Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჩამოგდებული აბრა „რუსული სახლის“ თავზე - ბაქო მოსკოვის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ?

ჩამოგდებული აბრა „რუსული სახლის“ თავზე - ბაქო მოსკოვის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ?


ასე გამოიყურებოდა სულ ცოტა ხნის წინ "რუსკი დომი" (Русский дом) ბაქოში
ასე გამოიყურებოდა სულ ცოტა ხნის წინ "რუსკი დომი" (Русский дом) ბაქოში

11 თებერვალს ბაქოში რუსული წარწერა ჩამოხსნეს „რუსკი დომის“, რუსეთის საინფორმაციო და კულტურული ცენტრის შენობას, რომლის დახურვაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს გამოაცხადა.

ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა - „რუსკი დომი“ - არ იყო „რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი და ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა“.

მაგრამ ამ პრობლემას აქვს სხვა მიზეზიც. როგორც გამოცემა „რეპორტი“ წერს, აზერბაიჯანი „აგრძელებს თანმიმდევრულ კურსს თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად და ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არ აპირებს შეეგუოს მის შიდა საქმეებში გარე ჩარევას“.

"როსსოტრუდნიჩესტვო" ევროპაში

ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“ არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სამთავრობო სააგენტო, რომლის პასუხისმგებლობა მოიცავს საზღვარგარეთ თანამემამულეებთან ურთიერთობას, „რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერებას მსოფლიოში“ და „თანამედროვე რუსეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში“ ხელშეწყობას.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელია კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო დაზვერვის დირექტორის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი.

ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო დაზვერვის დირექტორის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი.
ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო დაზვერვის დირექტორის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი.

თავად სააგენტო ევროკავშირის სანქციების სიაშია 2022 წლის ივლისიდან, მაგრამ „რუსკი დომები“ (ადრე ცნობილი როგორც რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები) აგრძელებენ მუშაობას ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

გასული წლის ივნისში ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა „რუსკი დომის“ ერთგვარი სუროგატი, ორგანიზაცია „პრავფონდი“, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს როგორც რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი არაკომერციული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.

„პრავფონდის“ შიდა დოკუმენტების თანახმად, ამ ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებში თავისი ოპერაციების ხელმძღვანელებად დანიშნა რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები.

„პრავფონდს“ ასეულობით ათასი ევრო აქვს დახარჯული ვებსაიტებისთვის, რომელთა მიზნად გამოცხადებულია ევროპაში „რუსული ენის დაცვა“ და „რუსოფობიასთან“ ბრძოლა. ფონდი აფინანსებდა ინტერნეტპორტალ golos.eu-საც, რომელიც, ძირითადად, უკრაინის ხელისუფლების კრიტიკითაა დაკავებული.

და საქართველოში

საქართველოში 2004 წლიდან არის რეგისტრირებული „რუს ახალგაზრდათა კავშირი“, რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევი, ამავე დროს, „რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს“ აღმასრულებელი მდივანი და „საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელია“.

„სამართლებრივი დაცვის ცენტრს“ „საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი“ აფინანსებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები კი არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.

„საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი“ რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად არიან „რუსული სამყაროს“ პარტნიორები საქართველოში და არიან პირდაპირი გამტარებლები რუსული რბილი ძალის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა სანდრო გიგაურმა.

"აზერბაიჯანი ცდილობს გაერკვეს საზოგადოების შიგნით არსებულ პრორუსულ კონტექსტში"

ასეთივე რუსეთის „რბილ ძალას“ წარმოადგენს აზერბაიჯანში „რუსკი დომი“, რომელიც 1997 წლიდან მოქმედებდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, არ იყო დარეგისტრირებული როგორც ადგილობრივი იურიდიული პირი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს 3 თებერვალს შეატყობინა, რომ წყვეტს სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მუშაობას ქვეყანაში და ხურავს ამ უწყების წარმომადგენლობას, საინფორმაციო-კულტურულ ცენტრ „რუსკი დომს“. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევა.

მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მანამდე, წლები არ გაუმახვილებია ყურადღება ამ იურიდიულ შეუსაბამობაზე.

„"რუსული სახლი" ეს იყო ერთგვარი სიმბოლო რუსეთის ყოფნისა ამ ტერიტორიებზე, USAID-ის ერთგვარი ანალოგი, მაგრამ ბევრად ნაკლები გაქანებითა და ბიუჯეტით. იქ ეწყობოდა რუსული ენის შემსწავლელი კურსები, კონცერტები, ანუ იყო რუსეთისადმი სიმპათიურად განწყობილი ადამიანების შეკრების ადგილი არა მხოლოდ რუსეთისადმი მეგობრულ, არამედ ნაკლებად მეგობრულად გაწყობილ ქვეყნებში. აზერბაიჯანი, ამ თვალსაზრისით, ცოტა რთული ქვეყანაა. ანტირუსული აქცენტი ელიტაში იქ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც სხვა საკმაოდ კონსერვატიული ყაიდის ქვეყნებში, აზერბაიჯანშიც არსებობდა პრორუსული განწყობები საზოგადოების შიგნით, რომელსაც ხელისუფლება აქტიურად არ ებრძოდა. ამიტომ, როგორც მე ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, აზერბაიჯანის შიგნით ცოტათი გაერკვნენ ამ პრორუსულ კონტექსტში და აჩვენონ, რომ ამას აღარ მიესალმებიან. ამიტომ სიმბოლურია ჩამოგდებული აბრა "რუსული სახლის" თავზე. მაგრამ ამ მთელი სიმბოლურობის მიუხედავად, ეს ბრძოლა მოსკოვისათვის საკმაოდ მატერიალურია“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.

რუსეთი საკმაოდ გააღიზიანა არა მხოლოდ „რუსკი დომის“ დახურვის გადაწყვეტილებამ, არამედ ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტელეარხ Baku.tv-ზე გასულმა რეპორტაჟმაც აზერბაიჯანში „რუსკი დომის“ მუშაობის შესახებ. მასში ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს, ფაქტობრივად, ბრალი დასდეს არამეგობრულ და ჯაშუშურ მოქმედებებშიც კი.

ევგენი პრიმაკოვმა ასეთ ბრალდებას „უაზრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ აპირებს სარჩელის შეტანას ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით.

პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს „ზედმეტ ემოციურობას“, რაც 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში გამოიწვია.

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს თავზე 25 დეკემბერს განიცადა კატასტროფა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ კატასტროფასთან რუსეთის კავშირზე ლაპარაკობდა - კერძოდ, აღნიშნავდა, რომ იმ მომენტში, როცა თვითმფრინავი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცდილობდა დაფრენას, იქ რუსეთის საჰაერო დაცვის სისტემები იყო ამოქმედებული. ალიევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან არ იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა.

კრემლმა მაშინ ბოდიში მოიხადა, მაგრამ „რუსკი დომის“ დახურვაზე რუსეთი იქით ითხოვს ბაქოსგან განმარტებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რახმან მუსტაფაევი და „გაოცება“ გამოხატეს აზერბაიჯანის ამ გადაწყვეტილების გამო.

„რუსკი დომის“ დახურვა აზერბაიჯანში კიდევ უფრო რთული მისაღები აღმოჩნდა ნაციონალისტურად განწყობილი რუსი პოლიტიკოსებისთვის. მათ შორის არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი, რომელიც აზერბაიჯანული დიასპორის ლიკვიდაციისკენ, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის და ქონების ჩამორთმევისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისა და რუსეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების დეპორტაციისკენ მოწოდებებით გამოვიდა.

  • ბაქომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ნიკოლაი ვალუევი, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი სახელი დაუმატა იმ პირთა სიას, რომლებსაც აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვთ.
  • სიაში უკვე შეყვანილია ვალუევის ორი კოლეგა სახელმწიფო სათათბიროდან: კონსტანტინ ზატულინი და ვიტალი მილონოვი. ყველა მათგანი რუსეთის მმართველ პარტიას, „ედინაია როსიას“ წარმოადგენს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG