Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 15 მაისამდე


პოლიციელები აკავებენ აქციის მონაწილეს პარლამენტის შენობასთან - ამ დროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 67 წამში განიხილა და მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს". 13 მაისი, 2024 წელი
პოლიციელები აკავებენ აქციის მონაწილეს პარლამენტის შენობასთან - ამ დროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 67 წამში განიხილა და მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს". 13 მაისი, 2024 წელი

პოლიციამ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე, 15 აპრილიდან 15 მაისამდე, 185 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

9 მაისს აქციებში მონაწილე კიდევ 6 ადამიანი დააკავეს - გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს, - ამ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა არცერთი პასუხისმგებელი პირი ჯერ გამოკვეთილი არ არის.

დაკავებული მოქალაქეების მონაცემები დღეების მიხედვით ასეთია:

  • 15-დან 18 აპრილამდე პოლიციამ 40 კაცი დააკავა [მათგან 14 მოქალაქე 15 აპრილს დააკავეს, 18 ადამიანი 16-17 აპრილს, ორი 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან]. ამ დღეებში აქციების დაშლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორ პოლიციელსა და ხუთ მოქალაქეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვა იურიდიულ კომიტეტში 15 აპრილს დაიწყო, პირველი მოსმენით კი 17 აპრილს მიიღეს.
  • 30 აპრილის ღამეს პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა - მეორე დილას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აქცენტი აქციაზე დაშავებულ ექვს პოლიციელზე გააკეთა. ამ ღამეს სასტიკად სცემეს პოლიტიკოსებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.
  • 1 მაისის ღამეს დააკავეს ხუთი ადამიანი; ამ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი". 30 აპრილისა და 1 მაისის აქციაზე მყოფებიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 15 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. ჰოსპიტალიზებულ დემონსტრანტებს შორის იყო 24 წლის ბარმენი ნიკა დემურიშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მოხვდა თვალის არეში.
  • 2 მაისის საღამოს და 3 მაისის ღამეს გმირთა მოედანზე დააკავეს 23 ადამიანი - მათ შორის იყვნენ მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი.
  • ცხრა ადამიანი დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე 9 მაისს - აქ მოქალაქეებმა მსვლელობა მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დააკავა ბლოგერი და "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე.
  • 13 მაისის დილას 23 ადამიანი დააკავეს საქართველოს პარლამენტთან - ამ დღეს "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით განიხილავდა პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი. ამჯერად დაკავებულთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე, რომლებსაც პროპაგანდისტული არხები გადატრიალების ორგანიზატორებად აცხადებენ. სახალხო დამცველის თქმით, 23 დაკავებულიდან 22 პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
  • 14 მაისს 13 ადამიანი დააკავა პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "აგენტების კანონი" მიიღო - დაკავებულთა შორის არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა და 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ქაცარავა სასტიკად არის ნაცემი - ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე დღის მეორე ნახევარში და 15 მაისის გამთენიისას პოლიციამ კიდევ 17 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. პირველი მოსმენით კანონს 17 აპრილს დაუჭირეს მხარი, 14 მაისს კი საბოლოოდ მიიღეს. კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება - ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.

პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მისი მიღების შემდეგაც გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG