მატჩი ორმხრივად დაძაბული გამოდგა. ქართველ ფეხბურთელებს მრავლად ჰქონდათ გამოუყენებელი საგოლე მომენტები. არანაკლებ მძაფრი იყო თურქების შეტევები.
მატჩში ანგარიში თურქმა ფეხბურთელმა მერტ მულდურმა 25-ე წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ერთ-ერთი ჩაწოდებისას, ბურთი ლაშა დვალმა თავით გამოიტანა. გადმოვარდნილი ბურთი უძლიერესი დარტყმით მულდურმა მამარდაშვილის კარში გაგზავნა და გაიტანა.
ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ შვიდ წუთში გაათანაბრა. 32-ე წუთზე თურქების საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან ქოჩორაშვილი მიუახლოვდა და სწრაფი, დაბალი პასით ბურთი საჯარიმოში მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან ახლო კუთხეში დაარტყა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქართული გოლი გაიფორმა.
მატჩის 66-ე წუთზე არდა გიულერმა საჯარიმოს გარედან შორეული, უძლიერესი დარტყმით თურქეთი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ.
70-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა მიქაუტაძესთან კედელი გაითამაშა, თურქეთის საჯარიმოში შეიჭრა, ორი მცველი ჩამოიტოვა და კარში დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და შემდეგ მას მეკარე მერტ გუნოკი დაეუფლა.
მატჩში ბოლო წერტილი 97-ე წუთზე აკთურქოღლუმ დასვა. ბოლო წუთებზე ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა, რა დროსაც გადმოვარდნილი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ალთუნაშვილმა ვერ დაიმორჩილა, მას აკთურქოღლუ დაეუფლა, სწრაფად გადაკვეთა მოედანი საქართველოს ნაკრების ნახევრის მიმართულებით და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
მატჩის დაწყებამდე დაძაბული ვითარება იყო დორტმუნდის სტადიონზე, „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს. მატჩს ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონი“ უმასპინძლებს.
ფორუმი