Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყაროები: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვა იყო


შედარებით დიდი ზომის დაზიანება AZAL-ის თვითმფრინავზე, რომლის ბოლოზე ათეულობით მსგავსი ხვრელი მოჩანს. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყო.
შედარებით დიდი ზომის დაზიანება AZAL-ის თვითმფრინავზე, რომლის ბოლოზე ათეულობით მსგავსი ხვრელი მოჩანს. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყო.

AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან, ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად, წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ მედიასაშუალებები ბაქოში.

სააგენტო Reuters-ის ეყრდნობა ოთხ წყაროს, რომლებიც დაკავშირებული არიან გამოძიებასთან.

ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩა - 29. სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer-ი, რომელიც ბაქოდან გაფრინდა, მას მერე ჩამოვარდა, რაც დანიშნულების აეროპორტში, გროზნოში, დაჯდომა ვერ მოახერხა და კასპიის ზღვის გადაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტისკენ აიღო გეზი.

რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვა ბოლო თვეებში არაერთხელ გააქტიურდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ჩეჩნეთში, რათა მოეგერიებინა უკრაინის დრონების თავდასხმა.

Reuters-ის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას არ აუხსნია, რატომ დასჭირდა თვითმფრინავს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ასეულობით კილომეტრი გაევლო კასპიის ზღვის გაღმა აქთაუსკენ. იმ ადგილიდან, სადაც თვითმფრინავმა გეზის შეცვალა დაიწყო, აქთაუზე ბევრად მცირე მანძილზე რუსეთის რამდენიმე აეროპორტია.

თავიდან გროზნოს აეროპორტის სამსახურებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ჯერ მაჰაჩყალისკენ, შემდეგ კი აქთაუს მიმართულებით წარმართეს. "როსავიაციის" თავდაპირველი ვერსიით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი შეიძლებოდა შესჯახებოდა ფრინველების გუნდსაც და მფრინავმა გადაწყვიტა, სათადარიგო აეროპორტისკენ, ამ შემთხვევაში აქთაუსკენ, გაფრენილიყო.

Euronews-ი 26 დეკემბერს აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ დაადასტურეს კატასტროფის ის ვერსია, რომელიც უკავშირდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის "ხმელეთი-ჰაერის" ტიპის რაკეტის გაშვებას.

ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ჩანს თვითმფრინავის ბოლო, რომელსაც აქვს სხვადასხვა ზომის ასეულობით ხვრელი, რომლებიც, სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევებითაა გაჩენილი. ამის გამო გამოითქვა ვერსია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ანტისაჰაერო ძალებმა დააზიანეს.

კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წარმომადგენლებმა დაიწყეს. იუწყებიან, რომ კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია პილოტების კაბინის ჩანაწერი.

ბორტზე მყოფებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის 42, რუსეთის - 16, ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG