მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვის საფრთხე დაინახა. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, გიორგი ჩხაიძე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა.
„როდესაც საუბარია უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, ეს სასჯელისგან თავის არიდების სერიოზული მაპროვოცირებელია. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას უცვლელად ვტოვებ“, - თქვა მოსამართლემ.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებიც შეაფასა, ყველა დასაშვებად ცნო, თუმცა საქმეს დაურთო, როგორც „სადავო“ მტკიცებულება.
რატომ „სადავო“?
26 წლის ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, გიორგი ჩხაიძე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ საქმე „შეკერილია“, ანტონ ჩეჩინს „ნარკოტიკი ჩაუდეს“ და მისი დაკავების მთავარი მოტივი „პოლიტიკური შურისძიებაა“, რადგან ანტონ ჩეჩინი რუსეთშიც პოლიტიკური დევნილი იყო - ჯერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნავალნის მხარდაჭერის გამო, შემდეგ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო კამპანიაში მონაწილეობისთვის; საქართველოში წამოსვლის შემდეგ კი, ქართველების მიერ ორგანიზებული პროევროპული და ანტირუსული დემონსტრაციების მხარდამჭერია.
ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, ანტონ ჩეჩინი პროცედურული დარღვევებით დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს.
ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს (სულ ოთხი) ერთი პრობლემა აქვს - ადვოკატების თქმით, ჩხრეკა ყველა შემთხვევაში ნეიტრალური მოწმის გარეშე ჩატარდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, ჩხრეკის პროცესი არ გადაუღია პოლიციას, ანუ არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რაც საპროცესო კოდექსით, ნეიტრალური მოწმის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულოა.
საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ როდესაც პირს ჩხრეკენ და მისგან ხდება ნივთის ამოღება, ამ ჩხრეკის პროცესს ან უნდა ესწრებოდეს სხვა ნეიტრალური პირი გარდა პოლიციელებისა, ან პოლიციელებმა ვიდეო უნდა გადაიღონ და ამ გზით ჩხრეკის კანონიერებაზე ობიექტური მტკიცებულებები შექმნან.
პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინის საქმეში ნეიტრალური მოწმე თარჯიმანია, რომელიც ბრალდებულთან კომუნიკაციის დასამყარებლად პოლიციას თან ახლდა. ჩეჩინმა ქართული არ იცის. ბრალდებულის ადვოკატმა თარჯიმნის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მოითხოვა მისი გამოკითხვის ოქმისა და ასევე ჩხრეკის ოქმის ბათილად ცნობა.
ამისთვის მან რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, მათ შორის თქვა, რომ:
- საქმის გამომძიებლის, ზურაბ რუსიშვილისა და თარჯიმნის, შორენა ტაბატაძის ჩვენებები იდენტურია - copy-paste-თაა გადატანილი;
- თარჯიმანი არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მოწმე, რადგან პროცესის მონაწილეა;
- ნეიტრალური მოწმე - თარჯიმანი, შორენა ტაბატაძე წარმოადგენს კომპანიას შპს „ინტელექტმარკეტი“, რომელიც 2017 წლიდან უწევს შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას, იგებს ამ შინაარსის ტენდერებს და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი აქვს აღებული, რაც ადვოკატს მის ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაზე კითხვების დასმის საფუძველს აძლევს.
„ერთდროულად, თარჯიმნისა და მოწმის, შორენა ტაბატაძის გამოკითხვის ოქმის ინფორმაციული ნაწილი სულ 40 ხაზისგან შედგება, საიდანაც 26 ხაზი არის სრულად იდენტური ზურა რუსიშვილის გამოკითხვის ოქმისა. ანუ თარჯიმნის მიერ გაცემული ინფორმაციის 65% გამომძიებლის ჩვენების იდენტურია ან პირიქით.
განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ ზურაბ რუსიშვილის გამოკითხვის ოქმში ფრაზა იყვნენ შეცვლილია „იყავით“ და ამოღებულია ფრაზა „პოლიციის თანამშრომლების“.
ტექნიკური და გრამატიკული შეცდომებიც კი იდენტურია. გამოყენებულია „Copy-Paste“. გამოკითხვის ორივე ოქმში მეორდება და დაშვებულია შემდეგი სახის კორექტურული შეცდომები: „მოტვივით - „მოტივით“ ნაცვლად, „მოღებული“ - „ამოღებულის“ ნაცვლად.
შეუძლებელია, ერთი მხრივ, იურისტმა და, მეორე მხრივ, თარჯიმანმა ერთი და იგივე სიტყვებით მოჰყვეს მომხდარი და აზრის ფორმირება იყოს ერთნაირი. ჩნდება ეჭვი, რომ ისინი არ დაკითხულან. ან შესაძლებელია, ვინც ჩაატარა, უბრალოდ დაეზარა, უთხრა, რომ მოდი გადავაკოპირებ და ხელი მომიწერე“, - თქვა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, გიორგი ჩხაიძემ.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა გამოკითხვისა და ჩხრეკის ოქმების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ისინი საქმეს სადავო მტკიცებულებად დაურთო და მხარეებს განუმარტა, რომ ჩვენებებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებული საკითხები არსებით განხილვაზე უნდა შეაფასონ.
რატომ ვერ მოიძია პოლიციამ ისეთი ნეიტრალური მოწმე, რომელიც არც ჩხრეკის პროცესის მონაწილე იქნებოდა და არც მის ობიექტურობაზე დასვამდნენ კითხვებს? - ამის მიზეზი, საქმის პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა გახდა:
ნუგზარ ჭიტაძე, პროკურორი: საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა მანქანაში, რადგან მან გასწია წინააღმდეგობა. ნეიტრალურ მოქალაქეს კი აქვს უფლება, თქვას უარი დასწრებაზე.
რ.თ: რამდენს შესთავაზეთ ადგილზე და რამდენმა გითხრათ უარი?
პროკურორი: მოხდა წინააღმდეგობის გაწევა და მოხდა მისი ჩაჯენა ავტომობილში.
რ.თ: ვფიქრობ, ეს სხვა კითხვაზე პასუხია, მე გეკითხებით, ადგილზე რამდენს შესთავაზეთ ნეიტრალურ მოწმედ დადგომა?
პროკურორი: როცა სამი პოლიციის თანამშრომელია და არსებობს ნარკოტიკული საშუალებების განადგურების საფრთხე, როცა ხელს კიდებს ბრალდებულს, ვერ მიატოვებს გამომძიებელი და ვერ წავა ადამიანის მოსაძებნად.
რ.თ. ბრალდებული ორ პოლიციელს ჰყავდა დაკავებული, მესამეს არ შეეძლო მოეძებნა?
პროკურორი: მესამე ოქმს ავსებდა.
რ.თ: ზოგადად როგორია ნეიტრალური მოწმის მოძიების პრაქტიკა?
პროკურორი: მაგალითად, საცხოვრებელ სახლში როცა შედიხარ და მეგობარია იქ, დაასწრებ, გარეთ მოგიყევით, როგორც ხდება, ჯერ ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე ხდება ვიდეოგადაღება, თუ პოლიციელი ვერ იღებს, ისწრებს ნეიტრალურ მოწმეს.
რ.თ. ქართულენოვანი რომ ყოფილიყო, ანუ თარჯიმანი არ დაგჭირვებოდათ, მაშინ რას აპირებდით? თქვენი თქმით, ვერც გადაღებას ახერხებთ და ნეიტრალური მოწმის მოსაძებნადაც ვერ გაიქცევა გამომძიებელი...
პროკურორი: ამ შემთხვევაში დნმ-ის ექსპერტიზა არსებობს, რაც დანიშნულია და პასუხი მალე იქნება.
ბრალდების მხარისთვის არც თარჯიმნისა და გამომძიებლის გამოკითხვის იდენტური ოქმებია უჩვეულო:
„ტექნიკურ შეცდომაზე დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, მოწმეებს დაუსვას კითხვები არსებითი განხილვისას. გამოკითხვა სხვადასხვა დროს ერთმა და იმავე გამომძიებელმა წარმართა და ლოგიკურია, რომ რაღაცები მეორდება“, - თქვა პროკურორმა.
ანტონ ჩეჩინი სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ის საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.
„მან საკუთარ თავზე გამოცადა რუსული რეჟიმის შედეგები. ჩართული იყო, როგორც თვითონ მითხრა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის საქმიანობაში, ნავალნიც ახსენა, მისი მხარდამჭერი იყო“, - ამბობს მისი ქართველი ცოლი, მანანა სამხარაძე.
ანტონ ჩეჩინი რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, რის შემდეგაც რამდენიმე სხვა დემონსტრანტთან ერთად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ანტონ ჩეჩინმა ქართველი ცოლი მოიყვანა და რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე იდგა. ერთ დღეს ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა.
„ანტონ ჩეჩინი უკანონოდ დააკავეს 18 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც, თუმცა რაიმე სამართლებრივი გაგრძელება აღნიშნულს არ მოჰყოლია. დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მუქარას, რათა შეეწყვიტა ანტონს დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება“, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული წარსულში ნასამართლევი არ არის, მან სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მოუწოდა, დაიცვას მისი ჯანმრთელობის უფლება საპატიმროში ყოფნის დროს. ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს.
„მე მაქვს საბუთი, რომ ვარ პოლიტიკური დევნილი რუსეთიდან. როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციას აბრალებდნენ, რომ ის ერეოდა საქართველოს შიდა საქმიანობაში.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მოქალაქეების გარდა საქართველოს მოქალაქეებიც დააკავეს ნარკოდანაშაულის გამო, მაქვს ეჭვი, რომ ეს ქმედება მოჰყვა პროტესტში ჩვენს მონაწილეობას. თქვენთვის (მოსამართლე დავით მგელიაშვილი - რ.თ.) ეს საქმეები ცნობილი უნდა იყოს, რადგან იმ საქმეებსაც თქვენ იხილავთ.
მე ორივე მხარის გარემოებებს ვიღებ, დაცვის და ბრალდების. მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება ჩემი საკითხი, ვშუამდგომლობ იმაზე, რომ ვინიცობაა არ გამიშვან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი“, - თქვა დაკავებულმა სასამართლო პროცესზე.
მისი საქმის არსებითი განხილვები 7 თებერვლიდან დაიწყება.
2024 წლის 28 ნოემბრიდან - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ოთხი დემონსტრანტი დააკავეს: გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, ანტონ ჩეჩინი და თედო აბრამოვი, ოთხივე მათგანი ჩხრეკისა და დაკავების დეტალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა იდენტურად ჰყვება.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
- მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
- ვეფხია კასრაძე
- ვალერი კაძელაშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი
- თორნიკე გოშაძე
- ირაკლი მიმინოშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
- გიორგი გორგაძე
- ინსაფ ალიევი
- ანდრო ჭიჭინაძე
- ონისე ცხადაძე
- გურამ მირცხულავა
- ლუკა ჯაბუა
- ჯანო არჩაია
- რუსლან სივაკოვი
- რევაზ კიკნაძე
- გიორგი ტერაშვილი
- ვალერი თეთრაშვილი
- სერგეი კუხარჩუკი
- ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
- ანზორ (ანრი) კვარაცხელია
- გიორგი მინდაძე
- დავით ლომიძე
- თემურ ზასოხაშვილი
- საბა ჯიქია
- საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
- გურამ ხუტაშვილი
- დანიელ მუმლაძე
- არჩილ მუსელიანცი
- ლაშა ჩხაიძე
- მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
- დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
- გიორგი ახობაძე
- ნიკოლოზ კაცია
- ანტონ ჩეჩინი
- თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
- მამუკა ჯორბენაძე
- გურამ მიქელაძე
- დავით გვიანიძე
- გიორგი დავითაძე
- ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
- ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
- მათე დევიძე
- ანატოლი გიგაური
ფორუმი