Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ძალა" აშშ-ის დახმარებას აუფასურებს - როგორია საქართველო სტრატეგიული პარტნიორის გარეშე


საქართველოს და ამერიკის დროშები
საქართველოს და ამერიკის დროშები

„ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალა“ დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკას აგრძელებს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სიკეთეებს ეჭვის ქვეშ აყენებს. ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაცვლად ლაპარაკობს - ბოლომდე აუფასურებს აშშ-ის დახმარებას.

ბრალდებებით აღსავსე მორიგ წერილში „ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარება, ძირითადად, „აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდება“. მათთვის ეჭვებს იწვევს 2008 წელს, რუსეთთან ომის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული დახმარება.

თავად ომი კი, როგორც ამბობენ, არა რუსეთის, არამედ - აშშ-ის „დავალებების უსიტყვო შესრულებისა და მონური მორჩილების“ ბრალია.

„სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს "ოკუპანტი", ხოლო აშშ- - სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის“, - აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას „ხალხის ძალა“ „ფურცელზე დაწერილ და ჰაერზე ნათქვამს“ ეძახის.

2008 წლის ომამდე რუსეთს უკვე ოკუპირებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად - უკვე იყო ოკუპანტი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გამოხატავს და რუსული ინტერესებით განპირობებულ დაკვეთას ასრულებს.

  • რა მოხდება, თუკი აშშ-თან უპრეცედენტოდ დაძაბული ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტით დასრულდება და დახმარებაც შეწყდება?

სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეში

„როგორც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, - აღნიშნავს პარტია „ხალხის ძალა“ 20 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ძირითადი ადრესატები აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და თავად ამერიკის შეერთებული შტატები არიან.

„ქართული ოცნებიდან“ ერთ დროს „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც პარტიად იქცა და კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაშია, აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „არაადეკვატური, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკის“ წარმოებაში ადანაშაულებს.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში მოეწერა ხელი. ეს დოკუმენტი ურთიერთობების თითქმის სრულ სპექტრს ასახავს და 4 საკვანძო კატეგორიას გამოყოფს: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა/ვაჭრობა/ენერგეტიკა; დემოკრატია/კარგი მმართველობა და ხალხთა შორი ურთიერთობები.

ქარტიის კომისიისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები 3 წელია არ გამართულა.

„სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 მაისს გამოაცხადა. თუმცა ამას წინ უძღოდა „აგენტების კანონის“ დამტკიცება, ვაშინგტონის არაერთი წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად. ასევე, საკმაოდ ხანგრძლივი კონფრონტაცია და თბილისიდან ვაშინგტონის დადანაშაულება - „გლობალური ომის პარტიის“ გეგმით მოქმედებაში.

აშშ-სთვის დღემდე გაუგებარია - რას წარმოადგენს „გლობალური ომის“ პარტია.

„აგენტების კანონს“ აშშ-ში „რუსული სტილის“ კანონად თვლიან, რომელშიც დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმის განმტკიცების პერსპექტივას ხედავენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაამტკიცა სავიზო შეზღუდვები, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. სენატსა და კონგრესში კი, სანქციების დასაწესებლად და სხვა ზომების მისაღებად ორპარტიული პროექტები განიხილება.

ვიდრე ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება გამოქვეყნდებოდა, „ქართულ ოცნებაში“ უკვე ლაპარაკობდნენ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისა და გადახედვის აუცილებლობაზე.

„ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ 3 მაისს X-ზე, როცა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბრის დეტალებს განმარტავდა.

  • მანამდე, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არ ჩავიდნენ აშშ-ში, სადაც სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების საკითხების განსახილველად მიიწვიეს. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა 2 მაისს განაცხადა.
  • 14 მაისს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ჯეიმს ო’ბრაიენი ჩამოვიდა. მასთან შეხვედრაზე უარი თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

„ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს, როგორც მტერს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას“, - განაცხადა ელჩმა დანიგანმა, 18 ივნისს, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში და დახმარების მიმართულებებიც ჩამოთვალა: თავდაცვის ძალების შექმნა, წვრთნა, აღჭურვა, საზღვრის დაცვის სისტემის გაუმჯობესება.

ელჩმა ახსენა, რომ 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ - სინამდვილეში, აშშ-ის დახმარება „ოთხი მილიარდიც არ არის“ და ისიც თქვენივე აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდებაო.

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად, ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „ინტერპრესნიუსთან“.

ამერიკული დახმარება

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ დასავლეთის ქვეყნების და უპირველესად - აშშ-ის დახმარების გარეშე საქართველოს სახელმწიფო, შესაძლოა, მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდეს და ამის დასტურად კიბერუსაფრთხოების სფეროს მაგალითიც კმარაო.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის აუცილებელია. ეს არის საბანკო სექტორი, წყალმომარაგების სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, პორტები და ასე შემდეგ. ამ ყველა სფეროს კომპიუტერული სისტემა მართავს. მაგალითად, კომპიუტერული სისტემა მართავს - წყალი რა წნევით მიეწოდებოდეს ქალაქს - კიბერთავდასხმის შედეგად, შესაძლებელია, ქალაქი დარჩეს უწყლოდ.

მაგალითად, უკრაინა რუსეთმა [ამ გზით] დატოვა ელექტროენერგიის გარეშე. საბანკო კოლაფსი შეიძლება მოხდეს და ხალხს ფულზე წვდომა აღარ ჰქონდეს, რაც მასობრივ არეულობაში გადაიზრდება. ამ ყველაფრის დაცვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახერხებდით დღემდე“, - გვეუბნება ანდრო გოცირიძე, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობებზე და 2014-2016 წლებში თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი იყო.

გოცირიძე ამბობს, რომ „აშშ განსაკუთრებით ეხმარება კიბერთავდაცვას, თავდაცვის სამინისტროს ხაზით“ და საქმე იმდენად წინ არის წაწეული, რომ - საქართველო ამჟამად ნატოს ინფორმაციის გაცვლის პლატფორმაშიც არის ჩართული, რაც დასავლეთთან დისტანცირების შემთხვევაში, ვეღარ გაგრძელდება.

დიდია აშშ-ის დახმარების მასშტაბები თავდაცვის სფეროში და მათ შორის - 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.

„ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები [ვაშინგტონიდან]. ჩართული იყო სამხედრო ფლოტი, სამხედრო ავიაცია. სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დილეტანტს მარტო ავტომატებით შეიარაღებული დესანტის გადმოსხმა ეგონოს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ავიამზიდი შემოვიდა. სამხედრო გემმა შემოიტანა ის დახმარება, რომელზეც პრორუსული პარტიები ხუმრობენ, ვითომ - წყალი და "პამპერსი" იყოო. სინამდვილეში, ეს იყო ზუსტი მესიჯი რუსეთისთვის, რომ რუსეთის წინსვლა შესაძლოა უკვე კონფრონტაციაში, ესკალაციაში გადაზრდილიყო დასავლურ სამყაროსთან“, - ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ რადგან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვითარება შეცვლილია და დასავლეთის რუსეთზე ამ ტიპის ზემოქმედება უკვე შეუძლებელია, მით უფრო ახლაა საჭირო, რომ - „საქართველო ჩქარობდეს აშშ-თან და დასავლეთთან დაახლოებას - ვიდრე რუსეთს ხელ-ფეხი აქვს შეკრული უკრაინაში“.

  • კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარება 1 მილიარდზე მეტი იყო.
  • ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარება - 38 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
  • საქართველომ ამ პერიოდში მიიღო კიდევ 100 მილიონი დოლარი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან“ (MCC).

მანამდე:

  • 1990-იან წლებში, აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის გამოყო 860 მილიონ დოლარზე მეტი (წელიწადში, საშუალოდ, 96 მილიონი)
  • 2001-2007 წლებში დახმარების ჯამი 945 მილიონ დოლარზე მეტი იყო (წელიწადში, საშუალოდ - 135 მილიონი)
  • 2005 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო - გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, აგრობიზნესისთვის. ამ ხაზით - 2006-2011 და 2014-2019 წლებში, სულ 535 მილიონი გამოიყო.

სხვა დახმარება:

  • 2010 წლიდან 2016 წლამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება წელიწადში, საშუალოდ, 77 მილიონი დოლარი იყო.
  • 2010-2017 საბიუჯეტო წლებში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ - 60 მილიონი დოლარი იყო.
  • 2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის - 70.8 მილიონი მიიღო.
  • 2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს 89.8 მილიონი გამოუყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ინფორმაციით, 1992-დან საქართველომ აშშ-სგან დახმარების სახით - 5.7 მილიარდი დოლარი მიიღო. USAID-ის დახმარება 133.5 მილიონ დოლარს შეადგენდა; ხოლო კოვიდთან ბრძოლის ხაზით - 27.2 მილიონს.

როგორც USAID-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას - უკვე 2022 წლის ბიუჯეტი 76 მილიონი დოლარი იყო, მთავრობის სხვა დახმარება - 52 მილიონი დოლარი; ხოლო, ჯამში, საქართველოს წლიურმა დახმარებამ, 2022 წელს, 128 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

USAID-ის პროგრამები შეეხება: თემების გაძლიერებას, მათ შორის - ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე, ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების შექმნას მოსახლეობისთვის, მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას და საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპარლამენტო მოხსენების ტექსტის თანახმად, 2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო: 35 მილიონი დოლარი - საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) და 37 მილიონი დოლარი - აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333-ე პარაგრაფის ფარგლებში; ხოლო 2024 წლისთვის - 55 მილიონი დოლარის მიღება იგეგმებოდა. აქვე ვკითხულობთ, რომ „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.

ქართული არმიის წვრთნის, აღჭურვისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მხრივ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს გარდა, აშშ-სთან დისტანცირება ანდრო გოცირიძისთვის არაღიარების პოლიტიკის დაზიანებასაც ნიშნავს, რადგან სწორედ „ამერიკის წონაზეა ჩამოკიდებული აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება“, როცა რუსეთი სხვადასხვა გზით, მათ გადაბირებას ცდილობს.

ეკონომიკური უსაფრთხოება, კეთილდღეობა

თუკი არ არის უსაფრთხოება, არ არის კეთილდღეობა; ხოლო კეთილდღეობა, თავის მხრივ, განაპირობებს უსაფრთხოებას. ეკონომიკური უსაფრთხოება გადამწყვეტია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

„ჩემთვის აუხსნელია მთავრობის ქმედებები ეკონომიკური ანალიზის პერსპექტივიდან, მაგრამ ეს ქმედებები დამაზიანებელია საერთო კეთილდღეობისთვის...

ისედაც არ ვიყავით მიმზიდველი დასავლური ინვესტორებისთვის, მაგრამ ახლა, როცა ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთთან წინააღმდეგობაში მოდის, როდესაც არ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და ამ სასამართლოს ხელმძღვანელი პირები აშშ-ის მიერ არიან სანქცირებული და სხვა პირების სანქციებზეც არის საუბარი - ინვესტორისთვის ეს შეიძლება გახდეს გადაფიქრების საფუძველი“, - ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, ეგნატე შამუგია ამბობს, რომ ყველაზე უარესი და „მართლა ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება“, თუკი რისკის ქვეშ დადგება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რადგან ეს სეგმენტი საგარეო ვაჭრობის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს და სამუშაო ადგილებსაც ქმნის. შამუგია მაინც იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში [წინასწარი] ევროკავშირთან ვაჭრობა იყო:

  • მთლიანი იმპორტის - 26.5% - 1 628 999 000 დოლარი;
  • მთლიანი ექსპორტის - 9.1% - 206 622 100 დოლარი.

2024 წლის იანვარ-მაისში [წინასწარი], აშშ-სთან ვაჭრობა მთლიანი იმპორტის - 9.8%-ს შეადგენდა - 601 442 200 დოლარს; ექსპორტის მოცულობა კი - 38 961 700 დოლარი იყო.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ - საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს“.

„თუკი დღემდე, ბოლო 35 წელი საქართველო მხოლოდ „დღევანდელი დღის“ პოლიტიკით ცხოვრობდა, დღეიდან ეს პოლიტიკური სტაგნაცია დასრულდა... როგორც ჩანს, ეს არ მოსწონს ჩვენს სტრატეგიულ მეგობარს და ამიტომ უპირისპირდება საქართველოს პროგრესულ სვლებს როგორც პოლიტიკაში, ასევე - ეკონომიკაში“, - ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ „დღევანდელი დღის პოლიტიკით“ ცხოვრება „ეს არის სტრატეგია, როდესაც არც საკმარისად ვითარდები და არც დამოუკიდებლად შეგიძლია არსებობა“.

„ხალხის ძალის“ მომავლის სტრატეგიაში ჩინეთთან ღრმა ურთიერთობები შედის და, შესაბამისად - აღიზიანებს აშშ-ის ელჩის უარყოფითი შეფასებები ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენების გეგმაზე თუ შეკითხვა - „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან [ჩინეთის კომუნისტური პარტია], რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“.

„ინტერპრესნიუსთან“ ელჩი დანიგანი განმარტავს, რომ - „რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს“, ხოლო ანაკლიის პორტის მშენებელი „CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან“.

მესიჯების მსგავსება

თუკი დავაკვირდებით, „ხალხის ძალას“ ახალი არაფერი უთქვამს. წერილში კონცენტრირებულია ბოლო წლების და განსაკუთრებით - ბოლო თვეების რიტორიკა, რაც, მათ შორის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ისმოდა.

მაგალითად, პარტიის მილიარდერმა „საპატიო თავმჯდომარემ“, ბიძინა ივანიშვილმა, 29 აპრილს, კონტრაქციაზე თქვა, რომ - უცხოური დახმარების „ერთადერთი მიზანი“ „საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა და სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“.

რუსთაველის გამზირზე გამოსვლისას, ივანიშვილმა იმ დღეს პირობა დადო, რომ პრინციპულად და თავდადებით“ იბრძოლებს ქვეყნის სუვერენიტეტის „სრულად აღსადგენად“ და, რომ ამისთვის სჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონიც [„აგენტების კანონი“].

2008 წლის ომი ივანიშვილმა არა რუსეთს, არამედ დასავლეთს დააბრალა და თქვა, რომ „მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2012 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“.

„ოცნება“ განმარტავს, რომ „გლობალური ომის პარტია“ აშშ და ევროკავშირი არ არიან, მაგრამ აშშ-ც და ევროკავშირიც სწორედ ამ გაურკვეველი პარტიის დავალებებით მოქმედებენ.

სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, აშშ-მა საქართველოს კიდევ მისცა შანსი - რთული ვითარების გამოსწორებისთვის; მაგრამ თბილისს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს და მალევე გამოჩნდა, რომ არც აპირებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG