Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს „რუსკი მირის“ პროპაგანდა საქართველოსა და სომხეთში


საპროტესტო აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან. 2024 წლის 16 თებერვალი.
საპროტესტო აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან. 2024 წლის 16 თებერვალი.

სომეხი პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი თანაავტორია 2024 წელს გამოცემული მონოგრაფიისა „რუსული პროპაგანდის იდეოლოგიური ნარატივები და მათი გამოძახილები საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც ეძღვნება იმას, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა კავკასიის ორ ქვეყანაში.

„კრემლი დღეს ავრცელებს დახვეწილ, ე.წ. ტრადიციული ღირებულებების იდეოლოგიას, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური ხასიათი, - მიიჩნევს ედგარ ვარდანიანი, - ამ იდეოლოგიამ ჩაანაცვლა მარქსიზმ-ლენინიზმი. რუსეთი თავს ამ ახალი იდეოლოგიის მსოფლიო ლიდერად მიიჩნევს და თავის გავლენის სფეროში მოქცეულ ქვეყნებს კონსერვატიული ღირებულებების შენარჩუნებას ჰპირდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად რუსი პროპაგანდისტები ერთგულად მისდევენ თავიანთ იდეოლოგიას“.

ედგარ ვარდანიანის თქმით, რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს სომხეთსა და საქართველოში. თუმცა სომხეთში მას ბევრად მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე საქართველოში:

„ეს გასაგებიცაა. ქართული საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი რუსეთისადმი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი; საქართველოში შეზღუდულია რუსული ტელევიზიების მაუწყებლობა; არ არსებობს რუსული მედია; არ ხდება რუსული ნარატივების პირდაპირი გატარება, მაგალითად, უნივერსიტეტებში; საქართველოში ამ ნარატივების გატარება ძირითადად ირიბად ხდება, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც საზოგადოებისა და მედიის მარგინალური ნაწილებია. კვლევის ჩატარებისას შევისწავლეთ „ალტ-ინფოზე“ ანუ ქართულ მემარჯვენე კონსერვატიულ მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნებული კონტენტი. რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, ის ავრცელებს ნარატივებს, რომლებზეც დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ კრემლის ნაკარნახევია, მაგრამ ისინი ლექსიკის დონეზეც კი ემთხვევა კრემლის ნარატივს. პირველი ეხება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვას, რომლებიც გაგებულია, როგორც სოციალურ-კონსერვატიული ფასეულობები: ოჯახში, ისევე როგორც საზოგადოებაში, უნდა იყოს მკაცრი იერარქია; უხუცესები, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი, პატივი უნდა სცენ მათ, მამაკაცი უპირობოდ უფროსი უნდა იყოს; ლგბტ თემი უნდა განიდევნოს, ოჯახი - მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰყავდეთ შვილები. მეორე ნარატივი: დასავლეთი ამორალურია, ლიბერალური დემოკრატია, გლობალიზმი, ტოლერანტობა - ბოროტებაა. თითქოს, დასავლეთს სურს გაანადგუროს ისეთი ქვეყნების ეროვნული იდენტობა, როგორიც საქართველოა, გაანადგუროს ტრადიციული ოჯახები, როგორც ქართული საზოგადოების საფუძველი.

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ სახელმწიფოს მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კრემლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. პროპაგანდისტები ამას ითვალისწინებენ. გარდა იმ ნარატივების გავრცელებისა, რაც უკვე აღვნიშნე, მათი მიზანია შიშის დათესვა: თუ საქართველო ლიბერალურ სამყაროსთან, დასავლეთთან სრულ დაახლოებაზე წავა, მაშინ მის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება. პროპაგანდის დახმარებით რუსეთი ირიბად ემუქრება ქართულ საზოგადოებას, ცუდად წაგივათ საქმე, თუ ამ გზას გაუყვებით. „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო კამპანია რუსული პროპაგანდის სწორედ ამ ელემენტს შეიცავდა“.

ედგარ ვარდანიანი, პოლიტოლოგი
ედგარ ვარდანიანი, პოლიტოლოგი

- გამოდის, რომ ნარატივები არა იმდენად პრორუსული, რამდენადაც ანტიდასავლურია?

- დიახ. რუსული პროპაგანდა დღეს ქმნის არა იმდენად რუსეთის პოზიტიურ სახეს, რამდენადაც დასავლეთის ნეგატიურ იმიჯს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, იქ პრორუსი პროპაგანდისტები შემდეგ ნარატივს ავრცელებენ: „რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი მეგობარი არაა, მაგრამ რუსეთმა თუ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო, დასავლეთს ჩვენი სულის ოკუპაცია უნდა. რუსეთის პოლიტიკური და სასულიერო ელიტა, ისევე როგორც ჩვენ, ტრადიციული ფასეულობების მომხრეა, თუ დასავლეთთან სრულ დაახლოებაზე წავალთ, იდენტობას, ქართველობას დავკარგავთ. რუსეთთან დარჩენით შეიძლება დამოუკიდებელნი არ ვიყოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ გადავრჩებით როგორც ეთნიკური ჯგუფი“. შერბილებული სახით ამის პროპაგანდას ეწევა „ქართული ოცნება“ და, გარკვეულწილად, წარმატებითაც.

- რა როლი ითამაშა რუსულმა პროპაგანდამ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში?

- შესაძლოა არაპირდაპირი. ისევე როგორც ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ პარტიის გამარჯვებაში უნგრეთში და AfD-ის ძლიერ შედეგებზე გერმანიაში და ზოგადად ევროპაში მემარჯვენე პოპულისტური ძალების აღზევებაში. ვერ ვიტყვით, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩევლებმა ხმა მხოლოდ რუსული პროპაგანდის გავლენით მისცეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში რუსული პროპაგანდა მუშაობდა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემით საქართველოს მოქალაქეები რისკავენ რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტში ჩათრევით და, რომ ამ შემთხვევაში საქართველო უკრაინის ბედს გაიზიარებს, იქნება ომი და ნგრევა: „რაში გვჭირდება ეს?“ - ეკითხებოდნენ საზოგადოებას. რუსული პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ ადამიანებში „არასწორი“ არჩევანის გამო რუსეთიდან მომდინარე დასჯის შიში არ გამქრალიყო.

- საქართველოში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს სასტიკად არბევენ. „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული მშვიდობა და თანხმობა არსადაა. მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ხელს შეუწყობს პრორუსული ნარატივების პოპულარობის ზრდას თუ, პირიქით, აშკარას გახდის მათ შეუსაბამობას?

- დღეს ამ კითხვაზე მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გვექნება. სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო წინააღმდეგობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ როდესაც ხელისუფლება ზედმეტად ხისტად ახშობს მშვიდობიან პროტესტს, საზოგადოების სიმპათია მომიტინგეების მხარეს იხრება, ხელისუფლების პოზიციები კი სუსტდება. თუმცა პირიქითაც ხდება, როცა მომიტინგეები მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს და პოლიცია რჩება კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომელიც კრემლის ნარატივს ემთხვევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვლება. როგორც უკვე ვთქვი, ისინი ემთხვევა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენებს ცხოვრებაზე.

პროპაგანდა ძალისხმევას არ იშურებდა იმისათვის, რომ ადამიანებში არ გამქრალიყო რუსეთისადმი შიში, რომ „არასწორი“ არჩევანის გამო რუსეთი აუცილებლად დასჯით.

- სომხეთში რუსული პროპაგანდა სხვანაირად მუშაობს, ვიდრე საქართველოში?

- სომხეთში რადიკალური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდებს რუსეთთან დაახლოებისკენ. პრინციპში, კრემლის პროპაგანდისტებს აქ მეტი ინსტრუმენტი აქვთ, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ბევრ პრორუსულ ნარატივს უფრო ფართო გავრცელება აქვს, ხოლო სომხეთში, პირიქით, ხელისუფლება პროევროპულ პოზიციის ატარებს და მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას. სექტემბერში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სომხეთში გამოკითხვა ჩაატარა. 58% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო კატეგორიული წინააღმდეგი მხოლოდ 13%-ია. ეს ფანტასტიკური რიცხვია.

- ვის მიიჩნევთ სომხურ რადიკალურ ოპოზიციად?

- უპირველეს ყოვლისა, ორივე ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციას, რომელთა ლიდერები ხელისუფლებაში იყვნენ 2018 წლის რევოლუციამდე. ესენი არიან სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი კოალიციური ფრაქციები. ერთ ფრაქციაში დომინირებს რესპუბლიკური პარტია, რომელსაც სათავეში უდგას სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მეორე ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი კიდევ ერთი ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია, თუმცა არც ის და არც სერჟ სარგსიანი დეპუტატები არ არიან.

ასევე რუსული ორიენტაციისაა ზოგიერთი არასაპარლამენტო პარტია, მაგალითად, „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობს გაგიკ ცარუკიანი, სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი. „აყვავებული სომხეთი“ დღეს არცთუ ისე აქტიურია, საპარლამენტო პარტიის სტატუსიც არ აქვს, მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ადგილი დაიკავა. სომხეთში არიან, სხვა ძალიან მცირე პრორუსული მოძრაობებიც, რომლებისთვისაც სომხეთის მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან. მაგალითად, მოძრაობა „ძლიერი სომხეთი რუსეთთან ერთად“, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „კონსტიტუციური სამართლის კავშირის“ თავმჯდომარე ჰაიკ ბაბუხანიანი. ეს მოძრაობა მხარს უჭერს სომხეთის გაწევრიანებას რუსეთისა და ბელარუსის კავშირში.

და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ქუჩის საპროტესტო მოძრაობა „ტავუში სამშობლოსათვის“, რომელიც ამჟამად კრიზისულ მდგომარეობაშია და, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც დაახლოებით იმავეს ამბობს, რასაც „ქართული ოცნება“: რუსეთი არ არის ანგელოზი, მაგრამ დასავლური ლიბერალური ღირებულებები ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს და ჯობია, რუსეთთან ურთიერთობა არ გავაფუჭოთ. ამ მოძრაობას მხარს უჭერენ ზემოაღნიშნული ოპოზიციური ძალებიც.

რადიკალური სომხური ოპოზიციის ნაწილი ავრცელებს კონცეფციას, რომ დღევანდელ მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ მოქმედებს, რომ „ყველაფერი არც ისე ერთმნიშვნელოვანია“, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში შეუძლებელია იმის თქმა, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე.

ბაგრატ გალსტანიანი, არქიეპისკოპოსი
ბაგრატ გალსტანიანი, არქიეპისკოპოსი

- სხვა რა რუსული პროპაგანდისტული ნარატივებია სომხეთთან დაკავშირებით? როგორ ვრცელდება ისინი?

- მთავარი: დასავლეთმა სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარების, სომხური იდენტობის განადგურების, რუსეთის სომხეთიდან და მთლიანად რეგიონიდან გაძევების მიზნით. ამ მეტანარატივის ფარგლებში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიზარდა მინინარატივები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთია: რუსეთს სურდა დახმარებოდა სომხეთს ყარაბაღის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფდა სომხების ცხოვრებას და თვითმმართველობას ყარაბაღში და მოუწოდა სომხეთს გადაედო მთიანი ყარაბაღის სტატუსის დადგენის საკითხი სამომავლოდ, მაგრამ სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა. ნიკოლ ფაშინიანი გაემგზავრა პრაღაში, სადაც განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. სინამდვილეში, ეს აშკარა ფეიკია. ფაშინიანმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინადადებას მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის საკითხის გადადების შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და რუსეთს არაფერი გაუკეთებია აზერბაიჯანის პოზიციაზე ზემოქმედებისთვის.

სომხეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ხდება რუსული ტელეარხების ტრანსლირება. მათგან სამი საზოგადოებრივ მულტიპლექსშია ჩართული - „კულტურა“, „პერვი კანალი“ და „როსია პლანეტა“. უკიდურესად მკვეთრი განცხადებებისა და სიძულვილის გამო სომხეთში აკრძალულია ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების სატელევიზიო ჩვენება. ხოლო 2023 წლის დეკემბერში, ერთთვიანი აკრძალვა ჰქონდა პროპაგანდისტულ „სპუტნიკ არმენიას“ სომხეთის ხელისუფლების შეურაცხყოფისა და დამხობის ფარული მოწოდების გამო. მაგრამ მთლიანობაში პრორუსული ნარატივები გადაიცემა, თუმცა მათი გავლენა მცირეა. სომხეთში დღეს რუსულ ტელეარხებს ძალიან ცოტა ადამიანი, ძირითადად უფროსი თაობა უყურებს.

თუ სომხურ მედიარესურსებზე ვისაუბრებთ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობის თვალსაზრისით ოპოზიციური არხები გაცილებით მეტია, ვიდრე პროსახელისუფლებოები, მაგრამ სომხეთში აუდიტორიის გაშუქებითა და პოპულარობით პირველ ადგილზეა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია. OTA ნამდვილად საზოგადოებრივი მედიარესურსია, რომელიც, სულ ცოტა, არ არის კონფრონტაციაში არსებულ ხელისუფლებასთან და არ უწყობს ხელს პრორუსულ ნარატივებს.

ასევე აუცილებელია იმის თქმა, რომ, ჩემი დაკვირვებით, სომხეთში პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებს სასწავლო პროცესში ჩართული ბევრი ადამიანი. ძირითადად ესენი არიან უნივერსიტეტის მასწავლებლები, რომლებიც კითხულობენ საერთაშორისო სამართალს, ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს, რომლებიც იქ იმ დროიდან არიან, როცა სომხეთში ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა ქოჩარიანისა და სარგსიანის მმართველობისას. დღევანდელ ხელისუფლებას სასწავლო დაწესებულებებში არანაირი საკადრო წმენდა არ ჩაუტარებია. არადა, ბევრ პედაგოგს მჭიდრო კავშირი აქვს მაშინდელ ხელისუფლებასთან. ისინი აკრიტიკებენ დასავლეთს ავტორიტარული, პრორუსული პოზიციებიდან და გარკვეულწილად გავლენას ახდენენ ახალგაზრდა თაობაზე ასეთი გზავნილებით: „ნუ მოექცევით დასავლური პროპაგანდის ქვეშ. არ არსებობს არანაირი ლიბერალური ღირებულებები, მხოლოდ ეროვნული. ყველა სახელმწიფო ერთნაირად ცუდია. დემოკრატია არსად არ არის. თქვენ ხომ ჭკვიანი ადამიანები ხართ, საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტები, ეს უნდა გესმოდეთ“. ძალიან საშიშია ეს ყველაფერი.

- მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი გახდა, სომხური გვარის მქონე ყველაზე ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა რუს მაყურებელს უთხრა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო ფაშინიანი და სომხეთის ლიბერალიზაცია. რას ფიქრობენ სომხეთში სიმონიანსა და სომხური წარმოშობის სხვა რუს პროპაგანდისტებზე?

- ასეთ მაგალითს მოვიყვან. როდესაც საპროტესტო გამოსვლებმა, რომლებსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატი ედგა სათავეში, პიკს მიაღწია, ამ მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „ძვირფასო მარგარიტა სიმონიანო და სხვებო, გთხოვთ, საჯაროდ ნუ დაგვიჭერთ მხარს, ეს მხოლოდ ზიანს გვაყენებს“. ანუ სომხური ოპოზიციაც კი უარყოფითად არის განწყობილი ამ პროპაგანდისტების მიმართ. რაც უფრო მეტად ერევიან ისინი, მით უფრო ძლიერდება ანტიკრემლური განწყობები სომხეთში.

სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, რუსული პროპაგანდა ცდილობს შიშის დათესვას: თუ ლიბერალური სამყაროსკენ წახვალთ, სომხეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენთ და მერე თქვენს თავს დააბრალეთ! ეს არ უწყობს ხელს რუსეთის სიყვარულს, მაგრამ ბადებს ეჭვებს: ჩვენ გვინდა დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იქნებ ეს სახიფათოა? იქნებ ამას მოჰყვება რუსეთის თავდასხმა?

ძვირფასო მარგარიტა სიმონიანო და სხვებო. გთხოვთ, არ დაგვიჭიროთ მხარი საჯაროდ

ქუჩის რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს რუსეთში მცხოვრები რამდენიმე სომეხი მოსკოვიდან ავრცელებდა ვიდეომიმართვებს: „ჩვენ მივდივართ ერევანში, მოღალატე ფაშინიანის დასამხობად და სომხეთის გადასარჩენად“. ამ ვიდეოშეტყობინების დროს კადრში რამდენიმე ადამიანი ჩანდა, სავარაუდოდ, რუსეთის სომეხთა კავშირის წევრები. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე არა აბრაჰამიანი ასევე გამოდის ფაშინიანის წინააღმდეგ და ემხრობა რუსეთთან ალიანსს. მსგავსი შეხედულებები აქვს არშაკ კარაპეტიანს, რომელიც სომხეთის თავდაცვის მინისტრი იყო ფაშინიანის მთავრობაში, მაგრამ ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა, ცხოვრობს მოსკოვში და აქვს პრორუსული შეხედულებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნარატივი, რომელიც საერთოა რადიკალური სომხური ოპოზიციისა და რუსული პროპაგანდის უმეტესობისთვის: თუ რუსეთი დატოვებს რეგიონს, მაშინ სომხეთს მთლიანად დაიპყრობენ თურქეთი და აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში სომხეთისთვის დასავლეთი თურქეთია, რადგან თურქეთი ნატოს წევრია. გარდა ამისა, ზოგიერთი რადიკალი სომეხი ოპოზიციონერის აზრით, თურქეთს სურს აღადგინოს დიდი თურანი, რაც ნიშნავს სომხეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურებას. თუმცა თურქეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთთან და მის ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ ისინი სომხეთზე თავდასხმას გეგმავენ. თურქეთის ყოფნა ნატოში უკვე გამორიცხავს ამას. თუმცა, სომხეთში ძლიერია ასეთი ნარატივი: თურქეთისგან გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რომელიც ჩვენსავით ქრისტიანული სახელმწიფოა.

- რუსეთში აქტიურად იყენებენ მითებს იმის შესახებ, თუ რამდენად მშვენიერი იყო სსრკ-ში ცხოვრება. იყენებს თუ არა ამ მითს რუსული პროპაგანდა სომხეთსა და საქართველოში?

- ამ მხრივ რუსული პროპაგანდა უნივერსალურია. რა თქმა უნდა, ცდილობს ითამაშოს სომხური და ქართული საზოგადოებების ერთი ნაწილის ნოსტალგიურ განწყობებზე, მაგრამ პროპაგანდის ეს ხაზი არ მიმაჩნია ეფექტიანად. მას მხოლოდ ზოგიერთ ასაკოვან ადამიანზე აქვს გავლენა. მიუხედავად ყველაფრისა, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიჩვეულია საბაზრო ეკონომიკაში ცხოვრებას და არ უნდა საბჭოთა სოციალიზმში დაბრუნება. თუმცა, როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში, საჭიროა ბრძოლა კრემლის ნარატივებთან. ამაზეც ვწერთ ჩვენს კვლევაში. მეთოდები უნივერსალურია ყველა საზოგადოებისთვის: აუცილებელია სამოქალაქო ცნობიერებისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. ნათლად ახსნა, რა არის ლიბერალური დემოკრატია და რა არის მისი უპირატესობები. ასევე საჭიროა ბრძოლა hate speech-თან, სიძულვილის ენასთან, რომელიც რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილია. დემოკრატიულ ქვეყნებში სიძულვილის ენა სცილდება სიტყვის თავისუფლების ფარგლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG