Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღება აშშ-ის საელჩოში: „ოცნებას“ სურს დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი რიგზეა


ვინ (არ) მივიდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
ვინ (არ) მივიდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღემ საქართველოს მთავრობის წევრები, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია, არასამთავრობოები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არაერთი სხვა კიდევ ერთხელ შეკრიბა ერთ ადგილას.

საელჩოში წლევანდელმა მიღებამ, 2019 და 2022 წლებისგან განსხვავებით, ექსცესების გარეშე, მაგრამ ამჯერად ინტრიგების თანხლებით ჩაიარა. ეს „აგენტების კანონის“ პასუხად აშშ-ის შემოღებულმა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკამ და მისმა თანხლებმა ბუნდოვანებამ განაპირობა.

„არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი… ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან“, - თქვეს საელჩოში სტუმრად მყოფმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებზეც მედიის ნაწილი წერდა, რომ სანქცირებულთა შორის მოხვდნენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და გაიმეორა, რომ მთავრობა შტატებისგან ელის ნაბიჯებს „ურთიერთობების გადატვირთვისათვის“.

აშშ-საქართველოს შორის ყოველდღიურობა და არსებული კავშირები ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც წლების წინ. და 3 ივლისს გამართულ მიღებაზე ამის ნიშნები კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

პრემიერი სიტყვის გარეშე

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით აღარ გამოსულა.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საელჩოს სტუმრებს მხოლოდ ელჩმა, რობინ დანიგანმა მიმართა.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში, 2024 წლის 3 ივლისი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში, 2024 წლის 3 ივლისი

პრემიერ-მინისტრი მხოლოდ რამდენიმე წუთით ესაუბრა აკრედიტებულ ჟურნალისტებს, ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თქვა:

  • „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
  • ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა.
  • იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
  • ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით“ - უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.

წინა წლებში სიტყვით პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც გამოდიოდნენ ხოლმე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საელჩოში. 2023 წლის 29 ივნისი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საელჩოში. 2023 წლის 29 ივნისი

წელს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საელჩოში არ გამოჩენილა.

რადიო თავისუფლება ცდილობს მიზეზის გარკვევას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მან მხოლოდ პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) მიულოცა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე.

რაც შეეხება პრემიერის უსიტყვობას: რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრის ოფისმა, ღონისძიების დაგეგმვის ეტაპზე, სურვილი გამოთქვა, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსულიყო, თუმცა საელჩოსგან უარი მიიღო, რადგან პროტოკოლით მხოლოდ ელჩის გამოსვლა იყო გათვალისწინებული.

სტუმრები ხელისუფლებიდან

ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, მეუღლეებთან ერთად, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იღებდნენ სტუმრების გრძელ რიგს.

აშშ-ის საელჩოს სტუმრების ნაწილი
აშშ-ის საელჩოს სტუმრების ნაწილი

პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და რამდენიმე პარლამენტარმა, - რომლებიც სხვებზე გვიან მივიდნენ საელჩოში, - რიგის გვერდის ავლით მოახერხეს ელჩთან მისალმება (როგორც წესი, მთავრობის წევრები ამ პრივილეგიით ყოველ წელს სარგებლობენ).

პრემიერთან ერთად იყვნენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე;
  • განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
  • ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი;
  • ასევე, პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი.

ვინ აკლდა ხელისუფლებას

ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგებში შესამჩნევად არ ჩანდნენ:

  • თბილისის მერი კახა კალაძე;
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ჩვეულებრივ, კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი არ აკლდებიან ხოლმე ღონისძიებებს, სადაც ხელისუფლების მაღალი რანგის პირები არიან მიწვეულები.

თბილისის მერიამ კახა კალაძის არდასწრება მისი ქვეყანაში არყოფნით ახსნა.

პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის შესახებ კითხვაზე პარლამენტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

პარლამენტიდან იყვნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ნინო წილოსანი და რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის პრესცენტრში არ უპასუხიათ არც უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძისა და ანრი ოხანაშვილის არყოფნის მიზეზებზე.

მამუკა მდინარაძე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და პარლამენტში მომხსენებელი იყო „აგენტების კანონზე“. მედიის ნაწილის ცნობით, მამუკა მდინარაძე ერთ-ერთია, რომელსაც სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესდა. თავად მდინარაძეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ძალოვანები: „არანაირი სანქციები“

მართალია, არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თუმცა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები საელჩოში იმყოფებოდნენ. ელჩის სახელით გამართულ მიღებას ესწრებოდნენ:

  • ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • თეიმურაზ კუპატაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სირაძესა და კუპატაძეს ოპოზიცია და აქტივისტები საპროტესტო დემონსტრაციებზე აქციის მონაწილეების დაშლისას ძალის გადამეტებაში და ცალკეული აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე მიზანმიმართულად ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

მედიის ნაწილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათზეც ამბობდა, რომ სავიზო სანქციები შეეხოთ.

თუმცა საელჩოში მიღებაზე მყოფ ჟურნალისტებს კუპატაძემ უთხრა, აქ პირდაპირ შეერთებული შტატებიდან მოვედიო.

„საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სახლში გავიარე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს [დამოუკიდებლობის დღე]“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

„არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან (იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასთან), INL-თან (ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან) და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული“, - თქვა მან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე. 2024 წლის 3 ივლისი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე. 2024 წლის 3 ივლისი

მანამდე იგივე თქვა ვაჟა სირაძემაც: „დასანქცირების თაობაზე, არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა… ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ამაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს“.

ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა არც შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად „ხარება“. მედიის ცნობით, ისიც შედის სანქცირებულთა რიგებში.

არ ყოფილა არც პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი, რომელიც ორი წლის წინ საელჩოში მსგავს ღონისძიებაზე ვატო წერეთელს (ტვ პირველის დამფუძნებელს) ფიზიკურად გაუსწორდა, - მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც წერეთელმა „ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია“.

კიდევ ვინ იყო

მთავრობის წევრების გარდა, ღონისძიებაზე იყვნენ სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, - ჯანდაცვის სამინისტრის, NCDC-ის, შსს-ის სხვადასხვა დეპარტამენტის, ანტიკორუფციული ბიუროს - წარმომადგენლები.

სტუმრებს შორის იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, რომელიც მისალმებისას მეგობრულად გადაეხვია შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს.

დაზვერვის შეფი ესალმება აშშ-ის სამხედრო ატაშეს
დაზვერვის შეფი ესალმება აშშ-ის სამხედრო ატაშეს

ბერაია 5 აპრილიდან იკავებს ამ პოსტს. მანამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

სანამ „ოცნების“ ლიდერები მივიდოდნენ, საელჩოში უკვე იყვნენ ოპოზიციონერები სხვადასხვა პარტიიდან: ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი („ლელო“).

ლევან ხაბეიშვილი და პაატა მანჯგალაძე
ლევან ხაბეიშვილი და პაატა მანჯგალაძე

იყო ექსპრემიერი გიორგი გახარიაც („საქართველოსთვის“), რომელსაც ხუთი წლის წინ, „ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში საელჩოში ამავე ღონისძიებაზე სტუმრობისას, თვალებზე აფარებული ხელებით შეხვდნენ, - რამდენიმე კვირით ადრე, „გავრილოვის ღამეს“ დარბეული დემონსტრანტებისადმი სოლიდარობის ნიშნად.

იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ასევე, კვლევითი ცენტრები (ვიქტორ ყიფიანი „ჯეოქეისიდან“, თინა ხიდაშელი „სამოქალაქო იდეიდან“).

აშშ-ის საელჩოს სტუმრების ნაწილი
აშშ-ის საელჩოს სტუმრების ნაწილი

ბიზნესსექტორიდან:

  • „ვისოლის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე, - წელს მისი პირველი წერილი „აგენტების კანონზე“ ორაზროვნად მიიჩნიეს და მის ბიზნესს ბოიკოტი გამოუცხადეს. მეორე წერილში მან მთავრობას აგენტების კანონის გადავადება შესთავაზა;
  • ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი;
  • გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

მედიიდან: „რადიო თავისუფლების“, „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „ევრონიუსის“, BMG-ის და სხვადასხვა ონლაინგამოცემის მენეჯერები, რედაქტორები თუ ჟურნალისტები.

დიპლომატიური კორპუსი: ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ელჩები.

რელიგიური ორგანიზაციები: საქართველოს საპატრიარქოდან ქორეპისკოპოსი, ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიიდან მალხაზ სონღულაშვილი და რუსუდან გოცირიძე.

იყვნენ სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად, რეზი არველაძე და ნიკოლოზ რაჭველი.

სასამართლო

იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.

მოსამართლე ევა გოცირიძე.

ტურავა და გოცირიძე სასამართლოს ცხრაწევრიან პლენუმში იმ ექვს მოსამართლეს შორის იყვნენ, რომლებმაც 2023 წლის შემოდგომაზე მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია (საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა).

არ ყოფილა არცერთი მოსამართლე, რომელსაც შარშან აშშ-მა სანქციები დაუწესა.

ამერიკული ოცნება და ქართული ოცნება

ღონისძიების ფორმალური ნაწილის დასასრულს ელჩმა დანიგანმა მიმართა სტუმრებს.

ისაუბრა „ამერიკულ ოცნებაზე“ - იმის „რწმენაზე, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ და იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას“, - და თქვა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც.

„მაგრამ ამისათვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება“, - განაცხადა მან.

შემდეგ გაიხსენა, როგორ იბრძოდა ამერიკელი ხალხი ამერიკული დემოკრატიის გასაუმჯობესებლად „ბრძოლის ველზე, პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში“, ასევე, „აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში“.

„ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, - ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ“, - თქვა ელჩმა.

ირიბად გამოეხმაურა ბოლო წლების ნარატივებს საქართველოს „ომში ჩათრევის“ მცდელობებზე და თქვა, რომ „შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“.

შეეხო ავტორიტარიზმის აღზევების რისკსაც მსოფლიოში, თუმცა ოპტიმიზმისკენ მოუწოდა: „დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG