„თეთრი ღმერთი“ (2014, უნგრეთი, რეჟისორი კორნელ მუნდრუცო)
10 წელი გავიდა, რაც ბუდაპეშტში არ ვყოფილვარ. 10 წელი ბევრია ადამიანისთვის, რომელიც 80-იანი წლებიდან დაწყებული წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობდა თავის, შესაძლებელია, ყველაზე საყვარელ ქალაქს, საუკეთესო მეგობრებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვიცხოვრებდი, საქართველოდან წასვლა რომ მომიხდეს.
უნგრელები, ტრადიციულად, მიჯაჭვულები არიან თავიანთ ისტორიაზე და სიმბოლიკის შეცვლას მაქსიმალურად ერიდებიან. კომუნისტური სისტემა როცა ინგრეოდა, ბუდაპეშტში თითქმის არაფერს ახლეს ხელი - „ხრუშჩოვკები“ არ გააფერადეს, კედლები არ შელესეს. ევროკავშირში შესვლის შემდეგ, როცა უნგრელებს ევროპაში მუშაობის უფლება მისცეს, უამრავი ასეთი სახლი დაცარიელდა.
10 წლის წინ, რეკორდულად ცივ ზამთარში, როცა დუნაიც კი გაიყინა, სწორედ ამ სიცარიელემ დამთრგუნა. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი ვიქტორ ორბანსა და მის პარტიაზე, „ფიდესზე“. უფრო სწორად, ვიცოდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. სულ ეს იყო.
ცარიელ, რაღაცნაირად დათრგუნულ ბუდაპეშტს, რომელიც სავსე იყო უსახლკაროებით და მათხოვრებით, კოლეგების ისტორიები მოჰყვა. მიამბობდნენ, როგორ გაუჭირდათ უნგრული კინოს კლასიკოსებს, რომლებსაც ახალი კულტურის ჩინოვნიკები დასცინოდნენ, მათ ფილმებს კი კომუნისტური ეპოქის გადმონაშთად მიიჩნევდნენ. სწორედ იმ ზამთარს დაკრძალეს მიკლოშ იანჩო, გენიოსი კაცი, რომლის გარდაცვალება ხელისუფლებამ არც კი შეიმჩნია, რადგანაც იანჩო სიცოცხლის ბოლომდე აკრიტიკებდა „ფიდესის“ ე.წ. რეფორმებს.
კორნელ მუნდრუცომ „თეთრი ღმერთი“ მიკლოშ იანჩოს ხსოვნას მიუძღვნა. ფაქტობრივად ტიტრებშივე განაცხადა, რომ „თეთრი ღმერთი“ არის ის კოშმარული სიზმარი, რომელსაც იანჩო თავის კაფკიანურ კინობალეტებში ასახავდა - უგრძესი ტრეველინგებით, ღია, მაგრამ ცარიელი სივრცით, სადაც იანჩოს გმირები ლაბირინთიდან გამოსვლას ცდილობენ, მაგრამ თითქმის ყოველთვის უშედეგოდ.
მიკლოშ იანჩოს ხსენება თუ გამოგვეპარა და „თეთრი ღმერთის“ სიუჟეტს წინასწარ გავეცანით, კორნელ მუნდრუცოს ეს ნამუშევარი შეიძლება ცხოველებზე გადაღებულ უამრავ სხვა ფილმში აგვერიოს. ჩემს თაობაში, ალბათ, ადამიანი არაა, ვისაც „თეთრ ბიმზე“ არ უტირია. არაერთი ამერიკული საბავშვო ფილმიც გვახსოვს, რომელთა ავტორებს სურთ ძაღლებზე გული აგვიჩუყონ და ოთხფეხა მეგობრები შეგვაყვარონ. თავიდან „თეთრი ღმერთიც“ ასე იწყება.
უნგრეთი. 2013 წელი. ლილის დედა ავსტრალიაში მიემგზავრება სამუშაოდ. 14 წლის გოგონა გადადის მამასთან, რომელიც ლილის დედასთან გაშორებულია და ვერ ეგუება ბავშვის ძაღლს, ჰეიგენს. ამასობაში უნგრეთში იღებენ კანონს, რომელიც შინაური ცხოველების მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებას მოითხოვს. შესაბამისად, დამატებით გადასახადსაც. მამას ამის არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა. ქუჩაში აღმოჩენილი ჰეიგენი მრავალი თავგადასავლის შემდეგ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში ხვდება და გადაიქცევა… ძაღლების წინააღმდეგობის ლიდერად.
დიახ, „თეთრი ღმერთი“ იწყება როგორც კამერული დრამა და სრულდება აპოთეოზით, იწყება როგორც „საოჯახო ამბავი“ და მთავრდება ფანტასტიკური ჰორორით, ზუსტად იმ კოშმარული სიზმრით, რომელსაც მიკლოშ იანჩო ქმნიდა თავის „ქორეოგრაფიულ“ სანახაობებში. იანჩო კომუნისტების ეპოქაში ცხოვრობდა და თითქმის ყოველთვის ალეგორიებს იღებდა. მუნდრუცო ორბანის უნგრეთში ცხოვრობს და ისიც იძულებულია, პოლიტიკური ალეგორია, სოციალური მეტაფორა შემოგვთავაზოს. ერთგვარი იგავი ტოტალიტარიზმზე (ოჯახი, სადაც ბავშვებზე მშობლები ძალადობენ, სადაც მასწავლებელი სასაკლაოებში მუშაობს, სადაც დირიჟორი მუსიკოსებზე დომინირებს და ბოლოს ძაღლები, რომლებიც მოძალადეებად იქცევიან),
კოშმარი, რომელსაც აღწერს რეჟისორი, თანამედროვე უნგრეთის სახეა, სიძულვილზე აგებული პოლიტიკის სახეა, იმ მთლიანობის მხატვრული ასახვა, რომელშიც პოპულიზმი, ნაციონალიზმი და ტოტალიტარიზმია გაერთიანებული, სადაც (შიგ ევროკავშირის სივრცეში) ხალხს ეუბნებიან, რომ ევროკავშირი, არც მეტი, არც ნაკლები… საბჭოთა კავშირია.
„თეთრ ღმერთში“, უპირველესად, „უჯიშო ძაღლები“, მეტისები იჩაგრებიან. კანის ფესტივალზე (ფილმმა გაიმარჯვა ფესტივალის პროგრამაში „სხვა მზერით“) კორნელ მუნდრუცომ წაიკითხა ციტატები პროსახელისუფლებო უნგრული საიტებიდან, რომლებშიც ემიგრანტებისა და „შერეული ნაციების“ მიმართ ზიზღი დაუფარავადაა გამოხატული. „ძაღლები - უმცირესობაა. მათ ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, მაგალითად, ბოშები. ჩემი ამოცანა იყო მეჩვენებინა, როგორ გადაიქცევა უმცირესობა აგრესიულ ბრბოდ“, - აღნიშნა რეჟისორმა პრესკონფერენციაზე.
ძაღლები, რომლებსაც უღალატეს ადამიანებმა, მიატოვეს, მიაგდეს, ქაოსსა და განუკითხაობას აწყობენ ქალაქში, რადგანაც ელემენტარულია - ძალადობით მართვის სურვილი აუცილებლად ბადებს წინააღმდეგობას, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა. დღეს თუ არა, ხვალ მაინც.
„თეთრ ღმერთში“ ორასამდე ძაღლია გადაღებული - უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი. მაგრამ სწორედ ძაღლები ქმნიან აქ თანამედროვე უნგრეთის დაუვიწყარ სურათს.
რეჟისორმა ისიც აღნიშნა, როცა ბავშვებსა და ცხოველებთან მუშაობ, უბრალოდ იძულებული ხარ, „ეგო“ მთლიანად მოიშორო და მათ დამორჩილდეო. ამ თვალსაზრისით მუნდრუცოსთვის „თეთრი ღმერთი“ ერთგვარი ექსპერიმენტია, დაკვირვებაა და შეიძლება იმის იმედიც, რომ ჩაგვრა და დაშინება არ შეიძლება უსასრულო იყოს.
თავიდან რეცენზიებში, რომლებიც „თეთრ ღმერთზე“ გავრცელდა, კრიტიკოსები აღფრთოვანებით წერდნენ ურთულესი გადაღების ორგანიზებაზე, ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ მთელი ფილმი სპეცეფექტების და კომპიუტერული გრაფიკის გარეშეა აწყობილი. იმასაც აპატიებდნენ რეჟისორს, რომ „თეთრ ღმერთში“ ორ პარალელურ ისტორიას შორის ბალანსი ხშირად დარღვეულია და სისასტიკე ზოგჯერ ტკბობაში გადადის.
მაგრამ პირადად ჩემთვის ძაღლები ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია მუნდრუცოს ფილმში. ვფიქრობ, აქ უფრო შთამბეჭდავია ბავშვი ველოსიპედზე, რომელიც ბუდაპეშტის ხალხისგან დაცლილ, უკაცრიელ ქუჩებს მიჰყვება - უკაცრიელ ქვეყანას, საიდანაც ადამიანები გარბიან და სადაც წლების მანძილზე აშენებულ მშვიდობას დაჩაგრული ურდოს შურისძიება ემუქრება.
P.S. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ცხოველთა დამცველების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. არცერთი ძაღლი, მიუხედავად სასტიკი სცენებისა, ფილმზე მუშაობის პროცესში არ დაზარალებულა.
„თეთრი ღმერთის“ ბმული არის ქართულ, რუსულ და უკრაინულ პირატულ საიტებზე. თუმცა გირჩევთ უყუროთ ლეგალურ საიტებს.
ლეგალური ბმული, ინგლისური სუბტიტრებით არის აქ
ფორუმი