Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. დასკვნა დღეს, 16 ოქტომბერს, გამოაცხადა სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლეთა სრულმა შემადგენლობამ.

"სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუცის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით... საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში", - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:

  • ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
  • განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საკითხი, რომლის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეეხება - ის სექტემბრის დასაწყისში შეხვდა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთისა და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს.

სასამართლო სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

"ქართული ოცნების" არგუმენტები:

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის საქართველოში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ სხვა ქვეყანაში წავა გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე - გამონაკლისის გარეშე.

პრეზიდენტის არგუმენტები:

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში იყო ამავე სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი. ის ამბობდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომლებიც არ ეხება ქვეყნის კურსის ცვლილებას - შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მათ წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს, მთავრობის ნებართვის გარეშე.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

XS
SM
MD
LG