Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოკუპირებულ აფხაზეთში აინტერესებთ - რატომ სჯის მოსკოვი აფხაზებს

ოკუპირებულ აფხაზეთში აინტერესებთ - რატომ სჯის მოსკოვი აფხაზებს


ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე თითქმის ერთი კვირაა უშედეგოდ ელოდებიან ადგილობრივი "ჩინოვნიკების" განმარტებებს, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ჟურნალისტი ინალ ხაშიგი "უცხოეთის აგენტად" გამოეცხადებინა. გარდა ამისა, სხვა შეკითხვებიც არის რუსეთის ზეგავლენებსა და სადამსჯელო მექანიზმებზე.

უცხოეთის აგენტის იარლიყის მიწებება, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, გამოძევება თუ საზღვარზე შეჩერება - ამ ჩამონათვალს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის აქტიურობაც დაემატა.

წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა 12 მარტს, ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკეს; ხოლო 13 მარტს, პრობლემების ნაწილი ე.წ. ომბუდსმენმა, ანას ქიშმარიამაც ჩამოთვალა - მასაც აინტერესებს, რატომ დაისაჯნენ ყველასათვის ცნობილი ადამიანები.

ანგარიშის წარდგენისას ქიშმარიამ განაცხადა, რომ გვერდს ვერაფრით აუვლის 2025 წელს მომხდარ შემთხვევებს:

  • რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციონერ „დეპუტატს“- კან კვარჩიას;
  • რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწეს - ლევან მიქაას;
  • რუსეთიდან გამოაძევეს „აფხაზეთის მოქალაქე“ და „საზღვრის“ გადაკვეთა 10 წლით აუკრძალეს დირიჟორ - ბარას კუჯბას;
  • რუსეთში შესვლა უკრძალეს „აფხაზეთის მოქალაქეს“, თურქეთში მცხოვრებ - უმიტ აშბას;
  • „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს, „ორმაგი მოქალაქე“ ჟურნალისტი - ინალ ხაშიგი;
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მათ შორის - ტერორიზმის მუხლითაც.


„მიუღებლად ვთვლი სახელმწიფო ორგანოების დუმილს, როცა საჯარო სივრცეში კომენტარს არ აკეთებენ რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“; „ვფიქრობ, ამ სიტუაციაზე თანამდებობის პირების რეაქცია განსაზღვრავს, რამდენად შემდგარია ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა ანას ქიშმარიამ და მისმა გამოსვლამ, როგორც „Нужная Газета“ იტყობინება, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების დუმილი მთავარი პრობლემაა დასჯილი ადამიანებისთვის - მათთვის ჯერ არავის აუხსნია, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს მათთან მოსკოვს, რომლისთვისაც, როგორც განმარტავენ - აუგი არასოდეს უკადრებიათ.

„შეიძლება ვიღაცამ თქვას - ეს რუსეთის გადასაწყვეტიაო, მაგრამ მინდა, რომ აფხაზეთის სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქეები... გასაგებია, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლით, მაგრამ პოზიციის გამოხატვა ხომ შეგიძლიათ... გვინდა, რომ სახელმწიფო უწყებებმა თქვან - ეს ხალხი [რუსეთის მიერ დასჯილები - რ.თ.] პატიოსანი ადამიანები არიან“, - თქვა „პარლამენტის“ კომიტეტის სხდომაზე, აფხაზმა ჟურნალისტმა, ინალ ხაშიგმა, 12 მარტს.

აფხაზეთში კარგად ცნობილ ჟურნალისტს, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას" დამფუძნებელსა და ავტორს - „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 7 მარტს მიანიჭა და მას შემდეგ, ჟურნალისტი ამაოდ მოუწოდებს „ხელისუფლებას“ ორი სიტყვა მაინც შეაწიოს რომელიმემ.

რუსეთის მიერ ინალ ხაშიგისთვის „აგენტის“ სტატუსის მინიჭებას აფხაზეთში „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად“ თვლიან და ამის შესახებ 12 მარტის სხდომაზეც ილაპარაკეს. ისიც არაერთხელ ითქვა, რომ - წნეხი ძირითადად “ქვეყნის სუვერენული უფლებების” დამცველი ადამიანების წინააღმდეგ ძლიერდება.

„ჩვენ ვდგავართ ძალიან უსიამოვნო ფაქტის წინაშე - ქვეყანა შესაძლოა გარე მმართველობის ქვეშ მოექცეს“ - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „Ахьяца“-ს თავმჯდომარემ, ომის ვეტერანთა საბჭოს წევრმა, ახრა ბჟანიამ. აფხაზეთის მოქალაქეების დასჯის შემთხვევები მისთვის სოციალურ-პოლიტიკური ველის მოსუფთავებისა და თავისუფალი მედიის გაქრობის დიდი გეგმის ნაწილია.

ასევე ბჟანიამ წამოაყენა წინადადება - ე.წ. რუსეთის ელჩის დაბარებისა და მისთვის სპეციალური ნოტის გადაცემის შესახებ.

"თქვენ ჩემი დონის არ ხართ"

რუსეთის “ელჩის” ფუნქციას აფხაზეთში, უკვე სამი წელია, მიხაილ შურგალინი ასრულებს. ამ პერიოდში არაერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ რეაგირებს ის აფხაზების უფლებების დაცვაზე, როცა პრეტენზიები რუსეთს უკავშირდება.

„ზოგიერთ ჩემს კოლეგას სურდა მიღებაზე მისვლა აფხაზეთში რუსეთის საელჩოში და ელჩმა მათ უთხრა - თქვენ ჩემი დონის არ ხართ, რომ შეგხვდეთო. გესმით?! ... ის [რუსეთის „ელჩი“] ფიქრობს, რომ აფხაზეთი მას მემკვიდრეობით ერგო და ჩვენ მისი მოსამსახურეები ვართ. აი ასეთი დამოკიდებულებაა აფხაზების მიმართ, მათსავე ქვეყანაში. ხალხი უნდა დაფიქრდეს“, - განაცხადა კან კვარჩიამ 29 იანვარს, ოპოზიციონერ აქტივისტთან - ლევან მიქაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთმა ორივე მათგანს შეუწყვიტა მოქალაქეობა და როგორც ადგილობრივი მედია იუწყებოდა, აუკრძალა ქვეყანაში შესვლაც.

კვარჩიამ და მიქაამ ოფიციალური დოკუმენტები თებერვალში მიიღეს. მოსკოვიდან ორივეს შეატყობინეს, რომ რომ მათი ქმედებები „ხელს უწყობდა აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, რამაც გაზარდა დაძაბულობა რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს“.

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრთათვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ სიმბოლური სასჯელი არ არის. ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას - რადგან მხოლოდ რუსეთის პასპორტით არის შესაძლებელი - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის გავლით სხვა ქვეყნებში მოხვედრა.

  • სხვადასხვა წყაროს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ პასპორტებს ადგილობრივ მკვიდრთა 70% ფლობს [ცხინვალის რეგიონში იგივე მაჩვენებელი - 95%-ს უტოლდება];
  • აფხაზეთში 24 ათასი პენსიონერი იღებს რუსულ პენსიას.


2024 წლის თებერვალში შურგალინი ცილისწამებისთვის დასჯით დაემუქრა აფხაზ ჟურნალისტს ემა ხოჯაას, ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ კრიტიკული წერილის საპასუხოდ. წერილში აღწერდნენ, როგორ უქმნიდა რუსეთი პრობლემებს „დამსახურებულ აფხაზებს“ ქვეყანაში შესვლისას და ჟურნალისტ ხოჯაას მაგალითიც მოჰყავდათ.

„ე.შ. ხოჯაა სრულად უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის“, - ასეთი იყო რუსი დიპლომატის პასუხი კრიტიკაზე; რაც ადგილობრივმა მედიამ „ყველა უკმაყოფილოს გაფრთხილებად“ ჩათვალა.

2024 წლის თებერვალში ჟურნალისტი ხოჯაა წერდა, რომ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გაურკვეველი მოტივით გააჩერეს და საათ-ნახევრის განმავლობაში კითხავდნენ. „აშკარა, რომ ჩვენ გავხდით სავაჭრო მონეტა სტრატეგიული პარტნიორისთვის საშინაო და საგარეო დღის წესრიგში“, - წერდა ემა ხოჯაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 12 მარტს გულისწყრომას ვერც იმის გამო მალავდნენ, რომ რუსეთი და კერძოდ - საგამოძიებო კომიტეტი კრიმინალური ფაქტების გამოძიებაშიც ერევა.

„ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა სათანადოდ ვერ აფასებენ სიტუაციას?! ასე გამოდის?! ასე გამოდის... ამაზეც უნდა იყოს რეაქცია“, - განაცხადა სხდომაზე „აიდგილარას“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეშსოუ კაკალიამ.

  • 1 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, აფხაზეთში გამოძიება დაიწყო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მათ შორის - ტერორიზმის მუხლითაც, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს მომხდარი სროლის ფაქტების შემდეგ.
  • რუსეთის საგამოძიებო უწყების განცხადებაში მითითებულია, რომ საქმეს იძიებენ ფაქტებზე - "აფხაზური, სომხური და რუსული ეროვნების რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე აფხაზეთის მოქალაქეები არიან“. შემდეგ ითქვა, რომ - გამოძიების პროცესში სერიოზული წინსვლა შეინიშნება და ეჭვმიტანილების სია გაიზარდა.


რა გადაწყდა 12 მარტის შეხვედრაზე?

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დამშვიდებას - ე.წ პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა შეეცადა.

“სრულად გეთანხმებით, ჩვენ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ და უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია და გამოკვლევა მაინც - რატომ მოხდა ეს ასე? ახლა მე კონკრეტულად ჩვენს კოლეგაზე, კალი კვარჩიაზე ვამბობ. ეს მანდატით, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ხალხია. ჩვენ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში. მთლიანობაში, გზავნილი გასაგებია. განვიხილავთ კოლეგებთან ერთად და ვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ ამ სიტუაციაში”, - თქვა აშუბამ, მაგრამ დარწმუნებული არავინ არის, რომ შედეგი იქნება.

ე.წ. სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დაუთ ხუტაბამ გააფრთხილა ყველა, რომ გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეიქმნან და სიფრთხილით უნდა გამოინახოს საპასუხო რეაქციის გამოხატვის გზები.

დაგროვილი მწვავე უკმაყოფილების მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიმართ ღია კრიტიკა მხოლოდ ფრაგმენტულად იჩენს თავს - ძირითადად ქვეტექსტებში, მოზომილად. რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას ისინი ძირითადად ყოფილ და მოქმედ „ჩინოვნიკებს“ აბრალებენ - აწ უკვე ყოფილ „პრეზიდენტს“ ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას. სისტემის „უსარგებლო თანამდებობის პირებისგან“ გაწმენდა შეკრებილებმა 12 მარტის შეხვედრაზეც მოითხოვეს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG