Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიღბიანებმა „საყურე როგორ გიკეთია“, „გვეზიზღებიო“ - სასამართლომ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო დახურა


გიორგი მელიქიშვილი სასამართლო დარბაზში სხდომის დაწყებამდე
გიორგი მელიქიშვილი სასამართლო დარბაზში სხდომის დაწყებამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 14 მაისს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნის, გიორგი მელიქიშვილის საქმის განხილვა.

14 მაისს გიორგი პოლიციამ პარლამენტის შენობასთან იმ დროს დააკავა, როდესაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი”. ამ მომენტისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ასეული მოქალაქე იყო შეკრებილი პროტესტის გამოსახატად. იქვე იყო რამდენიმე ვიდეო- და ფოტოკამერაც.

გიორგი მელიქიშვილი დაკავების დღეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა
გიორგი მელიქიშვილი დაკავების დღეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა

გიორგის დაკავების კადრებში ჩანს, როგორ აკავებენ ათზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე ნიღბიანი სპეცრაზმელი სვეტებთან ასულ ბიჭს. გიორგისთან ერთად დააკავეს ჟურნალისტი რატი მუჯირიც, რომელიც პოლიცის განყოფილებაში გადაყვანამდე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა დაადგინეს.

ამ კადრებში გიორგი უკვე ჩამოსულია პარლამენტის თაღების ქვედა სივრციდან
ამ კადრებში გიორგი უკვე ჩამოსულია პარლამენტის თაღების ქვედა სივრციდან

პოლიციამ იმ დღეს გიორგის გარდა კიდევ 13 ადამიანი დააკავა - მათ ნაწილს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სასტიკად სცემეს. პოლიციელების მხრიდან დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს გიორგი მელიქიშვილიც.

გიორგი მელიქიშვილი დაკავებამდე პოლიციას სთხოვდა, არ ჩამოეგდოთ შემაღლებული სივრციდან და დახმარებოდნენ უსაფრთხოდ ჩამოსვლაში
გიორგი მელიქიშვილი დაკავებამდე პოლიციას სთხოვდა, არ ჩამოეგდოთ შემაღლებული სივრციდან და დახმარებოდნენ უსაფრთხოდ ჩამოსვლაში

გიორგი 16 წლისაა და მოსამართლე ნინო ენუქიძე მის საქმეს დახურულ სხდომებზე განიხილავს იმის მიუხედავად, რომ თავად გიორგის სურდა, სასამართლოს განხილვა ღია ყოფილიყო მისი ახლობლებისა და ჟურნალისტებისთვის. ამ თხოვნით მან სასამართლოს განცხადებითაც კი მიმართა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება სხდომის გახსნამდე, ამ საკითხზე მსჯელობის გარეშე მიიღო.

“დაკავების მერე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ბილწსიტყვაობა იყო დედაჩემის მიმართ, აქციის მონაწილეების მიმართ… “პიდერასტები” ხართო, საყურეზე ამახვილებდნენ ყურადღებას, “ეს საყურე როგორ გიკეთია”, “როგორ მეზიზღებითო”, იძახდნენ ნიღბიანები, როცა მანქანაში ვიყავი პოლიციის შენობასთან გადაყვანამდე. თან დაკავებისას პარლამენტის შადრევნებში ჩავვარდი და სველი მქონდა ტანსაცმელი - პოლიციის შენობაში ასეთი სველი კონდიციონერის ქვეშ დამსვეს რამდენიმე საათით - ბრონქების ანთება ავიკიდე იქ”, - უთხრა გიორგი მელიქიშვილმა რადიო თავისუფლებას სასამართლოში მისი საქმის განხილვის დაწყებამდე.

ამ საქმეში გიორგის დაცვის მხარეს 30-მდე მოწმე, ათობით ვიდეო და ფოტო აქვს იმის დასტურად, რომ სკოლის მოსწავლე პოლიციამ დაუსაბუთებლად დააკავა. მათ საპირწონედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ მოწმე პოლიციელსა და მათ პატაკებს იყენებს.

ამ ორი დოკუმენტიდან ერთი შედგენის თარიღის და ადგილის მიუთითებლად დევს საქმის მასალებში.

მეორეში პოლიციელი ამტკიცებს, რომ 16 წლის ბიჭი დაკავებისას მიმალვას ცდილობდა და ამ დროს ჩავარდა პარლამენტის წინ აუზში და „მიიღო მცირედი დაზიანებები”.

ეს ჩვენება 14 მაისს არის შედგენილი, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი მოგვიანებით, 21 მაისს გაფორმდა. ამ დოკუმენტში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენებებში პოლიციელები ვანდალიზმის ფაქტზეც საუბრობდნენ, ეს ბრალდება აღარ გვხვდება.

“ყველანაირი კადრები გვაქვს მტკიცებულებად, სადაც ჩანს ჩემი დაკავებაც - მე არ ვხატავდი, ფოტოაპარატით ვიყავი ასული და სურათებს ვუღებდი იმ ხალხსაც, ვინც პარლამენტის წინ იდგა და იმ ბიჭსაც, ვინც წარწერებს აკეთებდა პარლამენტის შენობაზე. ძალიან უცნაურად მოხდა, ხალხმა ნელ-ნელა უკან დაიხია, ის ბიჭი ჩემთან მოვიდა და ჩასვლამდე მითხრა, წადი, პოლიციელები მოდიან, გაიქეციო. მე ფეხი მქონდა ნაღრძობი და თან კამერა, რომლითაც ფოტოებს ვიღებდი, ჩემი მეგობრის იყო და არ მინდოდა დაზიანებულიყო. უკვე ჩასვლას ვაპირებდი, თან მეშინოდა და დავაფიქსირე, რომ ჩემსკენ არსაიდან გამოიქცა 20-მდე პოლიციელი, დაბლა ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რატომ არიან ამდენი. მერე უკვე ვთხოვდი, ჩამოვალ, ფეხი მტკივა, იქნებ გაიწიოთ, მეშინია, დავინახე კადრები, სადაც ხალხს უსწორდებით და არ მინდა იგივე დამემართოსო და ამასობაში მოვიდა ის ორი ნიღბიანიც, ვინც დამაკავა”, - ჰყვება გიორგი მელიქიშვილი.

მან დაკავების შემდეგ პოლიციაში სულ რამდენიმე საათი გაატარა - ამ დროის განმავლობაში ის ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ გიორგი აქციებზე აღარ დაბრუნებულა - რამდენიმე დღე ბრონქიტს მკურნალობდა, შემდეგ კი ფრთხილობდა, კიდევ ერთხელ არ გამხდარიყო სამიზნე.

გიორგის პოლიციელების მხრიდან დამამცირებელ და არასათანადო მოპყრობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ჯერ არ მიუმართავს, - ის სასამართლოზე აპირებს ამაზე საუბარს და ელოდება, რომ სასამართლო თავად გაუგზავნის უწყებას შეტყობინებას.

ის ადმინისტრაციული დარღვევები, რომლებსაც სახელმწიფო გიორგის ედავება, ფულადი ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული. არასრულწლოვნება ამგვარი დანაშაულების შემთხვევაში ერთ-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG