Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანმა არჩევნებმა" ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სამი ფაქტი აღრიცხა


ნინო დოლიძე - “სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი
ნინო დოლიძე - “სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] - დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დილიდან გამოვლინდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის სამი ფაქტი. მათ შორის არის ფულის გადაცემაც.

  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან - “სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა”;
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან - ხმაური მოჰყვა “ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირებას” “ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები კონკრეტულ პირს მობილური ტელეფონიდან ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან - “სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას”.

ISFED-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ აღრიცხულ დარღვევებს შორისაა ასევე - ხმის მიცემა მარკირების პროცედურის გარეშე [#36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანი]; კოორდინატორების მობილიზება [ისინი უბანში მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ]; საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირების ყოფნა; ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვა, უბნებიდან მათი გაძევება.

“ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა #81 ქობულეთის ოლქის #33-ე და #15 უბნებზე, #79 ბათუმის ოლქის #10 უბანზე”, - აცხადებს ISFED.

იყო ფიზიკურად ძალადობის შემთხვევაც - ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #9 სარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა.

10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 2 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

"სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია შედგება 1000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი). არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG