ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში მთავარ მტრად გამოცხადებულ „გლობალური ომის პარტიასა“ და დასავლეთზე საუბრობდა: „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები.“
"გლობალური ომის პარტიისა" და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საფინანსო-საბანკო პრობლემების შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა ერთდროულად შეიტყვეს. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე მოხდა. "გლობალური ომის პარტიას", რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი, იდუმალი და ფიქციური ჯგუფის სახელად იყენებენ, ჯერ დაბრალდა ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი, საქართველოს "ომში ჩასათრევად", შემდეგ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიც და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობაც.
ყოფილი თანაგუნდელები იხსენებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის სჯეროდა შეთქმულების თეორიების, მათ შორის იმისაც, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს რაღაც სხვა ძალები მართავენ.
„დალაგება“ - "მომავალი წლის დასაწყისიდან"
გლობალური ომის პარტიას ბიძინა ივანიშვილის ფულის მიტაცებასა და შანტაჟის გარდა "ოცნება" აბრალებს:
- საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებას რუსეთთან და ამ ორი ქვეყნის "საზარბაზნე ხორცად" მიჩნევას.
- 2008 წლის აგვისტოს ომის დაკვეთას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის/აგენტურისთვის. ('აგენტურას" ოცნება კოლექტიურ ნაც-მოძრაობას უწოდებს, ანუ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელთან წევრებს რაიმე პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონია სააკაშვილის ხელისუფლებასთან 2003-2012 წლებში)
- სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობას - ხელისუფლების შეცვლის, ხელისუფლებაში "აგენტურის" დაბრუნების და შედეგად, საქართველოს ომში ჩართვის მიზნით.
- საქართველოს ნგრევას 2004-2012 წლებში - „ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“.
ასევე:
- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემის „სათაგურად“ გამოყენებას, შემდეგ დაბლოკვას - არეულობის გამოწვევის მიზნით.
- ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობას [აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მსგავსად];
- საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ხელისუფლების მიერ სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაკისრებას და მანამდე - მოსამართლეთა სანქცირებას.
გლობალური ომის პარტიის გეგმებით ამართლებს ხელისუფლება „უცხოეთის აგენტების" კანონსაც, რომელსაც ოპოზიცია და მესამე-სექტორი „რუსული კანონს“, დასავლელი პარტნიორები კი "კრემლისგან ინსპირიებულს" უწოდებს. მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, 2024 წლის მაისში ეს კანონი „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო და პრეზიდენტის ვეტოც დასძლია. კანონის მიღებამ უკიდურესად დაძაბა საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან და დააპაუზა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. დასავლელი პარტნიორები მიუთითებენ რომ, "გლობალური ომის პარტია" არის რუსეთი.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლობალური ომის პარტია პირობითი სახელია და ამ ჯგუფს გავლენა აქვს აშშ-სა და ევოკავშირის ხელისუფლებებზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეძლებს გააუმჯობესოს [ამჟამად უკიდურესად დაძაბული] ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და გლობალური ომის პარტიასთანაც.
„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ - მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი“, - თქვა კობახიძემ. აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ის „მომავალი წლის დასაწყისიდან“ ელის: საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების ჩატარების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.
მანამდე, მაისში, პრემიერ-მინისტრს ნათქვამი აქვს, რომ „სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით“.
და რატომ აპირებენ ურთიერთობების დალაგებას „სახიფათო ხალხთან“?! რატომ უნდა დავლაგდეთ გლობალური ომის პარტიასთან, რომელსაც თურმე საქართველოს დაქცევა უნდა?! - ირონიულად კითხულობდნენ "ოცნების" კრიტიკოსები სოციალურ ქსელებში.
„ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან „ოცნების“ ურთიერთობები უკვე შეუქცევადად დაზიანდა, ხოლო ხელისუფლებაში „ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში ბევრად უფრო გაუარესდება კიდეც.
„ნამდვილად ვიცი რამდენიმე ადამიანისგან, უშუალო, სანდო წყაროებისგან, რომ - ბიძინა თავგამოდებით უმტკიცებდა თავის გუნდს - სანქციები არ იქნებაო; მთავარია, ახლა ჩვენ გავიმარჯვოთ [არჩევნებში] და დასავლეთთანაც ბოლომდე დავლაგდებითო - ასე უმტკიცებდა და ისინიც მიჰყვებოდნენ ბრმად, რა თქმა უნდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სანქციებიც იქნება და ვერც დალაგდებიან“, - დავით ზურაბიშვილი ასევე შენიშნავს, რომ „ოცნებას“ აშშ-დან და ევროკავშირიდან პარტნიორად აღარ აღიქვამენ და აღარც ელაპარაკებიან.
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" ახლა რეალურ უკან დახევას ვერ გაბედავს, რადგან ეს არჩევნებზე სრული მარცხის ტოლფასი იქნება.
4 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებით, შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და ამის გამო, ბოლო თვეებში აღარ ყოფილა ვიზიტები ბრიუსელიდან თბილისში და ასევე პირიქით.
სექტემბრის მიწურულს - გენერალური ასამბლეის 79-ე სესიისთვის ნიუ-იორკში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუუქმეს მიწვევა მსოფლიო ლიდერების თავყრილობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასპინძლობდა. ასევე არ შედგა შეხვედრები აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ქართული ოცნების“ რიტორიკის შერბილების ნიშნებს ხედავს პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი.
„მათ [„ქართულმა ოცნებამ“] დაინახეს მოსალოდნელი შედეგი, რომ - თუნდაც რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, იმდენად გამწვავებული და გაფუჭებული იქნება დასავლეთთან ურთიერთობები, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მაინც გარდაუვალი იქნება. ამიტომ თავის გადარჩენაზე მუშაობენ და ცდილობენ შეარბილონ რიტორიკა - რომ არ დააშინონ საკუთარი მომხრეებიც“, - გვეუბნება მელაშვილი და „თავის გადარჩენის“ მცდელობად თვლის - ანტიკორუფციული ბიუროს იმ გადაწყვეტილების შეცვლასაც, რომელიც სამეთვალყურეო ორგანიზაციების შეზღუდვას იწვევდა.
ბრალდებების ანატომია
„არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით“, - წერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელიც, 1 ოქტომბერს, სწრაფად მოჰყვა აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ტექსტს. ქარდის სახით ფეისბუკზე გამოქვეყნებული გზავნილი შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საფინანსო დავებთან კავშირში.
„[აშშ-ის] საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ“, - წერს ივანიშვილი, მაგრამ იქვე იმასაც განმარტავს, რომ:
- გლობალურ ომის პარტიას აქვს „პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში“;
- და რომ „ფინანსური შანტაჟის“ დასრულებამდე, ის უარს აცხადებს „ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“.
„ოცნება“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო“, მაგრამ ეს ფული „აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“. საქმე ამ ეტაპზე ბერმუდის სასამართლოშია და საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენებიდან გამომდინარე უნდობლობას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დაპირისპირება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიწყო.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „პრობლემური“ უწოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ უარის თქმას „ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო“ .
„ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, - აცხადებს ელჩი.
"ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე" ივანიშვილის მიერ ნათქვამი უარი ასევე ქვეყანაზე წინ პირადი ინტერესის დაყენებად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა, თბილისში ყოფნისას, როცა ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო.
მართალია, აშშ-ს გლობალური ომის პარტიად პირდაპირ არ აცხადებდა „ქართული ოცნება“, მაგრამ სწორედ ასეთ სურათს ქმნის „ოცნების“ რიტორიკა მათი მოკავშირეების განცხადებებთან კომბინაციაში.
მაგალითად: 2008 წლის აგვისტოს ომს „ოცნება“ გლობალური ომის პარტიის დაკვეთად თვლის, ხოლო „ხალხის ძალა“, რომელიც საარჩევნოდ კვლავ "ოცნების" წიაღში დაბრუნდა, იმავე ომის დაკვეთაში აშშ-ს ადანაშაულებს.
20 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში „ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს მიმართავს და წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „დავალებების უსიტყვო შესრულებისა და მონური მორჩილების“ ბრალი იყო. დავალებები კი „ოკუპაციის გამოსაწვევად“ სრულდებოდა.
„სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში [2008 წლის ომში] თქვენს [აშშ-ს] როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით... სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი", ხოლო აშშ-ს - სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის“, - ხალხის ძალა ასევე აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ აშშ-მა საქართველოში ფულიც სწორედ საკუთარი მიზნებისთვის დახარჯა - „საყვარელი“ აგენტურის შესანარჩუნებლად.
20 ივნისის წერილში „ხალხის ძალა“ აღნიშნავს ასევე, რომ „აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებულ პოლიტიკას აწარმოებს“.
2022 წლის ზაფხულში, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აქტიურად მიანიშნებდნენ, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მას, სავარაუდოდ, საქართველოს ომში ჩართვა მოსთხოვა.
ამის შემდეგ კი, ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და დაადასტურა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის ფაქტიც, მაგრამ აღარ აუხსნია - შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.
ხელისუფლების მომხრეებმა წერილის ეს პასაჟი „ხალხის ძალის“ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირეს და ჩათვალეს დასტურად, რომ თითქოს ელჩმა ივანიშვილს სწორედ ომში ჩართვა მოსთხოვა.
საპატიო თავმჯდომარის ქონება
გლობალური ომის პარტიის მიმართ „ოცნების“ ყველაზე ადრეული და დღემდე უცვლელი ბრალდება ბიძინა ივანიშვილის ფულს უკავშირდება და პროცესი დღემდე გრძელდება. შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან ბიძინა ივანიშვილის კერძო დავა თვალსა და ხელს შუა სახელმწიფოს პრობლემად იქცა.
2022 წლის მაისში, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ლაპარაკი გარკვეული ძალების წნეხზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და „ქვეყანა ომში ჩაერთო“.
თუკი მანამდე ომში ჩართვის მცდელობებში „ოცნება“ მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართულ ოპოზიციას ადანაშაულებდა, 2022 წლის მაისიდან, ბრალდების სქემაში დასავლეთის კომპონენტიც გაჩნდა.
ამის შემდეგ, მალევე - "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა "ფულით შანტაჟსა და წნეხში" ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეს.
პროსახელისუფლებო მედია ფართოდ აშუქებდა, ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის განცხადებებს, რომ „ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატებია“ და, რომ დამკვეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ სხვებიც.
„ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს!“, - სოციალურ ქსელში დაწერა „ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა ხათუნა ხოფერიამ .
2022 წლის 10 მაისს, დასმულ შეკითხვაზე - გულისხმობდა თუ არა აშშ-ს, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არც დაადასტურა და არც უარყო; ხოლო 11 მაისს, უკვე მწვავე დისკუსიების ფონზე, განაცხადა, რომ ამერიკა არავის უხსენებია და „ეს არის ცარიელი სპეკულაცია“.
იმავე პერიოდში ითქვა, რომ ივანიშვილის ქონების შეფერხების პრობლემები, შვეიცარიის გარდა, სხვა დროს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გამოვლინდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ექსპერტები ორი წლის წინ უკვე შიშობდნენ, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს შესწიროდა.
შეთქმულების თეორიები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა, თბილისში ყოფნისას, "გლობალური ომის პარტიის" თეორიას შეთქმულების თეორია უწოდა.
„რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის თეორიებს და იმას, თითქოს გლობალური ომის პარტიას სურს "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ჩემი აზრით, ესაა ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 2024 წლის მაისში.
ამერიკის ელჩისადმი მიძღვნილ ბოლო წერილში ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დონალდ ტრამპის მომხრეებში ფეხმოკიდებულ შეთქმულების თეორიას უკავშირებს - Deep state-ს.
„აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები“, - წერს ივანიშვილი თავის მორიგ წერილში
Deep state-ის თეორიის თანახმად, არსებობს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემა - რომელიც საზრდოობს საიდუმლო ქსელების ძალაუფლებით, კანონიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და საკუთარი ინტერესების მისაღწევად. თეორიის მიმდევრების თანახმად, ქსელის შემადგენლობაში არიან აშშ-ის ძალოვანი უწყებების [FBI, CIA] წარმომადგენლები, ასევე მსხვილი ფინანსური და ინდუსტრიული კორპორაციების ლიდერები.
დავით ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ყოველთვის სჯეროდა, რომ კულუარებიდან იმართება მთელი მსოფლიო", ხოლო პრეზიდენტები და საჯარო ფიგურები მხოლოდ "მარიონეტები არიან“ და გადარწმუნება შეუძლებელი იყო.
„მას [ბიძინა ივანიშვილს] არ სჯერა პროცესების თავისთავადობის - უბრალოდ არ სჯერა, რომ აი, რაღაც თავისით ხდება და მანიპულირებადი არ არის. 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს სადმე, მისთვის ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად ვიღაცამ გამოიყვანა, ვიღაცამ გააკეთა ამის ორგანიზება. არ დაუშვებს [ვერსიას], რომ თავისით გამოვიდნენ ადამიანები, რაღაც მიზეზის გამო. სულ ასე უყურებდა ის ყველაფერს“, - დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი "საბჭოთა ადამიანის" განსახიერებაა, რომელსაც საქმეების მოგვარება მხოლოდ კულუარებში წარმოუდგენია.
გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვაშინგტონში ან ბრიუსელში იღებენ - „ოცნებას“ ოფიციალური მმართველების გადაწყვეტილებებად არ მიაჩნია:
პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების შესახებ.
„გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის [ბაიდენის] ადმინისტრაციაზე“ და, რომ „ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება“. ირაკლი კობახიძე აშშ-ს ხშირად დეოლიგარქიზაციასაც ურჩევს.
კობახიძეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან უპასუხეს, რომ - აშშ-ში, „მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით“, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხელისუფლება იღებს.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელსაც ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად თვლიან, უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ აშშ-ს რამდენიმე უმდიდრესი ოჯახი მართავს. 16 სექტემბერს კი, პროსახელისუფლებო „იმედმა“ გამოაქვეყნა მისი მორიგი ციტატა, რომ - ოლიგარქიული ოჯახები „ბაიდენის მაგივრად მართავენ - ამერიკას, ფონ დერ ლაიენის მაგივრად - ევროკავშირს, მაკრონის მაგივრად საფრანგეთს, შოლცის მაგივრად - გერმანიას და ზელენსკის მაგივრად - უკრაინას“, ხოლო „იგივე ოჯახები 2004-2012 წლებში სააკაშვილის ხელით მართავდნენ საქართველოს“.
შათირიშვილმა პირველმა ჩამოთვალა კომპანიები, რომლებიც, შეთქმულების თეორიის თანახმად, მსოფლიოს მართავენ: „ბლექროკი“, „ვანგარდი“, „სტეიტ სტრიტი“ და „ფიდელიტი“. შათირიშვილის აზრით, "ბლექროკი“ უკრაინაში მიმდინარე ომში ფინანსური მოგებით არის დაინტერესებული. „ბლექროკი“ უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც „ეპლის“, „მაიკროსოფტის“, „მეტას“, „ამაზონისა“ და სხვათა აქტივებს მართავს.
"გლობალური ომის პარტიას ჩვენ ვუწოდებთ ოჯახების გაერთიანებას, რომლებიც ფლობენ წამყვანი ეკონომიკური, ტრანსნაციონალური კორპორაციების უზარმაზარ წილს მსოფლიოში და მათ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, მრჩევლების სახით, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციაში. ასევე მათ თავიანთი წარმომადგენლობა აქვთ ევროკომისიაში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ მათ ვუწოდებთ მათ აგენტებს, ასე ვთქვათ“, - ეს უკვე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, ეკა სეფაშვილის სიტყვებია - იუთუბზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ინტერვიუდან. სეფაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, ხოლო მომავალი არჩევნებისთვის კვლავ მმართველი პარტიის სიაშია, 53-ე ნომრად.
ამავე სიაშია დეპუტატი მარიამ ლაშხიც - რომელმაც მაისში, ბრიტანულ The News Agents-ს აუხსნა, რომ გლობალური ომის პარტია მისთვის „თავისუფალ მასონებთან“ იგივდება და, რომ თავადაც აღიარებს მასონების გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე.
ფორუმი