Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება არასამთავრობოების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ნახეთ რას არ აქვეყნებს თვითონ - კვლევის შედეგები


საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

სამი წელი და ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყო. თუმცა ამ დრომდე არ აქვს უწყებას ვებსაიტი, რომელზეც უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას „საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესუ­რს­ზე“. იმავე დადგენილებაში ჩამოთვლილია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სახეები. მათ შორის:

  • წლიური ანგარიში;
  • ხელმძღვანელი პირების ვინაობა, ბიოგრაფია, ფოტო;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტები;
  • მონაცემები ბიუჯეტზე
  • და სხვა.

ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მუდმივად იმეორებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გაუმჭვირვალეა და აუცილებელი იყო მიეღოთ კანონი, რომელიც მათ ფინანსური მონაცემების გამოქვეყნებას დაავალდებულებდა. ამის გამო მათ მიიღეს „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა თბილისის ქუჩებში.

იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო, 15 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ გამოქვეყნა მონაცემები 500-მდე ორგანიზაციის შესახებ.

მათი მონაცემებით:

  • ორგანიზაციების 51%-ს არ აქვს ვებსაიტი;
  • 62%ს - დონორის დასახელება;
  • 68% - პროექტის დასახელება;
  • 97%-ს წლიური ანგარიში;
  • 70%-ს გუნდის შესახებ.

„ამ კვლევის რეალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საჭიროებაზე პროპაგანდის გაძლიერება და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.

IDFI წლებია იკვლევს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხს. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ხელისუფლება, ორგანიზაციამ 7 კრიტერიუმით შეისწავლა პარლამენტის, მთავრობისა და სამინისტორიების ვებსაიტები და დაადგინა, რომ:

  • უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია;
  • 65%-ს - 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები;
  • კულტურის სამინისტროს 3 წელზე მეტია არ აქვს ვებსაიტი.
IDFI-ის კვლევა
IDFI-ის კვლევა

„აგენტების კანონის“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც საქართველოს ევროპისგან აშორებს.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG