თითქმის სამწლიანი წყვეტის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე პირველად გამოქვეყნდა მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულება. დოკუმენტს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერა აქვს.
დოკუმენტის ნომრით ირკვევა, რომ წელს მთავრობას გამოცემული აქვს კიდევ 180 განკარგულება, თუმცა ისინი ვებსაიტზე არ იძებნება. 12 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი კი შეეხება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვილებების შეტანას.
საქართველოს მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულებების გამოცემა შეწყდა 2020 წლის 26 სექტემბერს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია. მას შემდეგ თითქმის სამი წელი იმუშავა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ხელმოწერით გამოცემული არცერთი განკარგულება არ იძებნება მთავრობის ვებსაიტზე.
პარტია "ქართული ოცნების" საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველა "ნაცი", "ნაცმედია" და "გახარიები" ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების [გამოქვეყნდეს გადაწყვეტილებები] შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს და მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით...
არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, პრაქტიკა გაგრძელდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტის დიზაინი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ევროკავშირის დაფინანსებით განახლდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ისევ ძველი "ინტერფეისი" დააბრუნეს.
რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობს მიზეზის დადგენას.