Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ქვეყანაში არყოფნის გამო ვერ მივიდა - მერია


თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ ყოფილა.
თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ ყოფილა.

თბილისის მერიის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კახა კალაძე, - რომელიც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, - საქართველოში არყოფნის გამო ვერ მივიდა აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე.

ოთხშაბათს, 3 ივლისს, შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის, აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება.

ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იღებდნენ გრძელ რიგში მყოფ სტუმრებს.

საელჩოში, რამდენიმე ასეულ სტუმართან ერთად, იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტარების ნაწილი. ასევე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ხელისუფლების წევრების ნაწილის ხილვამ დამსწრეთა შორის და მედიაში კითხვები გამოიწვია იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ მიღების პასუხად, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.

აშშ-ის ხელისუფლებას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები.

საელჩოში ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის წელს არ ყოფილა თბილისის მერი კახა კალაძე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, იყო თუ არა თბილისის მერი მიწვეული საელჩოს ღონისძიებაზე, და თუ იყო მიწვეული, რის გამო არ მივიდა, თბილისის მერიის პრესცენტრში უპასუხეს, რომ თბილისის მერი საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ მიზეზით ვერ დაესწრო მიღებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG