Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი „აგენტების კანონის“ საკონსტიტუციო განხილვაში ჩართვას გეგმავს


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პარლამენტს არ უნდა მიეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით, ამ ეტაპზე უცნობია.

„სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას - ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით თუ სხვა ფორმით...

ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა.

როგორც ცნობილია, დღეს, 15 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მოითხოვს, ჯერ შეჩერდეს „აგენტების კანონის“ მოქმედება, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდეს კანონი.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG