წითელი ჯვრის მიერ მოძიებული, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომების დროს გაუჩინარებული 621 ადამიანიდან ნახევრის ვინაობა ჯერაც დაუდგენელია.
30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, რადიო თავისუფლება წლების განმავლობაში გზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულთა ცხედრების ჩამოსვენების ამბებს იხსენებს.
"ვერ ვიმეტებდი სიკვდილისთვის"
2024 წლის მარტი. სამების საკათედრო ტაძარში 12 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდს იხდიან. გოჩა პაპაჩაშვილის კუბოსთან და და დედა სხედან. გოჩას ჯერ ცოცხალს და მერე მიცვალებულს დიდხანს ეძებდნენ, მხოლოდ ახლა მიაგნეს. „ვფიქრობდი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მერე ვერ ვიმეტებდი სიკვდილისთვის“, - ამბობს მისი და ანა პაპაჩაშვილი.
მთელი ოჯახი დაიღუპა
2023 წლის დეკემბერი - სამებაში დალი სანაიას წინ ხუთი კუბო დევს. „მამაჩემის ძმა და მისი ორი შვილი გადმოასვენეს. მათი დედა და ბებია ჯერ ისევ აფხაზეთში არიან დაკრძალულები. მთელი ოჯახი ამოწყდა, ჩვენ დავრჩით ჭირისუფლები. ბიჭები გვარდიაში იყვნენ და კინდღში შეტაკებისას დაიღუპნენ. ბიძაჩემის ცოლის ძმისშვილებიც გადმოასვენეს, 20 და 18 წლისები იყვნენ, სამხედროები, კოდორის ხიდს იცავდნენ“, - ამბობს დალი.
როგორც უცნობი ისე დამარხეს
2022 წლის დეკემბერი - სამებაში სხვა მიცვალებულებთან ერთად ხვიჩა დეკანოსიძე ასვენია. ჯარში 19 წლის გაიწვიეს. ერთ წელიწადში ომი დაიწყო და აფხაზეთში წავიდა. 30 წლის შემდეგ მისი საფლავი აფხაზეთის ნაცვლად თბილისში იპოვეს.
„როგორ დაიღუპა, მეც არ ვიცი. 30 წლის შემდეგ, ახლა გავიგე, რომ გარდაცვლილი ყოფილა, დღემდე არ გვჯეროდა. მამა შეეწირა ამ ამბავს. რომ დაიკარგა, ვეძებდით. ომის დროს ბიძაჩემი სოხუმში ჩავიდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. მამაჩემი მორგში დაიბარეს ამოსაცნობად, იქაც არაფერი. ახლა გავიგეთ, რომ თავის ქალა ჰქონია ახდილი, ალბათ ამიტომ გაუჭირდათ ამოცნობა. წითელი ჯვრის საშუალებით დნმ ანალიზი გაკეთდა და ასე ვიპოვეთ. თურმე ომი რომ დამთავრდა, მაშინვე გადმოუსვენებიათ თბილისში, მაგრამ რომ ვერ ამოიცნო ვერავინ, როგორც უცნობი ისე დამარხეს“, - ამბობს ხვიჩას და მარიამ დეკანოსიძე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, როგორც ნეიტრალურმა ორგანიზაციამ, უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიება 2010 წლიდან დაიწყო. შეიქმნა ორი საკოორდინაციო ჯგუფი, ერთი აფხაზეთის ომის დროს გაუჩინარებულების მოძიებას ხელმძღვანელობს, მეორე - ცხინვალის რეგიონში ომების დროს გაუჩინარებულებისას. პირველი მექანიზმის მონაწილეები ქართველები და აფხაზები არიან, მეორის - ქართველები, ოსები და რუსები.
უსახელო ცხედრები სოხუმის ლაბორატორიაში
წითელი ჯვრის ბაზაში სულ 1967 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანია რეგისტრირებული, - ისინი, ვისმა ახლობლებმაც ორგანიზაციას მიმართეს და თავიანთი დნმ ჩააბარეს. 1849 კაცი აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, 118 - ცხინვალის რეგიონში ომების დროს.
დღემდე წითელმა ჯვარმა 621 ადამიანის ნეშტი იპოვა, მათგან მხოლოდ 316 ამოიცნეს და გადასცეს ახლობლებს. დანარჩენი 305 ცხედრის დნმ ბაზაში არსებული ოჯახების დნმ-ს არ დაემთხვა. ნეშტები, რომლებიც ამოცნობილი არ არის, ლაბორატორიებში რჩება. წითელი ჯვარი მოსახლეობას ხშირად სთხოვს, თუ ვინმეს ომის დროს ახლობელი დაეკარგა, მათ მიმართონ, იქნებ, რომელიმე ცხედარს პატრონი გამოუჩნდეს.
„აფხაზეთში სამარხების გათხრის შემდეგ ნეშტებს სოხუმის ლაბორატორიაში, ყუთებში აწყობენ. თითოეულ ნეშტს თავისი კოდი აქვს. მონაცემები იგზავნება უცხოურ ლაბორატორიაში. როდესაც პასუხები ბრუნდება, ნეშტს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი მიენიჭება. თუ ახლობლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ცხედრებს თბილისში გადმოასვენებენ, თუ აფხაზეთში - სოხუმში რჩება და იქ გადასცემენ ოჯახებს. არის ნეშტები, რომელთა დნმ ჩვენს ბაზას არ ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ან უკვე აღარ არიან ცოცხლები, ან ჩვენთვის არ მოუმართავთ“, - ამბობს მაია ქარდავა, წითელი ჯვრის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეცდომით დამარხული სხვისი მიცვალებულები
მას შემდეგ, რაც წითელმა ჯვარმა დნმ-ის საფუძველზე ცხედრების ამოცნობა დაიწყო, აფხაზეთში რამდენიმე ისეთი მიცვალებულიც აღმოჩნდა, რომლებიც ოჯახის წევრებს უკვე კარგა ხნის გადმოსვენებული და დაკრძალული ეგონათ.
მაია ქარდავა ამბობს, რომ 90-იან წლებში აფხაზეთიდან ცხედრებს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე გადმოასვენებდნენ ხოლმე. ამის გამო რამდენიმე ოჯახმა შეცდომით სხვისი მიცვალებული დაკრძალა და წლების განმავლობაში მას გლოვობდა.
„არის ოჯახები, რომლებმაც 90-იან წლებში ახლობელი დაკრძალეს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მათი დნმ სულ სხვა ნეშტს ემთხვევა. ჩვენ გვიწევს ძალიან მძიმე მოლაპარაკება ამ ხალხთან, რომ მიცვალებულს, რომელსაც წლების განმავლობაში თავისად მიიჩნევდნენ, ექსჰუმაცია ჩავუტაროთ და მათ სამეცნიერო წესით ამოცნობილი ნეშტი გადავცეთ“, - ამბობს მაია ქარდავა.
„სანამ არ გამოჩნდება“...
უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ასოციაცია „ნდობის“ ხელმძღვანელი ნანა აღაპიშვილი ამბობს, რომ ახლობლის გაუჩინარებას ადამიანები ძალიან რთულად უმკლავდებიან. წლების განმავლობაში მათ ხან იმედი აქვთ, რომ ოჯახის წევრი ცოცხალია, ხან კი - პირიქით.
„ემოციურად ძალიან წვალობენ, დეპრესიაც აქვთ, შფოთვაც. ასეთი ქრონიკული სტრესი ძალიან ფიტავს ადამიანს. ახასიათებთ დათქმები, მაგალითად: „სანამ არ გამოჩნდება, არაფერს შევცვლი სახლში“, „სანამ ჩემი ძმა არ მოვა, არ გავთხოვდები“, „სანამ არ დაბრუნდება, პიანინოზე არ დავუკრავ“... მის კუთხეს, ოთახს არ ცვლიან, - ამბობს ნანა აღაპიშვილი, - ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ცხოვრება გააგრძელონ. ახლა, სანამ არაფერი იციან, თავს ხალისის, წინსვლის უფლება მისცენ და მერე, როდესაც რამეს გაიგებენ, მოცემულობა უკარნახებს, რა გააკეთონ“.
ოჯახისთვის ნეშტის მოძიება ძალიან დიდი ნუგეშია, საფლავი კი - ადგილი, სადაც მივლენ და გარდაცვლილს მოიგონებენ.
„რამდენიმე წელი ჯერაც იმედი გვქონდა, მერე კი გავაცნობიერეთ, რომ აღარ იქნებოდა ცოცხალი. მადლობა ღმერთს, ახლა საფლავი მაინც გვექნება“, - ამბობს ნანა წულაია, 28 წლის ბადრი გაბელაიას მამიდაშვილი. ბადრი აფხაზეთიდან 2024 წლის მარტში გადმოასვენეს.
წითელი ჯვარი აგრძელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას. დღემდე მნიშვნელოვანია, გაუჩინარებულების ახლობლებმა მიმართონ წითელ ჯვარს და მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციას ადამიანების პოვნაში დაეხმარება.
ფორუმი