Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში


ფოტოილუსტრაცია: ირაკლი ფიფია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ანთროპოლოგიაში
ფოტოილუსტრაცია: ირაკლი ფიფია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ანთროპოლოგიაში

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპული აქციების კვალდაკვალ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, რომელთაგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა, მათი დიდი ნაწილი ჰყვება, როგორ იძალადეს და აწამეს სპეცრაზმელებმა აქციაზე დაკავებისას.

საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია 2 დეკემბრის ღამეს დაახლოებით 11 საათისთვის დააკავეს რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტის“ წინ

ირაკლი საპროტესტო აქციებზე ყოველდღე დადიოდა და ჯიუტად დგებოდა პოლიციის კორდონის პირისპირ. პოლიციელებს არ ელაპრაკებოდა დარბევებისას კი სხვებთან ერთად იხევდა და შემდეგ ისევ ბრუნდებოდა.

2 დეკემბერს მან ჯერ ლექციები ჩაუტარა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც ანთროპოლოგიის კურსს უკითხავს, შემდეგ ილიას უნივერსიტეტიდან მასწავლებელთა და ლექტორთა მარშს შეუერთდა და საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე მივიდა.

ამ დღეს პარლამენტთან უფრო მეტი ხალხი იყო შეკრებილი ვიდრე წინა დღეებში და პოლიციამაც უფრო ადრე დაიწყო დემონსტრანტების დაშლა - 10 საათიდან ეტაპობრივად წმენდდნენ ტერიტორიას პარლამენტის წინ და აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედნისკენ ავიწროვებდნენ.

იმ დროს, როცა „რობოკოპების“ კორდონი გაიხსნა და მათ წინ ნიღბიანთა რაზმი ჩადგა, ირაკლი „თბილისი მარიოტის“ წინ, ჭანტურიას ქუჩის ამოსასვლელთან იდგა.

„ნიღბიანები რომ წამოვიდნენ, ჩემს გარიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ამ დროს ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ შეიძლება ასეთი არაადამიანური იყოს რეჟიმი. ხომ მხედავდნენ, რომ მათ წინ ვიდექი და არაფერს ვაშავებდი. ბოლო წამამდე იქ ვიდექი, ვაჩვენებდი, რომ აქ ვდგავარ, მაგრამ არც გიყვირით, არც შეურაცხყოფას გაყენებთ, არც გემალებით; არც შემიძლია ქვების სროლა და გინება - მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ უნდა ვიდგე, იქ ყოფნაა ჩემგან სწორი საქციელი.

ნიღბიანებმა ხელი მტაცეს, ფაროსანების ბარიკადები გაიხსნა და მყისიერად შიგნით შემათრიეს. იქ უკვე დაიწყო ცემა, შეურაცხყოფა, გინება - პირველი რაც იყო, მკითხეს, აქ რა გინდა, კიდევ მოხვალ თუ არაო და მირტყამდნენ.

მერე გამჩხრიკეს, დაახლოებით 5 მეტრში კორდონიდან - ჯიბეებიდან მობილური და სხვა ნივთები ამომაცალეს და ჩაიწყვეს ჯიბეებში გახარებულებმა, რა კარგი ტელეფონიაო. ფარანი მედო, ესეც ჩემი ჯიბიდან თავის ჯიბეში გადაიდო. ეს არ იყო ჩხრეკა, ეს იყო ძარცვა, მან იცოდა, რომ ამ ნივთებს, რასაც დაკავებულებს ართმევდა, აღარავინ დააბრუნებინებდა უკან.

დაახლოებით ის შეგრძნება მქონდა, 2008 წელს რუსის ჯარისკაცებს რომ ნახმარი უნიტაზები მიჰქონდათ. არ მესმის, ეს ნადავლის გროვება რა სიამოვნებას ანიჭებდათ; მას შემდეგ, რაც ზურგჩანთაც მომხსნეს, სადაც მედო პლანშეტი, ბლოკნოტი და სხვა პირადი ნივთები, მარშუტკაში შემაგდეს, რომელიც უკვე გავსებული იყო, დაახლოებით 9 ადამიანი დამხვდა იქ.

ამ მარშუტკაში როტაციის პრინციპით შემოდიოდნენ ნიღბიანები, რომ ვეცემეთ. პარალელურად ეს მცემელი ხალხი ფოტოებს გვიღებდნენ და, როგორც ჩანს, რაღაც საერთო ჩატში აგდებდნენ - ალბათ მათი ნაცემები მათ სახელთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული, პრემიისთვის ალბათ, რომ დაითვალონ - ვის რამდენი ეკუთვნის. სახელებს გვეკითხებოდნენ ფოტოს გადაღების მერე და მერე რაღაცას კრეფდნენ, ალბათ იმისთვის, ვისაც უგზავნიდნენ. ამ მანქანაში ერთი ბიჭი იყო, რომლის ხელიც გააკავეს და მუხლზე ცდილობდნენ მის გადატეხვას“, - ასე იხსენებს ირაკლი დაკავების პირველ წუთებს. მასთან ერთად პოლიციის ფურგონში აღმოჩნდა ნოდარ აროშინაძე, რომელსაც ცემისას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ხის ჯვარი ჩამოგლიჯა გულიდან.

ჯვრის ამბავი უმოწყალოდ ცემისას ირაკლის იმიტომ დაამახსოვრდა, რომ თავადაც მორწმუნეა და როცა ნაცემს სუნთქვა უჭირდა და კონტროლს კარგავდა, ლოცვა დაიწყო და სრულიად მოულოდნელად, ამის გამოც დამატებით მოხვდა.

„მიკროავტობუსებში იყო გამეტებით ცემა - ამ ცემისას დამეწყო სპაზმი, ფერდში ისე ჩამარტყეს, ვეღარ ჩავისუნთქე. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ცუდად ვიყავი, ერთ-ერთმა ცოტა ხნით დაკეტილი კარი გააღო, მიდი, ჰა, ისუნთქეო და რომ ამოვისუნთქე, როგორ ხარ, კარგად ხარო და რომ შევხედე იმის სათქმელად, კარგად ვიყავი, კიდევ ჩამარტყა.

ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და დავიწყე ლოცვა საკუთარი სიმშვიდისთვის. შემდეგი რაზმი რომ შემოვიდა საცემად, ვერ მიხვდნენ რას ვაკეთებდი, დამაკვირდა და ორმაგად დამიწყო ცემა, აბა, ნახე, თუ გიშველის ეგ ლოცვაო“, -
გვიყვება ირაკლი და ვარაუდობს, რომ ამ „დაკავების მანქანაში“ მისი ყოფნა, სავარაუდოდ, 10 წუთს მაინც გაგრძელდა, რა დროსაც როტაციის პრინციპით 5 პარტია ნიღბიანი ადამიანები ავიდნენ მათ საცემად. ზოგი ნიღბიანი აქაც ჩხრეკდა აქციაზე დაკავებულებს და როცა ჯიბეებსა და ჩანთებში ვერაფერს პოულობდა, ჩხუბობდა. ერთ კაცს მანქანის გასაღები ჰქონდა მარტო და ისიც წაართვესო, იხსენებს ირაკლი.

„დაკავების მანქანის“ შემდეგ მისი ისტორია მეორე ასეთსავე ავტომობილში გრძელდება, რომელმაც ის და სხვა ერთი დაკავებული, 20 წლამდე ახალგაზრდა, პოლიციის იზოლატორში გადაიყვანა.

„აქ უკვე ხელები შეგვიკრეს და თავიდან დაგვიწყეს ცემა, ისევ ცუდად გავხდი, წყალი ვითხოვე, მომცეს ბოთლი, მარა რო ნახეს, რომ კარგად ვერ ვსვამდი, ნახევარი სახეზე მომასხეს და რაც დარჩათ, ის წყლიანი ბოთლი მერე თავში გვირტყეს“, - იხსენებს ირაკლი და გვიხსნის, რომ ეს არ არის გაბრაზებული ადამიანის ქცევა, რომელმაც შეიძლება ემოციები ვერ მართოს. მისი შეფასებით, რაც მან და სხვა დაკავებულებმა გაიარეს, ეს იყო მიზანმიმართულად არაადამიანური მოპყრობა.

„წინა დღეებშიც იქ ვიდექი, ვხედავდი კიდეც დარბევებს, ვუყურებდი როგორ არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში მაინც გაქვს იმედი, რომ შენ ხომ კარგი მოქალაქე ხარ, შენ რატომ უნდა მოგექცენ ასე, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ ამ სისტემისთვის ჩვეულებრივი მოსანელებელი ნივთი ხარ და ეს შიგნიდან განგრევს. რეალურად შეიძლება ერთ დღესაც ვიღაცას არ მოეწონო და აღარ იყო.

როცა მცემდნენ, სიკვდილის შიშის დრო არ მქონია, ვფიქრობდი მხოლოდ იმას, რომ სუნთქვა არ უნდა შემეწყვიტა, რაიმენაირად უნდა გადავრჩენილიყავი - იმდენად სწრაფად იცვლებოდა იმ ხალხის როტაცია, ვინც გვცემდა, რომ პირველი ტკივილები არ გვქონდა მონელებული, იმაზე ვიწყებდით ფიქრს, აბა, ახლა ესენი რას იზამენ, ვინც ახლა ამოვიდა.

ლოცვაც იმიტომ დავიწყე, რომ მივხვდი, რომ ჩემი თავი არ უნდა დამეკარგა. რამდენიმე იყო ჩემთან ერთად, ვინც ვერ გაუძლო ასეთ შეურაცხყოფას, შეეპასუხა ან შეაგინა და ეს სიტუაციას არც ამძიმებს, არც ამსუბუქებს, მათთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა შემთხვევაში გცემენ. ისე გექცევიან, თითქოს ნივთი ხარ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაანადგურო, ეს იყო სისხლის წყურვილი“, - გვიყვება ირაკლი. მისი ისტორია დაკავებიდან მესამე დღეს ჩავწერეთ, როცა კლინიკაში გატარებული 48 საათის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ამ დროს ჯერ კიდევ უჭირდა ღრმად სუნთქვა და დიდხანს ლაპარაკი. რამდენიმე წუთის აღდგენილი ჰქონდა ნომერი, რომელიც სახლში ნაპოვნ ძველ ტელეფონში ჩადო, რადგან იმ ნივთების დაბრუნების შანსი, რომელიც დაკავებისას წაართვეს, მათ შორის ტელეფონისაც, თითქმის არ არსებობს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG