Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლიდან გასვლის წინ - 10 მთავარი რჩევა არჩევნებისთვის


26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება - სრულად პროპორციული სისტემით. რა უნდა იცოდეთ არჩევნების დღისთვის? - რადიო თავისუფლებამ წინა დღით ათი ძირითადი რჩევა შეაგროვა.

ხომ გახსოვთ, ამომრჩევლების 90% ელექტრონული წესით აძლევს ხმას. ელექტრონული ბიულეტენები ძველებურზე გაცილებით დიდი ზომისაა და სპეციფიკურიც. მაგრამ ხმის მიცემაში რთული მაინც არაფერია.

#1 მთავარია მისვლა

ზოგჯერ ერთი ადამიანის ხმა გადამწყვეტ როლსაც ასრულებს. მით უმეტეს წელს ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული წონა აქვს, რადგან პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

თუკი ესა თუ ის პარტია ვერ მიიღებს, სულ მცირე - 100 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერას [აქტივობის მიხედვით], ის შეიძლება ბარიერს მიღმა დარჩეს და თქვენი ხმა სხვა პოლიტიკურ პარტიას ერგება.

5%-ს მიღმა დარჩენილი ხმების შესატყვისი მანდატები რიგითობის მიხედვით გადაუნაწილდებათ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

#2 ვერავინ გაიგებს, ვის მიეცი ხმა

არავინ მოგატყუოთ, რომ შეუძლია გაიგოს - ვის მიეცით ხმა. ამის შესაძლებლობას არც ძველი წესი იძლევა და არც ახალი.

ელექტრონულ არჩევნებზე ამომრჩეველი ორ აპარატთან ჩერდება - ვერიფიკაციის აპარატთან (რეგისტრაციის გასავლელად) და ხმის მთვლელ აპარატთან (ბიულეტენის განსათავსებლად); შუალედში კი შედის კაბინაში - ხმის მისაცემად.

აპარატებს ერთმანეთთან არა აქვთ კავშირი და ეს სწორედ ხმის ფარულობის მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე, რომ - კენჭისყრის პროცედურას ყველა ამომრჩეველი სხვადასხვა დროში გაივლის.

ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში ინტერნეტი არ იქნება გამოყენებული.

#3 უნდა დაადასტურო ვინაობა

საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად თან უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პირადობის ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ეს დოკუმენტები აუცილებლად უნდა იყოს ვალიდური და არ უნდა ჰქონდეს ამოწურული - მოქმედების ვადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში - თქვენი ვინაობის დადასტურება ვერ მოხდება და არჩევნებიდან უკან გამოგაბრუნებენ.

#4 იფხიზლე მარკირებისას

შესვლისას თქვენს პირადობის მოწმობას შეამოწმებენ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები - როცა ესა თუ ის ამომრჩეველი სხვა უბანზე შეცდომით მოხვედრილა.

მარკირების კვალი დიდხანს რჩება თითზე და მარკირების მქონე ამომრჩეველს სხვა უბანზე აღარ შეუშვებენ.

ამიტომ მარკირების პროცედურა გაიარეთ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ნამდვილად თქვენს საარჩევნო უბანზე იმყოფებით. თუ ეჭვი გეპარებათ, დააზუსტეთ.

ამის შესახებ საგანგებოდ აფრთხილებენ ემიგრანტები ერთმანეთს. ზოგიერთ ქალაქში ერთ მისამართზე რამდენიმე უბანია გახსნილი.

#5 ზოგი აფერადებს, ზოგი ხაზავს

26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლების 90% ახალი - ელექტრონული წესით მისცემს ხმას, ხოლო 10% - კვლავ ძველი წესით.

ელექტრონული წესის შემთხვევაში, ამომრჩევლებმა, ბიულეტენში, სასურველი პარტიის გასწვრივ წრე უნდა გააფერადონ. ხოლო ძველი წესით, კვლავ - კონკრეტული ნომრის შემოხაზვა გევალებათ.

ემიგრანტები, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ძველი წესით მისცემენ ხმას. შესაბამისად - მათ შემოხაზვა მოუწევთ.

ბიულეტენში მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული თქვენი არჩევანი. თუკი ორ ან მეტ პარტიას შემოხაზავთ, თქვენი ხმა არ ჩაითვლება.

ელექტრონულ ბიულეტენზე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი წრის გაფერადება. არ არის აუცილებელი, წრე მთლიანად გააფერადოთ. თუკი წრიდან გამოხვალთ, არ არის პრობლემა - ხმა მაინც ჩაითვლება.

მაგრამ თუკი სპეციალური კალამი [რომელსაც უბანზე დაგახვედრებენ] შემთხვევით სხვა წრეზეც მოგიხვდებათ, ბიულეტენი გაბათილდება.

თუ არჩევნებზე მიხვალთ - ყველა პარტიის გადახაზვის მიზნით, შესაძლოა რომელიმე მათგანს უნებურად მისცეთ ხმა. აპარატი ჩათვლის ბიულეტენს, თუკი გადახაზვის დროს - კალმის კვალი რომელიმე ერთი რგოლის შიგნით მოხვდება.

#6 შეგიძლია ახალი ბიულეტენი მოითხოვო

თუკი მიხვდით, რომ შემთხვევით, თქვენი სასურველი პარტიის ნაცვლად სხვა გააფერადეთ ან შემოხაზეთ, სანერვიულო არც ეგ არის.

ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება, არათუ ერთხელ, ორჯერ და მეტადაც კი მოითხოვოს ახალი ბიულეტენი.

ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წევრი - გაფუჭებულ ბიულეტენს გადაკეცავს, “დაასტეპლერებს” და სპეციალურ საცავში მოათავსებს. თქვენ კი, ახალ ბიულეტენში ასახავთ თქვენს არჩევანს.

#7 ფოტოსა და ვიდეოს ნუ გადაიღებ

ეს აკრძალულია და თუკი ვინმე ბიულეტენის გადაღებას მოგთხოვთ - შეგიძლიათ წინასწარვე უპასუხოთ, რომ შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება.

ცესკოს დადგენილებით კაბინაში ფოტოგადაღება აკრძალულია. გარშემო იქნება ათასი თვალი, რომელიც გაკვირდებათ და ამას აუცილებლად შენიშნავს.

კაბინიდან არ ჩანს - ვის აძლევთ ხმას, მაგრამ - ფოტოს გადაღებას თუ გადაწყვეტთ, ეს აუცილებლად შესამჩნევი იქნება - შენიშვნას მოგცემენ და, დიდი ალბათობით, გადაღებულსაც წაგაშლევინებენ.

შესაბამისი ამკრძალავი წარწერა კაბინაშიც დაგხვდებათ.

თუკი ვინმე ბიულეტენისთვის ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას მოგთხოვთ, ისიც უთხარით, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

#8 დაელოდე აპარატს

როდესაც უკვე გაფერადებულ ელექტრონულ ბიულეტენს თავის კონვერტში [რომელსაც ადგილზე მოგცემენ] განათავსებთ [ამობრუნებულ მდგომარეობაში] და მთვლელ აპარატში შეაცურებთ, დაელოდეთ დადასტურებას - რომ თქვენი ხმა მიღებულია.

შესაძლებელია, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს და თავიდან მოგიწიოთ შეცურება. ამ დროს იყავით ყურადღებით - რომ არ დაირღვეს თქვენი ხმის ფარულობა.

თუ აპარატმა ბიულეტენი ორჯერ დააბრუნა, ის გაფუჭებულად ჩაითვლება და შესაბამისი წესით დალუქავენ. თქვენ კი თავიდან მოგიწევთ გაფერადება.

#9 რიგში მდგომს უკან ვერ გაგაბრუნებენ

საარჩევნო უბნები საქართველოში საღამოს 20:00-ზე დაიხურება. თუკი 20:00 საათამდე კვლავ რიგში დგომა მოგიწევს, არ ნიშნავს, რომ უკან უნდა გაბრუნდე.

დაელოდე, გარეთ უნდა გამოვიდეს საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, აღრიცხოს რიგში მდგომი ადამიანები და ყველა მათგანს უნდა მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.

#10 არ დახუჭო თვალი

თუ უბანზე რამე საეჭვოს შეამჩნევთ, მაგალითად, ვინმემ მარკირების პროცედურა არ გაიარა, ანდა კაბინაში ფოტო გადაიღო, არ გაჩუმდეთ.

დარღვევის შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ უბანში მყოფ მეთვალყურეებს.

26 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯამში, 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 3044 - საქართველოში. 67 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG