„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის მიზნები ასეა ჩამოყალიბებული:
- მოახდინოს დანაშაულის პრევენცია;
- გამოიძიოს და გახსნას დანაშაული;
- ხელი შეუწყოს დაკარგულ ადამიანთა იდენტიფიკაციას.
კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. სამინისტრო განმარტებით ბარათში წერს, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა გამოცდილი საერთაშორისო პრაქტიკაა, რაც დამნაშავეთა სწრაფ იდენტიფიცირებას უწყობს ხელს.
დნმ-ის მონაცემები დღეს ფრაგმენტულად არსებობს - სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დნმ-ის ანალიზი გროვდება, ასევე ადამიანები საკუთარი სურვილით იკეთებენ დნმ-ის ანალიზს, თუმცა ინფორმაციის შეკრებას სტრუქტურიზებული ფორმა არ ჰქონია და მონაცემები ერთ ბაზაში თავს არ იყრიდა.
უწყებამ კანონით განსაზღვრა ის მოქალაქეები, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ ვალდებულები იქნებიან დნმ-ის ტექსტი გაიკეთონ. ესენი არინ ბრალდებულები და მსჯავრდებულები.
დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან აღებული გენეტიკური პროფილებიც.
გარდა ამისა, ნებისმიერს ექნება საშუალება თავისი გენეტიკური პროფილი დნმ-ის ბაზაში განათავსოს. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კანონპროექტის განხილვის ამ ეტაპისთვის ვერ აზუსტებს, ექნებათ თუ არა მოქალაქეებს დნმ-ის ბაზაში დაცულ მონაცემებზე წვდომა.
კითხვაზე, აჩვენებს თუ არა ბაზა ნათესაურ კავშირებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის კანონპროექტის მიზანი „დანაშაულზე რეაგირებაა“, თუმცა თუ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამ ბაზის სხვა მიზნებისთვის გამოყენებასაც დაისახავს მიზნად, ეს ჯერ სამართლებრივად უნდა დაასაბუთოს, შემდეგ კი მომსახურების საფასური განსაზღვროს.
მინისტრის მოადგილე ამატებს, რომ არ არის გამორიცხული ეს საკითხი მთავრობის დადგენილებაშივე დაზუსტდეს, რომელიც კანონის დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნებდა. ამ დადგენილებით გაიწერება დნმ-ის ნიმუშების შეგროვების, შენახვის და კანონის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო სხვა წესები. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებიც საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს.
ბიოლოგიური ნიმუშების მოპოვების უფლება ექნება:
- ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს.
უფლებამოსილი თანამშრომელი ექსპერტიზის ბიუროში ან შს სამინისტროში დასაქმებული ექსპერტია ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული სხვა თანამშრომელი.
დნმ-ის ბაზაში ერთხელ რეგისტრაციის შემდეგ, ბიოლოგიურ ნიმუშს განმეორებით აღარ მოიპოვებენ. ბაზაში დაცული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაშიც აისახება და მასზე წვდომა ექნებათ საგამოძიებო ორგანოებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.
გარდა ამისა, კანონი იძლევა შესაძლებლობას გაიცვალოს გენეტიკური ინფორმაცია სახელმწიფოებს შორის ან გადაეცეს ის საერთაშორისო ორგანიზაციებს.
გენეტიკური პროფილი ყველაზე ხანგრძლივი 75 წლის ვადით ინახება იმ შემთხვევაში, თუ ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს ეკუთვნის. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლით შეინახება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათის ხარჯვის ქვეთავში, წერია, რომ 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშისთვის დნმ-ის ტექსტის ჩატარებისა და ბიოლოგიური პროფილის შექმნისთვის 13 121 790.11 ლარია საჭირო.
საშუალოდ 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად საჭირო ხელსაწყოების შეძენას, პირველ ეტაპზე, განმარტებითი ბარათის მიხედვით, დონორი ორგანიზაცია ( არ არის დაზუსტებული რომელი ორგანიზაცია იხდის ხარჯებს) 507 974.75 აშშ დოლარით დააფინანსებს.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ბაზის ფორმირებას საბოლოოდ 15 მილიონი ლარი დასჭირდება.
9 სექტემბერს კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება, ამიტომ შესაძლოა მისი განხილვა და დამტკიცება მოქმედმა პარლამენტმა ვერ მოასწროს. დამტკიცების შემთხვევაში კანონი 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
საარჩევო წელს, პარლამენტი ვალდებულია საქმიანობა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ანუ 26 სექტემბრამდე შეაჩეროს.
ფორუმი