კენჭისყრა კომიტეტის სხდომაზე 11 ივლისს გაიმართა. Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დღევანდელი მხარდაჭერა კანონპროექტს გზას უხსნის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრისთვის.
20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს უახლოეს პერიოდში წარედგინებოდა კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა MEGOBARI აქტი.
ფორუმი