რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ სარჩელი დაახლოებით 18:59 საათზე შევიდა, სამუშაო დღის დასრულებამდე 1 წუთით ადრე. სარჩელი კანცელარიამ დაარეგისტრირა, თუმცა წარმოებაში მიღების საკითხი მოსამართლეთა გადასაწყვეტია.
პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო - აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.
ფორუმი