აშშ-მა უკვე დაიწყო საქართველოსთან „თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ პროცესი, რაც დღემდე არაერთხელ დადასტურდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს და ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ ლაპარაკობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ორდღიანი ვიზიტი დატვირთულია შეხვედრებით მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა წინასწარ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელ ქმედებებსა და რიტორიკაზე ილაპარაკებს.
შეხვედრები და მესიჯები
„კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ჩვენ ვართ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 11 ივლისს.
საქართველოს ხელისუფლების ბოლო თვეების მკაფიო გზავნილია, რომ თავად უკან დახევას არ გეგმავს, ხოლო გადატვირთვის, ანუ ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივას აშშ-ისგან ელოდება.
მაგრამ აზრა ზეია თბილისში კომპრომისული წინადადებებით არ ჩამოსულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა გაგვიზიარა შთაბეჭდილება - რომ ვაშინგტონი თვალის დახუჭვას არ გეგმავს და თუკი საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას დემოკრატიის გზაზე არ დააბრუნებს, ახლა რაც ხდება, „მხოლოდ შესავალი“ იქნება.
„წითელი ხაზი ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ გადაკვეთა ამ "რუსული კანონის" ["აგენტების კანონი"] და რამდენიმე სხვა კანონის მიღებით და პრაქტიკულად ომი გამოუცხადა დასავლეთს, ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას; ახდენს კურსის ცვლილებას და უმეგობრდება ქვეყნებს, რომლებიც ითვლებიან ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებად მსოფლიოში“, - ეუბნება უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.
ქვეყანაში შექმნილი ვითარება: ბოლოდროინდელი რეპრესიები, დაუსჯელი ძალადობის არაერთი შემთხვევა - განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ, წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები, ტენდენციები - უჩა ნანუაშვილი ჩამოთვლის საკითხებს, რაზეც 11 ივლისის შეხვედრის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან ილაპარაკა.
ნანუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე კარგად არის ინფორმირებული, თუმცა თბილისში პირველად ჩამოვიდა და შეკითხვებიც ჰქონდა.
ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბარი აზრა ზეიას 2-დღიანი ვიზიტის პირველი შეხვედრა იყო.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე წერს, რომ საზოგადოების ეს სეგმენტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს „საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში“.
„აშშ-ის მოწოდებაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებები ყველასთვის“, - წერია ამავე განცხადების ტექსტში.
"ქართული ოცნება" ისევ ახსნას ცდილობს.
სახელმწიფო მდივანთან შესახვედრად, საპარლამენტო უმრავლესობის ქალი დეპუტატები სასტუმრო „მერიოტში“ მივიდნენ. მათ შორის იყვნენ - ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
„დიალოგს არა აქვს ალტერნატივა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი... ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის, პრობლემურ საკითხებზე და კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის არგუმენტები, მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ კი, ამავე შეხვედრის შემდეგ, X-ზე დაწერა, რომ აშშ ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და დეზინფორმაცია აშშ-ის წინააღმდეგ“, - წერს აზრა ზეია, X-ზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ.
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას უკვე წლებია ცდილობს. თუმცა, როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში მმართველი პარტიის პოლიტიკას სრულიად გაუგებრად და დამაზიანებლად თვლიან.
- „ის [აზრა ზეია] ნათლად ახსნის, რომ ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ დააზარალა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობები“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- ამავე ტექსტის თანახმად, თბილისში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესმება აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას შემდეგ საკითხებზე: კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ [„აგენტების კანონი“], სხვა ანტილიბერალური კანონები, საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკა, „რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა“.
შემდეგ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებს შეხვდა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შედეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი პრობლემური საკითხების ფართო სპექტრს შეეხებოდა და საგანგებოდ ყურადღება დაეთმო ასევე - მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფართო მეთვალყურეობისა და ხმების დაცვის აუცილებლობას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი ოპოზიციისთვის საქართველოს გვერდში დგომის მკაფიო გამოხატულებაა და თვლიან, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
დაძაბულ ფონზე
სულ პირველი პოსტი აზრა ზეიამ სოციალურ პლატფორმა X-ზე, 11 ივლისს, დილის 9 საათისთვის გამოაქვეყნა, მალევე, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სადაც ის, ქართულად მისალმების შემდეგ, ვიზიტის მიზნებად ასახელებს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უცვლელი მხარდაჭერის ხაზგასმას“ და ასეთსავე დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის უფლებების ჩათვლით“.
„აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - წერს ზეია ამავე პოსტში.
„აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ბოლო ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული განცხადებები გააკეთა და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა:
- „სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 მაისს გამოაცხადა.
- 6 ივნისს კი გამოცხადდა ინდივიდუალური სანქციები - სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და კერძო პირებს - ასევე მათი ოჯახის წევრებს. სია არ გასაჯაროებულა.
- წელს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტს აშშ გამოეთიშა. მიზეზად - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები დასახელდა [29 აპრილის].
- 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან იმართებოდა.
29 აპრილს, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა „საერთო-სახალხო შეკრებაზე“ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ და მხოლოდ „აგენტურას“ აფინანსებენ. ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებს 2008 წლის ომს რუსეთთან. ხოლო ივნისში გამოქვეყნებულ წერილში, „ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“ 2008 წლის აგვისტოს ომის ხელშეწყობაში პირდაპირ აშშ-ს სდებს ბრალს.
პარალელურად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში განიხილება კანონპროექტები, რომლებიც სახაზინო სანქციებს გულისხმობს.
11 ივლისს, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო ვილსონის ინიციატივას - MEGOBARI ACT.
აზრა ზაია სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც თბილისს ბოლო ორ თვეში ეწვია.
მანამდე, მაისში, საქართველოში ჩამოვიდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, სანქციების ყოფილი კოორდინატორი, ჯიმ ო'ბრაიენი. მასთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა „ოცნების“ მილიარდერმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ოფიციალური მიზეზი პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განმარტა - ივანიშვილის მილიარდები, რომლებიც ხელში ჩაუვარდა „გლობალური ომის პარტიას“.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღემდე გაურკვეველ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩართვა სურს და ამ მიზნით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. „ოცნების“ განმარტებებით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებით იმართება ოფიციალური სტრუქტურები როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში. აშშ-ისთვის დღემდე გაუგებარია - რას წარმოადგენს „გლობალური ომის“ პარტია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აზრა ზეია საქართველოში 2 დღეს რჩება, ხოლო შემდეგ სომხეთში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ერევანში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი შეეხება „აშშ-სა და სომხეთს შორის პარტნიორობის განმტკიცებასა“ და დემოკრატიული მიღწევების წინ წაწევას კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებებით“.
ფორუმი