მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან „ქართული ოცნება“ ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავს ყველასთან, მათ შორის "გლობალური ომის პარტიასთან“.
პრემიერმა დაასახელა ურთიერთობის დალაგებისთვის საჭირო სამი ფაქტორი.
„ინტერესები არის დროებითი, იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები (საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და აშშ-ში - საპრეზიდენტო) და ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული ადრესატიც დაასახელა: „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთან, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“.
ჟურნალისტის რეპლიკას, არ ვიცით, ვის გულისხმობთ ამ ტერმინის [„გლობალური ომის პარტიის"] ქვეშ, - კობახიძემ უპასუხა: „ეს თქვენი ფანტაზიის საქმეა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“.
ირაკლი კობახიძემ 2023 წლის მაისში თქვა, რომ „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას, - მიუხედავად იმისა, რომ „სერიოზულ რისკებთან, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული“, - „ალტერნატივა არ აქვს“.
ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“. სწორედ ამ ძალას უკავშირებს ივანიშვილი 1,2 მილიარდი დოლარის ზარალს, რომელიც მას Credit Suisse-ის თანამშრომლის, ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის გამო მიადგა.
ამასთან, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.
„ქართული ოცნების“ განცხადებებს აშშ-ის საელჩო საქართველოში 1 ოქტომბერს გამოეხმაურა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ - განაცხადა საელჩომ.
ფორუმი