Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ხუთი წინასაარჩევნო გზავნილის (უკუ)ეფექტი


„ხელისუფლებამ სწორად ვერ გაზომა ამ გზავნილების ეფექტი“
„ხელისუფლებამ სწორად ვერ გაზომა ამ გზავნილების ეფექტი“

„ქართული ოცნება“ მმართველობის მე-12 წელს მეოთხედ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პერიოდის ამ ეპიზოდშიც გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა ივანიშვილის პარტია „შეცდომას შეცდომას უშვებს“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

ამ სტატიაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო გზავნილების ეფექტს თსუ-ის პროფესორ, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად განვიხილავთ. იგი თვალს ადევნებს წინასაარჩევნოდ პარტიების გზავნილებსა და საზოგადოებრივ განწყობებს.

„არაერთი წინასაარჩევნო გზავნილი ჩავარდა... როდესაც პოლიტიკური ძალა იბრძვის ყველა ხერხით ძალაუფლებისათვის, ის, როგორც წესი, უშვებს შეცდომებს“, - ამბობს პროფესორი კაჭკაჭიშვილი და რამდენიმე ასეთ „ჩავარდნილ გზავნილს“ გამოყოფს. აქ ხუთ მათგანზე შევჩერდებით:

  1. „ბოდიშის ინიციატივა“;
  2. მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია;
  3. „დედა დედაა, მამა მამა“;
  4. რაჟდენ კუპრაშვილი და ანტიკორუფციული ბიურო vs „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;
  5. ბილბორდები და „უკრაინიზაცია“.

ბოდიშით აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა

2024 წლის 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინამორბედი ხელისუფლება 2008 წლის „ომის გაჩაღებაში“, მის ლიდერებს გასამართლებით დაემუქრა და ბოდიშის მოხდის პირობა დადო:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ამ განცხადებას თან სდევდა ბუნდოვანი დაპირებები თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლოდინზე; „ოცნებამ“ ამომრჩეველს სთხოვა, მიანიჭოს მას საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან, - სხვა სამ მიზანთან ერთად, - „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.

არც მაშინ ივანიშვილს და მას შემდეგ არც „ოცნების“ სხვა რომელიმე ლიდერს, ამ საკითხში - რა „შემთხვევაში“ შეიძლება ასეთი რეალობა დადგეს, რაიმე ნაბიჯებს გეგმავენ, ან რაიმე მოლაპარაკებები აქვთ თუ არა, - დამატებითი სიცხადე არ შეუტანია.

იაგო კაჭკაჭიშვილის დაკვირვებით, ამომრჩევლების დიდ ნაწილში „ბოდიშის ინიციატივამ, მოწონების ნაცვლად, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია“.

ინიციატივას მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოსალოდნელი სკეპტიციზმით შეხვდნენ.

„ეშმაკისეული მსჯელობა“, - ჯერ კიდევ მაისში ასე შეაფასა „ოცნების“ დაწყებული საუბრები „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“ გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

„ოცნების“ რიტორიკას ცივი წყალი გადაასხეს რუსეთის სხვადასხვა დონის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო დუმასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ბოდიში რომ უნდა მოვუხადოთ ერთმანეთს, ადრეც გაჟღერდა ნანა ჯანელიძის ფილმში; ამაზე საუბრობდა არასამთავრობოების ნაწილიც. მაგრამ ეს თავისთავად, შესაძლოა, სწორი სტრატეგია, იყო დაუმუშავებლად გამოტანილი. ეს ჰაერში გამოკიდებული ბოდიში იყო. ცარიელი. არაფერი ახლდა თან. თუ ამას იწყებ, უნდა გქონოდა მეორე მხარესთანაც შეთანხმება და ორმხრივი გზავნილი ყოფილიყო, „ორივე მხარემ დავუშვით შეცდომები და ერთმანეთს ვუხდით ბოდიშს“. არ იყო ნამუშევარი არც რუსეთთან, - რომ მას ის განცხადებები არ გაეკეთებინა, რომ აღიარება არ გადაიხედებაო. და, მეტიც, ამ ბოდიშის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლოდინის ფონზე, კოკოითიმ თქვა, რომ თრუსის ხეობა და ბაკურიანი ჩვენიაო. ეს ბოდიში გამოჩნდა, როგორც სისუსტე და მარცხი“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

„იარე, ლიზა“ - მიზანი და შედეგი
please wait

No media source currently available

0:00 0:54:38 0:00

მართლმადიდებლობა - სახელმწიფო რელიგიად

„დიდის ამბით დაიწყეს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე საუბარი, - თან, თავიდან შეფარვით, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მერე გაგიმხელთო, - ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ხდება“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

აგვისტოს ბოლოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს.

თუმცა, საბოლოოდ, კონსულტაციების შემდეგ, 1 სექტემბერს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუცის დაემატოს ჩანაწერი:

„მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

„ეს გზავნილიც მოუმზადებელი იყო. ეს, როგორც ჩანს, არ იყო შემოწმებული საპატრიარქოსთან, რომელმაც ინიციატივას ცივი წყალი გადაასხა. აღმოჩნდა, რომ, მისი გადმოსახედიდან, ის სტატუსი, რაც ახლა აქვს ეკლესიას, ჯობს სახელმწიფო რელიგიას“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

„ლგბტ პროპაგანდა“ - ჰომოფობიური კანონი

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო „ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„ამ ამბავზეც, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ აიტაცებდა ხალხი. მაგრამ რიგითმა ადამიანმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩაიყო ჯიბეში ხელი, შეიხედა მაცივარში, წავიდა ბაზარში, - ხორცი ვერ იყიდა, - შევიდა სუპერმარკეტში, - რძე ვერ იყიდა, ჩამოჯდა და აღმოჩნდა, რომ სოციალური პრობლემები უფრო დიდი უბედურებაა მისთვის, ვიდრე ადამიანი, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს და მას არ აწუხებს. ესეც ფუჭი გასროლა გამოდგა“, - მიიჩნევს იაგო კაჭკაჭიშვილი.

19 სექტემბერს კასპში მოსახლეობასთან კასპისა და გორის მერების, ვახტანგ მაისურაძისა და ვლადიმერ ხინჩაგაშვილის შეხვედრამ ამ კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებების კომიკურობას გაუსვა ხაზი.

ერთ-ერთ სოფელში ვახტანგ მაისურაძემ ამომრჩევლებს უთხრა:

„უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება „ქართულ ოცნებას“ გვერდში“.

თუმცა, მსგავსი რეპლიკების კომიკურობის მიუხედავად, კანონის შესაძლო ამოქმედებას, - [ამოქმედება მისი მიღებიდან ორ თვეშია დაგეგმილი], - მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც ლგბტ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე, ასევე გამოხატვის თავისუფლებასა და ხელოვნების თავისუფლებაზე.

კანონის მიღებიდან მეორე დღეს ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სასტიკმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა.

ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილი გადაწყვეტილება

ანტიკორუფციულმა ბიურომ თავდაპირველად, 24 სექტემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, - რომელიც 24 წლის განმავლობაში აკვირდება საარჩევნო პროცესს, - „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მიანიჭა.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით თავიანთი სახელით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ქვეყნის შიგნით და გარეთ მწვავე კრიტიკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მითითებით, ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა თავისივე გადაწყვეტილება შეცვალა.

„რაჟდენ კუპრაშვილის მიერ სიტყვის უკან წაღება იყო მორიგი ჩვენება იმისა, რომ ინსტიტუტის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის, ბელადის გადაწყვეტილება. გამოდიხარ ერთი ადამიანი და ამ ინსტიტუტის გადაწყვეტილებას ცვლი. ეს ყველაფერია დემოკრატიის გარდა“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

ბილბორდები

„ბილბორდებზე „უკრაინიზაციის საწინააღმდეგო“ სლოგანებმაც არათუ არ იმუშავა, არამედ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა მმართველი პარტიისათვის“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერებზე ერთ მხარეს ჩანდა უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რეაბილიტირებული თუ აშენებული ობიექტები.

მმართველი პარტიის ბანერებს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები უკრაინელ ხალხს ბოდიშსაც უხდიდნენ.

ბილბორდებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.

სამმა ოპოზიციურმა ტელეარხმა უარი თქვა „ოცნების“ ამ ბანერების სატელევიზიო რეკლამად გაშვებაზე, რის გამოც სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

„ამ ბილბორდებს მიეცა ასეთი ინტერპრეტაცია: შენ შენი მეგობარი ქვეყნის უბედურებას იყენებ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. სხვის უბედურებაზე აგებ საკუთარ ბედნიერებას. და ეს იფიქრეს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ვინმეს ჩვენთვის გაეკეთებინა 2008 წლის ომში. ხომ ამორალური იქნებოდა?! ეს კამპანია არათუ არამორალური, ამორალური, სამარცხვინო აღმოჩნდა. და, შესაბამისად, ამანაც არ იმუშავა“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

„თითქმის ყველაფერი ჩაუვარდათ“.

მაშ, რა მუშაობს „ოცნებისთვის“?

მაგრამ ანალიტიკოსი ამბობს, რომ არის ერთი გზავნილი, რომელიც ყველაზე უკეთ მუშაობს „ქართული ოცნებისათვის“.

„ერთადერთი, რაზეც დგანან, არის „მშვიდობა“. ეს მესიჯი ყველაზე მეტად მუშაობს“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი. მაგრამ, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ გამოკითხვები აჩვენებს, რომ „მშვიდობის“ თემაც „გაცვდა“. მისი აზრით, ორი ფაქტორის გამო:

  1. „ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“ ლელთ ღუნიას ციტატა რომ მოვიშველიოთ, „ცარიელი მშვიდობა საფლავშიც გვეყოფა“; კი, კარგია ეს მშვიდობა, მაგრამ სხვა რამეც მინდა. მინდა, მაგალითად, კეთილდღეობაც.
  2. მეორე საკითხი ესაა: კი მაგრამ, ვინ უზრუნველყოფს ამ მშვიდობას? მშვიდობის გარანტორად შეიძლება რუსეთი წარმოვიდგინოთ? ვერა, რადგან გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, მშვიდობის დაპირების დარღვევაა. ძირითადი აგრესორი მე-18 საუკუნიდან არის რუსეთი. ის ვერ იქნება მშვიდობის გარანტორი, მით უფრო, რომ ახლა ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები“.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართული ოცნებისეული“ მშვიდობის დაპირებას არ უმაგრებს ზურგს დასავლეთი, - რომელთანაც ხიდებს თავად ხელისუფლება ანგრევს: „გაქვს [მოჩვენებითი] მშვიდობა, მაგრამ დგახარ ხელფეხგახსნილი რუსული აგრესიის წინაშე და არ გყავს მეგობარი, ვინც დაგიცავს“.

რატომ შეცდომები?

სოციოლოგი ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში გზავნილების ჩავარდნა ხშირი შეცდომების მაჩვენებელია, რასაც იგი ლოგიკურად მიიჩნევს.

„როდესაც პოლიტიკური ძალა იბრძვის ყველა ხერხით ძალაუფლებისათვის, ის, როგორც წესი, უშვებს შეცდომებს. ზოგჯერ საბედისწეროსაც. შემდეგ ამ შეცდომების აღიარება არ უნდა და გამოსწორების მცდელობაში კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებს“, - ფიქრობს იგი.

„წლების განმავლობაში ივანიშვილმა ჩამოიშორა ყველა, ვისაც შეიძლებოდა კრიტიკული აზრი ჰქონოდა და დაიტოვა უპირობოდ მორჩილი ადამიანები. აღარ ჰყავს კადრები გარშემო. არ არიან ადამიანები, ვინც რაიმე იდეებს სერიოზულად დაამუშავებენ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია ან დიქტატურის დამყარება, ან ხელისუფლებიდან წასვლა. „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის დამყარების რესურსი არ აქვს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG