ჩხრეკის შემდეგ წაიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები. ამავე დღეს, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე სხვა სახლშიც, თბილისსა და ქუთაისში. ცნობილია, რომ ფინანსური პოლიცია შესული იყო ასევე ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლში, ქუთაისში, და ძმების, ონისე და სანდრო ცხადაძეების საცხოვრებელ ბინაში, თბილისში.
ვალერი ტყეშელაშვილი ბიზნესმენია, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოში არ ცხოვრობს. მისი თქმით, ის სამშობლოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა - სახლი ქუთაისში, რომელიც 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს, მის მშობლებს ეკუთვნით. ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ფინანსურ პოლიციამდე მასთან ჯერ უბნის ინსპექტორები იყვნენ მისულები, ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა კი უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც ატარებენ, ქოლცენტრების საქმესთან არის დაკავშირებული. ის ამ პროცესს მისი ოჯახის ოპოზიციური განწყობებით ხსნის და გამორიცხავს კავშირს რაიმე ქოლცენტრებთან.
ონისე ცხადაძე იუმორისტი და სტენდაფერია. მისი თქმით, ის და მისი ძმა „გარაჟის დაშენებაში ნაქირავებ“ ფართში ცხოვრობენ. მათი სახლის ჩხრეკისას ძმებს საშუალება არ მიეცათ დაჰკავშირებოდნენ ადვოკატს ან გადაეღოთ ჩხრეკის პროცესი. სანდრო ცხადაძის ფეისბუკის პროფაილის მიხედვით, ის კომპანია Concentrix-ში მუშაობს. 24 ოქტომბერს ამ კომპანიის თბილისში მდებარე ოფისშიც იყვნენ შესულები ფინანსური პოლიციის გამომძიებლები.
განცხადებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა, წერია, რომ გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და არაფერია ნათქვამი კერძო სახლების ჩხრეკაზე.
„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, - წერია უწყების განცხადებაში, რომელიც 13:46-ზე გამოქვეყნდა.
რადიო თავისუფლების კითხვა, არის თუ არა საცხოვრებელი სახლებისა და „კონცენტრიქსის“ ჩხრეკა დაკავშირებული ამ საქმესთან, ფინანსთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა. არ დაასახელეს არც იმ კომპანიების სახელები, სადაც გამომძიებლები იყვნენ შესული.
რა ვიცით Concentrix-ზე?
აშშ-ის 500 უმსხვილესი (Fortune 500) ბიზნესის ნუსხაში შესული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანია Concentrix-ი კონსულტაციებს უწევს ცნობილ და მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენლობა შპს „კონცენტრიქს სერვისი“ 2021 წელს გაიხსნა. მისი მესაკუთრე ნიდერლანდში რეგისტრირებული ამავე სახელის კომპანიაა. იმ დროს, როცა კომპანია საქართველოში შემოვიდა, მისი ხელმძღვანელები ამერიკის მოქალაქეები იყვნენ, დღეს „კონცენტრიქს სერვისს“ სამი დირექტორი ჰყავს, მათგან ერთი ავსტრალიის მოქალაქეა, ერთი შეერთებული შტატების და ერთიც დიდი ბრიტანეთის.
Concentrix-ს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „ვაკე პლაზას“ 9-სართულიან შენობაში სამი სართული აქვს ნაქირავები.
კომპანიის თანამშრომლების ცნობით, გამომძიებლები იქ 24 ოქტომბერს დილის 9 საათისთვის შევიდნენ - მოგვიანებით, ყველა დასაქმებულმა კომპანიისგან მიიღო წერილი, რომლითაც მათ სთხოვდნენ დროებით თავი შეეკავებინათ მედიასთან ურთიერთობისგან. შესაბამისად, უცნობია, რას ეძებდნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ამ კომპანიაში, რა ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს ან აქვთ თუ არა კავშირი იმ ადამიანებთან, ვისი სახლებიც გაჩხრიკეს.
Concentrix-ის მონაწილეობა რაიმე არალეგალურ საქმიანობაში 24 ოქტომბერსვე გამორიცხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მან თქვა, რომ ამ და სხვა ამავე პროფილის (business process outsourcing) კომპანიების შემოყვანით სახელმწიფო თავად იყო დაინტერესებული.
„Concentrix-ი არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და მოვახერხეთ ქვეყანაში ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა, რომლებმაც დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რასაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს.
ლევან დავითაშვილისგან განსხვავებით, გამოძიებისგან საინტერესო შედეგს ელის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
„დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია. მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ 24 ოქტომბერს ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად.
