მეტოქის მთავარი მწვრთნელია 70 წლის ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი ივან ჰაშეკი. სამწვრთნელო კარიერა კი მას ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჰქონდა და მშობლიური ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაიბარა.
ჩეხეთის ნაკრები 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია. დუშან უჰრინის (შემდგომში „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის) თაოსნობით, პაველ ნედვედის და კარელ პობორსკის ნაკრებმა 28 წლის წინ გერმანიასთან მატჩი ოლივერ ბირჰოფის ოქროს გოლით დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
2004 წელს ჩეხეთი ნახევარფინალში გავიდა. პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მომავალ ჩემპიონთან, საბერძნეთის ნაკრებთან 1-0, დამატებით დროში, ვერცხლის გოლით დამარცხდა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი ჩეხი მილან ბაროში (5 გოლით) გახდა.
ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.
ფიფა/კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში ჩეხეთს ამჟამად 36-ე ადგილი უკავია. მან „ევრო 2024“-ის შესარჩევ ეტაპზე 15 ქულა მოაგროვა, ისევე როგორც ალბანეთმა, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსის გამო, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
ჩეხეთის ნაკრების წევრთა უმრავლესობა საკუთარი ჩემპიონატის ფეხბურთელია. ისინი პლზენის „ვიქტორიას“, პრაღის „სპარტას“ და პრაღის „სლავიას“ წარმოადგენენ. ნაკრები კარგად არის შეთამაშებული, ფეხბურთელები ასაკობრივ ეროვნულ გუნდებშიც კი ერთად თამაშობდნენ.
მართალია, ჩეხეთს არ ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორც წარსულში, სამაგიეროდ, მისი უპირატესობა გუნდურობაა. ნაკრები წარმატებით თამაშობს პრესინგს, ხოლო, მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებებისას საფრთხეს ქმნიან ტანმაღალი ფეხბურთელები.
ჩეხების კარს იცავს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი გრაცის „შტურმიდან“, ვიტესლავ იაროში.
ჩეხეთის კაპიტანია ლონდონის „ვესტ-ჰემის“ ნახევარმცველი ტომას სოუჩეკი. პრემიერ ლიგის ამავე გუნდიდან არის მცველი ვლადიმირ ცოუფალი.
ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის ტრიუმფატორის, ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ჩეხეთს ჰყავს ფორვარდების წყვილი - ადამ გლოჟეკი და პატრიკ შიკი. სწორედ, შიკი გახდა „ევრო 2020“-ის (2021) თანაბომბარდირი (5 გოლით), კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.
გუნდში ევროპის ტოპ ლიგებიდან სხვა ფეხბურთელებიც თამაშობენ: მარცხენა მცველმა დავიდ იურაშეკმა, რომელსაც „ბენფიკაში“ კარიერა არ აეწყო, სეზონის მეორე ნაწილი „ჰოფენჰაიმში“ გაატარა. ჩეხეთის ნაკრებში არის იტალიური „ფიორენტინის“ ნახევარმცველი ანტონინ ბარაკი, რომელიც ფლორენციული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.
ჩეხეთმა წარმატებულად ჩაატარა ბოლო ამხანაგური მატჩები:
🇳🇴 ნორვეგია 1 - 2 ჩეხეთი 🇨🇿
🇨🇿 ჩეხეთი 2 - 1 სომხეთი 🇦🇲
🇨🇿 ჩეხეთი 7 - 1 მალტა 🇲🇹
🇨🇿 ჩეხეთი 2 - 1 ჩრდილოეთ მაკედონია 🇲🇰
ფორუმი