უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების მცხოვრებლები ხშირად ახსენებენ „რუსულ სამყაროს“ (Русский мир), რომელმაც მათ სამშობლოში, რუსული პროპაგანდის მიერ ტირაჟირებული ძმური სიყვარულისა და რელიგიური თუ ეთნიკური ერთობის ნაცვლად, ნგრევა და სიკვდილი მოიტანა. "აი, მოვიდა "რუსული სამყარო"! „ესაა თქვენი „რუსული სამყარო“? ასეთია უკრაინელი და რუსი ხალხების ერთობა?“ - კითხულობენ ნანგრევებად ქცეული ქალაქებისა და სოფლების ფონზე უკრაინელი ქალები და კაცები. პოლიტიკის ანალიტიკოსები სწორედ ვლადიმირ პუტინის მიერ სახელმწიფო იდეოლოგიამდე აყვანილ „რუსული სამყაროს“ იდეას მიიჩნევენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველ მსხვერპლად.
„რუსული სამყარო“, როგორც იდეოლოგია, ნიშნავს ეროვნული საზღვრების, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ინსტიტუტების იმგვარ პირობითობას, რომლისთვისაც ასევე პირობითია მთელი რიგი სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა.
2009 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში გამართულ „რუსული სამყაროს“ III ასამბლეაზე რუსეთის პატრიარქმა კირილემ პირდაპირ განაცხადა, რომ თუ „რუსული სამყაროს“ ერთადერთ ცენტრად რუსეთის ფედერაციას მივიჩნევთ, მაშინ ამით შევცოდავთ ისტორიული ჭეშმარიტების წინაშე და ხელოვნურად მოვწყვეტთ საკუთარ თავს მილიონობით ადამიანსო.
„რუსული სამყაროს“ ბირთვი რუსეთი, უკრაინა და ბელორუსიაა. როგორ წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი ამბობდა: „რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია - აი, ეს არის წმინდა როსია“, - თქვა მაშინ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, თუმცა, ცხადია, კირილე არ არის „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ავტორი. „რუსული სამყაროს“ იდეა, რომელიც სცილდება დღევანდელი რუსეთის ფარგლებს, კრისტალიზდა ჯერ კიდევ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პირველ ნახევარში და მნიშვნელოვანი იმპულსი შეიძინა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
როგორც „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ თავმჯდომარემ, გიორგი კანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვლადიმირ პუტინის აზრით, „რუსული სამყარო“ მოიცავს ყოფილი მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ მოსახლეობას, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებული არიან რუსული ენით, ასევე საერთო რელიგიით, კულტურით, ისტორიითა და მსოფლმხედველობით:
„რუსული სამყაროს“ იდეის პირველ შრეში დგას რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ხალხების ერთობა. ეს არის ე.წ. სლავური „რუსკი მირი“. აქვე შეიძლება იყოს ყაზახეთის ჩრდილოეთში, ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები რუსებიც... უფრო გაფართოებულ ვერსიაში ჩვენც შევდივართ და სომხებიც, მიუხედავად იმისა, რომ სომხები მართლმადიდებლები არ არიან. ზოგადად საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკაზე შეიძლება „რუსკი მირის“ კონცეფციის მორგება, თუ ფანტაზიას გასაქანს მისცემ. მათ შორის, საუბარია თურქული და ირანული წარმომავლობის მოსახლეობაზეც. რომ შევაჯამოთ, „რუსული სამყაროს“ პირველ შრეში არიან აღმოსავლეთ სლავები, შემდეგ შრეში - ქრისტიანები და ბოლო შრეში - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სერბეთისკენაც შეიძლება გახედვა, მაგრამ მთლად ასე შორს მათი ფანტაზიები არ წასულა“.
„რუსული სამყაროს“ დოქტრინის მიხედვით, რუსეთი რეგიონში ერთადერთი ნათელი ძალაა, რომელიც მზად არის უანგარო „დახმარება“ აღმოუჩინოს ტერიტორიულად, რელიგიურად თუ კულტურულად დაკავშირებულ ხალხებს, გაათავისუფლოს ისინი დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ცხოვრების წესისგან. გიორგი კანაშვილის თქმით, რუსეთი ცდილობს კლიენტურა იყოლიოს ყველგან, რათა პროპაგანდითა და მათი როლის გაზვიადებული წარმოჩინებით, მეტი დამაჯერებლობა შესძინოს „რუსული სამყაროს“ პროექტს.
„საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს რუსეთი იმას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, მაგალითად, უკრაინაში. რუსეთის ინტერპრეტაციით, ეს არის უკრაინელი ხალხის ნეონაცისტებისგან გათავისუფლება. ასეთ იდეას იფარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უკანასკნელი ბოროტებაც კი სიკეთის სახელით საუბრობს ხოლმე. რაღაც მსგავსს აკეთებს ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, სადაც, სამწუხაროდ, რუსეთის კლიენტურას ძლიერი გავლენები აქვს ეკლესიაში, მათ შორის - საპატრიარქოსა და საზოგადოების სხვადასხვა შრეებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებსაც ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთთან“, - ამბობს გიორგი კანაშვილი.
საქართველოში რუსული კლიენტურის ნაწილია ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის წინ ღია წერილით მიმართეს „მის აღმატებულება რუსეთის პრეზიდენტს“ და ურთიერთობის დასათბობად რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობა (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი) შესთავაზეს.
რუსული კლიენტურის ნაწილია ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს რუსული ფონდების, მათ შორის, ფონდ „რუსკი მირის“ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებთან.
რუსული კლიენტურის ნაწილია ეკლესია და სასულიერო პირები. თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, „რუსული სამყაროს“ რელიგიური კონოტაცია დაკავშირებულია რუსული გავლენის გავრცელებასთან იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც მოიაზრება მართლმადიდებლური სამყარო, განურჩევლად იმისა, რუსულ მართლმადიდებლობასთან, მასთან აფილირებულ ეკლესიებთან გვაქვს საქმე თუ ზოგადად მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, თუმცა, როგორც ბექა მინდიაშვილი ამბობს, გარდა რელიგიური კონოტაციისა, „რუსკი მირის“ კონცეფციას ასევე აქვს იდეოლოგიური კონსტრუქცია - ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული სამყაროს მთავარი პარადიგმა.
„ამ პარადიგმაში ღმერთს ანუ მოძღვრების ცენტრს წარმოადგენს წმინდა რუსეთი, რომელსაც გამორჩეული მისია აქვს, გადაარჩინოს ერები დასავლური ლიბერალიზმისგან, ნეოფაშიზმისგან, სეკულარიზმისგან, ამ იდეის პროპაგანდისტებად გვევლინებიან ე.წ. კონსერვატიული მოძრაობები, რომლებიც დასავლურ სამყაროს გარყვნილების სივრცედ წარმოგვიდგენენ და სანაცვლოდ გვთავაზობენ ოჯახის ფასეულობების და ტრადიციების დაცვას. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, „რუსკი მირის“ იდეებს ავრცელებენ მართლმადიდებლური და კონსერვატიული ორგანიზაციები, რომლებსაც წინა პლანზე წამოწეული აქვთ სარწმუნოებისა და ეროვნულობის დაცვის იდეები, მაგრამ მათ მიღმა ადვილად შეგვიძლია ჩოხაში გამოწყობილი რუსული იმპერიალიზმის ამოკითხვა“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.
თუმცა, „რუსული სამყარო“, როგორც არაერთხელ აღნიშნა თვითონ ვლადიმირ პუტინმა, არ არსებობს უკრაინის გარეშე, უფრო ზუსტად, იმ იდეის გარეშე, რომლის თანახმადაც რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. პუტინი თავის ცნობილ წერილში („რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“) ამბობს:
„ოდითგანვე, სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ძველი რუსული მიწების მცხოვრებლები თავს რუსებს და მართლმადიდებლებს უწოდებდნენ. ასე იყო მე-17 საუკუნემდე, როცა ამ ტერიტორიების ნაწილი არ გაერთიანდა რუსეთის სახელმწიფოსთან და ასე იყო შემდგომაც“.
ამ მეცნიერულად თუ ფაქტობრივად საეჭვო მოსაზრებას და, შესაბამისად, „რუსული სამყაროს“ დოქტრინას, სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ყირიმის ანექსიამ, ასევე კონფლიქტის გაღვივებამ ლუგანსკსა და დონეცკში.
ტარას კუზიუ - უკრაინელი პროფესორი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში „5 მიზეზი - რატომ უარყო უკრაინამ პუტინის „რუსული სამყარო“ - ამბობს, რომ გარდამტეხი იყო სწორედ 2014 წელი. ყირიმის ანექსიით და უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებით უკრაინა დისტანცირდა რუსეთისგან არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. 2014 წლამდე რუსეთზე მოდიოდა უკრაინის საგარეო ვაჭრობის 30%, 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდა.
„პუტინი და „რუსული სამყაროს“ სხვა იდეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი „რუსული ცივილიზაციის“ ნაწილია, რომლის ფესვები გადგმულია შუა საუკუნეების კიევის რუსეთში, ამ უკანასკნელს კი მიიჩნევენ „პირველ რუსულ სახელმწიფოდ“. „რუსული სამყაროს“ დღევანდელ ცალკეულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებად დაყოფას ისტორიულ შეცდომად თვლიან და ამგვარ ხელოვნურ დაყოფაში დასავლეთს ადანაშაულებენ. სინამდვილეში კი, პუტინის რეჟიმის მიერ თავსმოხვეულმა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიამ დიდი ხანია დაკარგა ყოველგვარი კავშირი უკრაინის საზოგადოებრივ აზრთან. დროთა განმავლობაში ეს უფსკრული მხოლოდ იზრდება, რადგან რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა“, - ვკითხულობთ ტარას კუზიუს 2021 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომპონენტებთან ერთად, ასევე შესაძლებელია „რუსული სამყაროს“ იდეის რელიგიური კომპონენტის კრახზე ლაპარაკიც:
„ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ მხრივ ახლა ცხადია უკრაინაა, სადაც რუსული იდეა ჯერ ავტოკეფალიის გამოცხადებით დამარცხდა, ხოლო რუსეთის მიერ ომის დაწყებამ მისი სრული კრახი გამოიწვია: უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს იერარქიამ ფაქტობრივად მთელი შემადგენლობით შეწყვიტა ევქარისტიული კავშირი რუსეთის პატრიარქ კირილთან. ომმა ყველას დაანახვა, რომ „რუსული სამყარო“ არის რაკეტებისა და ტანკების, ომისა და განადგურების იდეა“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმითაც, „რუსული სამყაროს“ დოქტრინის კრახის დანახვა არათუ ერთი წლის წინ, არამედ 2014-ში, რვა წლის წინაც შეიძლებოდა.
„პუტინმა მხოლოდ ახლა, ომის დაწყების პირველივე დღეებში დაინახა, რომ მისი ეს კონცეფცია ჩავარდა, ამიტომ არის ისტერიკაში და ამიტომ იქცევა ასე სასტიკად“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, ვლადიმირ პუტინი ძალაუფლებაში მოვიდა (მოიყვანეს) სწორედ იმისთვის, რომ გადაერჩინა რუსული იმპერიალიზმი და ე.წ. რუსული სამყარო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა:
„უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაინახა, რომ არათუ გაადაარჩინა, არამედ დაკარგა ის, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა. მარტო უკრაინელებს კი არა, ბელორუსებს და საკუთარ მოქალაქეებსაც კარგავს. გადარჩენის ნაცვლად, დააზიანა რუსული სამყარო. ამას, ცხადია, არ აღიარებს და ცდილობს იარაღით, ძალით შეაკოწიწოს ის, რისი შეწებებაც შეუძლებელია. ბროლის ჭურჭელი რომ დაიმსხვრევა, ვეღარ შეაწებებ. წესით, უნდა ხედავდეს, რომ მისმა წინდაუხედავმა პოლიტიკამ დააჩქარა რუსული იმპერიალიზმის ნგრევა. კი არ შეაჩერა და კი არ შეაწება, არამედ დააჩქარა. ამიტომ ისტერიკაშია, პანიკაშია. რასაც ის ახლა ხედავს უკრაინაში, ეს არის გამაოგნებელი. უკრაინელი ერი შედგა ამ ომით, ჩამოყალიბდა, დასრულდა. ყოველგვარი კითხვები, ხომ არ ვართ რუსები, მოიხსნა. პრორუსულობა აორთქლდა უკრაინელ ხალხში და ეს არის ყველაზე დიდი შოკი პუტინისთვის“.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა ძალითაც რომ მართოს უკრაინა რაღაც დროის განმავლობაში, მენტალურად და იდენტობით ვეღარასოდეს მართავს:
„არანაირი იდეოლოგია, მართლმადიდებლობა და რუსული სამყარო - დარჩათ მხოლოდ იარაღი. ცივილიზაციის აღარანაირი ნიშნები არ აქვს რუსულ იმპერიას. რუსული სამყარო კი არა, სლავურ სამყაროს კარგავს. „რუსულმა სამყარომ“ სრული კრახი განიცადა“.