Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ასახელებს მიზეზს, რის გამოც არ ქვეყნდებოდა ღარიბაშვილის განკარგულებები 


მამაუკა მდინარაძე
მამაუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების" საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, პრემიერობის დროს გიორგი გახარიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოქვეყნებულიყო განკარგულებები და ამას საბაბად დაურთო ვებსაიტის განახლების მოტივი.

გახარია 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, მას შემდეგ კი თითქმის სამი წელი ირაკლი ღარიბაშვილი.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველა "ნაცი", "ნაცმედია" და "გახარიები" ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების [გამოქვეყნდეს გადაწყვეტილებები] შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს და მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით...

არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, პრაქტიკა გაგრძელდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის საპასუხოდ პარტია "საქართველომ", რომელიც გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ შექმნა, მოითხოვა გასაჯაროვდეს ყველა განკარგულება, რომელიც მთავრობამ გამოსცა 2019 წლის შემდეგ. სწორედ ამ დროიდან აღარ ქვეყნდებოდა ეს სამართლებრივი აქტები მთავრობის ვებსაიტზე. მათ შორის ეს არის დროის ის პერიოდი, როცა გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების ტყუილების სამიზნე ელიტური, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გამო გავხდით, თუმცა, ოცნებას და ყველა მის დამხმარეს გვინდა ვუთხრათ: გაჩერებას არ ვაპირებთ", - თქვა პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა. ის ხელმძღვანელობდა მთავრობის ადმინისტრაციას გახარიას პრემიერობის დროს.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტის დიზაინი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ევროკავშირის დაფინანსებით განახლდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ისევ ძველი "ინტერფეისი" დააბრუნეს.

საქართველოს მთავრობის განახლებული ვებსაიტი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა
საქართველოს მთავრობის განახლებული ვებსაიტი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა

რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობს მიზეზის დადგენას.

საქართველოს მთავრობის ვებსაიტის ძველი ვერსია, რომელიც უკან დააბრუნეს.
საქართველოს მთავრობის ვებსაიტის ძველი ვერსია, რომელიც უკან დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG