პროპაგანდის და პოპულიზმის ხელშეწყობა (გაუცნობიერებლად). „ოცნებას“ ნარკოპოლიტიკა არ აქვს, დაანონსებული ცვლილებები დღევანდელი გამოწვევების არცერთ ფუნდამენტურ საკითხს არ ეხება და აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვს”, - დაწერა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ყოფილმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ყველაზე საგულისხმო ნაწილად იძულებით შემოწმებას მიიჩნევს გურამ იმნაძეც, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მომხრე იურისტი;

“ქუჩის ნარკოტესტირება დიდი ხნის მანძილზე იყო ეფექტიანი კონტროლის ინსტრუმენტი პოლიციის ხელში. იყო წლები, როცა პოლიციას 50 000 - 60 000 ადამიანი გადაჰყავდა ნარკოლოგიურში შარდის ჩასაბარებლად. ამ ადამიანების 2/3-ზე მეტი, როგორც წესი, აბსოლუტურად ტყუილად იყვნენ ხოლმე იძულებით მიყვანილნი ნარკოლოგიურში, რადგან მათ მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. მაგრამ მთელი ამ პროცედურის მანძილზე ადამიანები იყვნენ პოლიციის სრულ კონტროლში, მათი მხრიდან შანტაჟის, მუქარის, ნარკოტიკის ჩადების საფრთხის ქვეშ.

როგორც ჩანს, სწორედ ამ მექანიზმის ახლიდან და უფრო ბრუტალურად ამოქმედებას გეგმავს ხელისუფლება და ადვილი გამოსაცნობია, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილის წინააღმდეგ მიმართავს მას”, - წერს ის და იქვე აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა ნამდვილად არის აქტუალური პრობლემა ქვეყანაში მომხმარებლების მაღალი რაოდენობით, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობით და მკურნალობისა და რეაბილიტაციის რთულად ხელმისაწვდომი სერვისებით.

2018 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ნარკოტესტირებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-დან 16 მილიონამდე ლარს ხარჯავდა, ტესტირებული შარდის 75 პროცენტი კი აბსოლუტურად სუფთა იყო.

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები წლების განმავლობაში ახსენებდნენ სახელმწიფოს რომ ნარკომომხმარებლების პრობლემა ჯანდაცვის საკითხიცაა და დანაშაულთან ბრძოლას თან უნდა გასდევდეს ადამიანების უფლებების დაცვა და მომხმარებლების მხარდაჭერა.

დოკუმენტების დონეზე ამ საჭიროებებს სახელმწიფოც აღიარებდა. 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნულ სტრატეგიაში წერია, რომ წამალდამოკიდებულების პრობლემის მიმართ აუცილებელია უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომას.

როგორ ცვლიდა “ოცნება” ნარკოპოლიტიკაში მიდგომებს?

ქართული ოცნება", რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დადო პირობა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული “ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპი ჰუმანური და ლიბერალური მიდგომებით შეიცვლებოდა და ეს შეეხებოდა ნარკოპოლიტიკასაც, ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში რეალური რეფორმა არ გაატარა - ასეთია ნარკოლოგების და ნარკოპოლიტიკის ცვლილებაში ჩართული იურისტების მოსაზრება.

გარდამტეხი მომენტი ამ გზაზე 2018 წელი იყო, როცა პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელმაც პარლამენტარის მანდატი 2019 წელს დატოვა, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ კანონპროექტს პარტიის ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერდა - ჯანდაცვის კომიტეტში განხილვის შემდეგ მასზე მსჯელობა იურიდიულ კომიტეტში ხელოვნურად ჭიანურდებოდა, საბოლოოდ კი მნიშვნელოვანი რეფორმის წინააღმდეგ ძალოვანი უწყებები წავიდნენ.

ზოიძის თქმით, დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე გადასვლის პოლიტიკის გატარებას საკანონმდებლო დონეზე ხელი შეუშალა ასევე სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანის, წარმოებისა და ექსპორტზე გატანის ინიციატივამ, რომელსაც ეკლესია დაუპირისპირდა.

“საბოლოოდ ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს”, - ასე აფასებს ის წლების შემდეგ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის ჩავარდნას პარლამენტში. კულტივაციის თემაზე მსჯელობა მაშინ დაიწყო, როდესაც საზოგადოება ორად იყო გაყოფილი ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების საკითხთან დაკავშირებით.

ნარკოტიკული დანაშაულები ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის დაახლოებით 12 %-ს შეადგენს - სხვაგვარად ეს მონაცემები იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 ათასზე მეტ ნარკოდანაშაულს აღრიცხავს. ამ ტიპის დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგადად დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი - ნარკოდანაშაულების 90 %-ზე მეტ შემთხვევაში გამოძიება ეფექტურად სრულდება, მაშინ როცა ზოგადად დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 70 %-ს არ სცილდება.

2018 წლის 13 მაისს აიტვირთა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა იუტუბზე ახალი სიმღერა ატვირთა “Legalize”, [ ლეგალური გახადე] რომელიც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდასაჭერად დაიწერა. ტრეკის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე პოლიცია შევიდა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციისთვის, რომლის დროსაც შსს-ს ინფორმაციით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. კლუბებში სპეცრაზმის შესვლას რამდენიმედღიანი ხალხმრავალი აქციები მოჰყვა პარლამენტის შენობასთან - ეს აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც დემონსტრანტებთან შს მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა და სიტყვა ბოდიშის მოხდით დაიწყო.

“დამთავრდა ეპოქა სხვაობის, პურის და სანახაობის,

წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის,

ღრუბლები, ღრუბლები, ღრუბლები სხვადასხვა ფერებში,

ვხურდებით, ვხურდებით, ვხურდებით ბლანტებით ხელებში,

ვბრუნდებით, ვბრუნდებით, ვბრუნდებით მწვანე სივრცეებში,

ბუნების ნაჩუქარ ნერგებში, ძველ ტრადიციებში…”- მღერის ამ ტრეკში ოლიგარქის ვაჟი და ღიად ითხოვს მარიხუანას ლეგალიზებას.

ამავე სიმღერაში ის აკრიტიკებს კანონებს, რომლის გამოც “მოსაწევის” გამო ახალგაზრდები წლებს ატარებენ ციხეში, კარგავენ წლებს, ძმებს, გოგოებს და ოჯახს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.

  • ყველაზე დიდი გარღვევა იყო ბექა წიქარიშვილის სარჩელი, რომელიც სახელმწიფოს ედავებოდა გამომშრალი მარიხუანის შენახვის გამო საპატიმრო სასჯელის კონსტიტუციურობას. 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის არაპროპორციული და შესაბამისად, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი სასჯელი იყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობისთვის საპატიმრო სასჯელი გაუქმდა.
  • მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებაც პირადი მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ; მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გივი შანიძის სარჩელის პასუხად მიიღო, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას პარტია გირჩი უწევდა.
  • 2018 წელს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლეგალიზდა პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება;
  • 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
  • პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ, 2025 წლის 13 მარტს საკონსტიტუციომ ერთი დოზა LSD-ს შეძენა/შენახვისათვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა;


ქართულმა ოცნებამ, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ მიღწევად თვლიდა და წარმოაჩენდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის კრიტიკა 2021 წელს წარმოიწყო; ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, “მიმდინარე ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას” “აბსოლუტურად მავნებლური” და დამაზიანებელი უწოდა. მაშინ ღარიბაშვილი საუბრობდა, ერთი მხრივ, აფთიაქებში ფსიქოტროპული ნივთიერებების უკონტროლოდ და ურეცეპტოდ გაყიდვის პრობლემებზე და, მეორე მხრივ, იმაზე, რომ ადამიანები უკანასკნელ თანხებს, მათ შორის სოციალური დახმარების სახით მიღებულ შემწეობასაც ნარკოტიკებზე ხარჯავდნენ.

“ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება, როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორად მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას. ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ…” - ამბობდა 2021 წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილი. ამ განცხადების პარალელურად პარლამენტი მსჯელობდა ამფეტამინის, LSD-ის, MDMA-ის, მეტამფეტამინის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების “მცირე დოზების” კანონით განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ.

მნიშვნელოვნად ფასდება 2024 წელს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში” შეტანილი ცვლილებები, რომლებიც რიგ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.

ამ ცვლილებების შემდეგ ნარკოტესტის ჩაბარების ვალდებულება აღარ ჰქონდათ პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს;


რას ამბობენ ცვლილებებზე სპეციალისტები?

“2022 წელს ჩატარებული ბოლო კვლევა აჩვენებს რომ ინიექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა იკლებს - 2022 წელს ინიექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა იყო 49 ათასი, წინა კვლევის დროს, 2020 წელს ეს რიცხვი 52 ათასამდე იყო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.

ის თვლის, რომ საქართველოში, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება პრობლემაა, მოსალოდნელი ცვლილებები 20 წლის წინანდელ “ნულოვანი ტოლერანტობის” პირობებში დაბრუნებას ნიშნავს და ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია.

2012 წლამდე დავითი აკვირდებოდა ნარკოტესტების და ნარკოდანაშაულების გახსნის სტატისტიკას, რომელიც აჩვენებდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ლოიალური ხდებოდა მომხმარებლების და რეალიზატორების მიმართ.

“დოქტრინა “ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ” არ მუშაობს და ამას გვკარნახობს საერთაშორისო გამოცდილება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

მას არ უკვირს “ნარკოპოლიტიკის დამსჯელობით რელსებზე” დაბრუნების მცდელობა და მოსალოდნელი ცვლილებების უკან რეპრესიების გაძლიერების მექანიზმს ხედავს, თუმცა საზოგადოებას ახსენებს, რომ ნარკომანიის პრობლემის მოგვარებას ეს მიდგომა ვერ აგვარებს.

ადამიანები, ვინც დამოკიდებულებების მქონე ადამიანებთან მუშაობენ და ნარკოპოლიტიკის საკითხს სწავლობენ, წარმატებული ლიბერალიზაციის მაგალითებად ჰოლანდიისა და პორტუგალიის შემთხვევებს იხსენებენ, სადაც ზრუნვის სერვისების შექმნამ ზიანი შეამცირა, მკაცრი კანონების უშედეგობის ნიმუშად კი რუსეთსა და ირანს.

ირანში ნარკოტიკების მოხმარებაზე სიკვდილით დასჯაც კი მოქმედებს, თუმცა ნარკომანიის პრობლემას ეს ვერ აგვარებს. რაც შეეხება რუსეთს, ის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა როგორც მომხმარებლებით, ასევე ინიექციური ნარკოტიკების მოხმარების გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მხრივაც.

“ძლივს ჩრდილიდან დაიწყეს ადამიანებმა გამოსვლა, გამოჯანმრთელება ტრენდული გახდა, როცა სახელმწიფო აღარ არის ჩასაფრებული შენს დასასჯელად და ახლა ამ ცვლილებებით უკან დააბრუნებენ სტიგმასაც და ამ ადამიანებსაც”, - ამბობს სანდრო კაკულია, ავტორი და წამყვანი პოდკასტისა “გაბედე”, რომელსაც ის რეაბილიტაციის ცენტრ “გამოსავალთან” პარტნიორობით აკეთებს.

ამ პოდკასტის სტუმრები პირად გამოცდილებებს ჰყვებიან და აჩვენებენ, ერთი მხრივ, დამოკიდებულებისგან გათავისუფლების მრავალფეროვან გზებს და, მეორე მხრივ, ამ გზებზე სიარულის სირთულეებს უზიარებენ საზოგადოებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG