პორტუგალიის ლიდერმა და კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ 11 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩში, ირლანდიის წინააღმდეგ გატანილი დუბლით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე 39 წლის სუპერვარკვლავზე უფრო ასაკოვანი მხოლოდ მისი თანაგუნდელი, 41 წლის პეპეა.
პორტუგალიამ შესარჩევი ჯგუფი, ტრიუმფალურად, ათივე თამაშის მოგებით გაიარა. მან 36 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. ესპანელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ბუნებრივია, აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს და ამავე დროს, წინამორბედი სანტუშისგან განსხვავებით, რისკზე წასასვლელად ყოველთვის მზად არის.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში პორტუგალია მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. მისი შემადგენლობა, Transfermarkt-ის მონაცემებით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და ჯამში 1.05 მილიარდ ევროს შეადგენს.
პორტუგალიის შთამბეჭდავი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
შემტევები: კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ), გონსალო რამოში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვსი), რაფაელ ლეაო (მილანი).
ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულემი), ოტავიო მონტეირო (ალ-ნასრი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ვიტინია (პსჟ).
მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვზი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი).
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიუ (რომა).
პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა პირველად 1984 წელს მიიღო და დღემდე ცხრაჯერ იასპარეზა, მათ შორის, სამჯერ დამარცხდა ნახევარფინალში. „ევრო 2004“-ზე პორტუგალიის ოქროს თაობამ საკუთარ კედლებში ფინალური მატჩი (0-1) დათმო საბერძნეთთან.
2016 წელს პორტუგალიამ ფინალში მასპინძელი, საფრანგეთი დაამარცხა (0-1) და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბოლო სამი ამხანაგური მატჩიდან პორტუგალიამ ორი მოიგო და ერთში დამარცხდა:
🇵🇹 პორტუგალია 3 - 0 ირლანდია 🇮🇪
🇵🇹 პორტუგალია 4 - 2 ფინეთი 🇫🇮
🇵🇹 პორტუგალია 1 - 2 ხორვატია 🇭🇷
საქართველო პორტუგალიას მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში, 2008 წელს შეხვდა და 0-2 დამარცხდა. მაშინ 23 წლის კრიშტიანუ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. გასვლით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელიც „ევრო 2024“-ის 26-კაციან შემადგენლობაშიც არის.
ფორუმი