რა კავშირია Concentrix-ის, „ქოლცენტრების საქმესა“ და „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების სახლების ჩხრეკას შორის?
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს - ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ორივე თანამშრომელი, სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილიც ამბობენ, რომ მათ არაფერი აკავშირებთ კომპანია Concentrix-თან. არცერთმა მათგანმა არ იცის, ვინ არის სხვა ორი კომპანია, სადაც ასევე იყვნენ შესული ფინანსური პოლიციის გამომძიებლები. ორივე მკვლევარს ამ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს - ჩხრეკის ოქმში, რომლითაც გამომძიებლები მათ სახლებში შევიდნენ, არ არის დაკონკრეტებული, რა საქმის ფარგლებში ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, თუმცა მითითებულია ის მუხლები, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს:
- ფულის გათეთრება;
- თაღლითობა;
- გადასახადებისგან თავის არიდება.
ჯერ უცნობია ისიც, ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული. სავარაუდოდ, ამ საქმეზე გამოძიება 2021 წლიდან მიმდინარეობს.
„ატლანტიკური საბჭო“ ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული. ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას.
„დილას 9-ის ნახევარზე შემოვიდა ფინანსური პოლიცია. მითხრეს, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება და რამდენიმე მუხლით იძიებდნენ საქმეს. ეძებდნენ დიდი ოდენობით თანხას, აიღეს ჩემი ტელეფონი, დალუქეს და შემდეგ უკვე ადვოკატის თანდასწრებით ამოიღეს ჩემი კომპიუტერი, რომელსაც სამსახურისთვის ვიყენებ, ჩემი მეუღლის კომპიუტერი და არასრულწლოვანი შვილის კომპიუტერიც. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ეს ყველაფერი, ცხადია, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო გელავამ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულების შემდეგ. სოფო გელავასთან ერთად ჩხრეკას ესწრებოდა მისი მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი, რომელიც პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია.
„ეს ჩხრეკა არის უკანონო, იმიტომ, რომ ის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა, უკანონოა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოახერხა, ჩხრეკის ნებართვა მისცა ისე, რომ არც კი ჩაწერა, რა არის ძებნის საგანი. არადა, ეს აუცილებელი კომპონენტია. გამომძიებლებმა ზეპირად იცოდნენ, რომ ეძებდნენ ციფრულ მატარებლებს. ამოღებული იქნა მათ შორის იმ პირების კუთვნილი ტექნიკა, რომლებიც ნახსენები არ არიან ჩხრეკის განჩინებაში, მათ შორის არასრულწლოვანის“, - ასე შეაფასა სოფო გელავას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
„დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. მითხრეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაც გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი. დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა. ჩამომართვეს ტელეფონი. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა. ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის „ატლანტიკური საბჭო“, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს. ეს ახსნეს მხოლოდ“, - ასე იხსენებს ეთო ბუზიაშვილი თავის სახლში ჩხრეკის ამბავს.
ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც სახლის ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოწმის სტატუსით - სოფო გელავას 24 ოქტომბრის დღის 5 საათი განესაზღვრა გამოკითხვის თარიღად და გადაიდო, ეთო ბუზიაშვილს - 25 ოქტომბრის 12 საათი - სავარაუდოდ, ორივე გამოკითხვა მომდევნო კვირაში ჩატარდება.
როგორ ფასდება ჩხრეკის ოპერაცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ?
„ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ, ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ყუთში, როგორადაც თვითონ ფიქრობს, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს“, - ეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებაა 24 ოქტომბერს ჩატარებულ ჩხრეკის ოპერაციებზე.
უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ამ პროცესში სამართლებრივ პრობლემებზე გააკეთა აქცენტი და ორი დარღვევა გამოკვეთა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ჩხრეკა-ამოღების განჩინებები არ შეიცავდა ძებნის საგანს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაა.
- ჩხრეკა-ამოღებისას ეთო ბუზიაშვილს და სანდრო ცხადაძეს არ მიეცათ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება.
ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ საქმის მონიტორინგს იმის გათვალისწინებით, რომ „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ადრესატების ნაწილის საქმიანობა, საჯაროდ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკავშირდება რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას; და მათი საჯარო აქტივობებით დასტურდება არასახელისუფლებო სამოქალაქო პოზიციების ქონა“.
„ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში“ - დაწერა X-ზე ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, საქართველოში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე პასუხად.
რუსული საინფორმაციო ომის მკვლევრების სახლების ჩხრეკას გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერიც, რომელმაც თბილისიდან გავრცელებულ ცნობებს საგანგაშო უწოდა.
„საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება. რა სირცხვილია“, - წერს ის X-ზე.
ფორუმი