Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეძებს საქართველოს მოქალაქეებს იქ, სადაც ხელი მიუწვდება


პარლამენტარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ადვოკატი, სამოქალაქო აქტივისტი, პროფესიონალი სამხედროები - საქართველოს ათეულობით მოქალაქე რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა.  

რუსეთი ეძებს მათ, ვინც სხვადასხვა დროს უკრაინაში იბრძოდნენ.

ძებნილთა სიაში, რომელიც „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა, უზუსტობებიც არის - იძებნებიან ტყვედ აყვანილი თუ უკვე დაღუპული მებრძოლები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები.

შს სამინისტროს ბაზებში „მედიაზონამ“ 36 ქვეყნის 396 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა. მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებს. აქედან ყველაზე დიდ ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეები არიან, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 93 ძებნილით.

უფრო ამაყად და უფრო ფრთხილად

„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ რუსეთის მიერ ძებნილი ვარ, უფრო ამაყად და უფრო ფრთხილად ვცხოვრობ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, მოქმედი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად, 2022 წლის მარტ-აპრილში, თვე-ნახევრით იყო ჩასული.

„უცხოური ლეგიონის“ შემადგენლობაში 4 დღის განმავლობაში იბრძოდა, ეს პერიოდი უკრაინული ქალაქის - ირპენის გათავისუფლებას დაემთხვა.

„ხშირად დავდივარ ხოლმე ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად და აწი უფრო ყურადღებით და დაკვირვებით ვივლი...

განა შემეშინდა, მანამდეც კარგად ვიცოდი, რა რისკებიც მოჰყვებოდა უკრაინაში საომრად ჩასვლას... ზოგადად, ეს სიები ფორმალობა მგონია, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა - რუსეთი ყველაფრის გამკეთებელია, რაც ნორმალურ ადამიანს არ მოუვა თავში“, - ელისაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ამ ამბის გამო პირადი დაცვის აყვანას არ გეგმავს, რადგან „სათუთი და დაუცველი“ არასოდეს ყოფილა.

„მედიაზონის“ ინფორმაციით, ძებნილთა დიდი ნაწილი რუსეთის შს სამინისტროს ბაზებში ღია წყაროებით, მათ შორის ტელეგრამარხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხვდა.

ალექსანდრე ელისაშვილი უკრაინაში ჩასვლისა და ბრძოლის შესახებ სოციალურ ქსელებში წერდა. მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა უკრაინულმა ტელევიზიამ, ელისაშვილის შესახებ წერდა რუსეთის მედიაც.

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, მოქმედი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა.
პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, მოქმედი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა.

100-კაციანი სია

რუსეთის შს სამინისტროს ბაზებში ასევე იძებნებიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, იურისტი ბექა ბასილაია, აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო და სხვები.

ბექა ბასილაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ეს ამბავი არაფერს ნიშნავს“ მისთვის. ეს სია უფრო რუსეთის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული ფორმალობა ჰგონია, რომლითაც ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების თვალში უკრაინაში ჩასულ მოხალისეებს უპირისპირდება.

„ერთი წელია და შეიძლება მეტიც, ტელეგრამარხებზე იდებოდა ინფორმაცია, რაღაც სიები, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი, რომ ჩემი თავი შემემოწმებინა... რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოლეთ, სიცოცხლის რისკი იდგა და არ დამაკავონო, ამაზე არავინ იფიქრებს“, - ეუბნება ბექა ბასილაია რადიო თავისუფლებას. ის უკრაინაში 2022 წლის მარტიდან 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე.

ბექა ბასილაია უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა
ბექა ბასილაია უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ძებნილებად გამოცხადებაზე.

საინფორმაციო სააგენტო TASS-მა 2023 წლის ზაფხულში დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ 70-მდე მებრძოლი დაუსწრებლად გაასამართლა და მათ შორის იყო მამუკა მამულაშვილი - რომელმაც „ქართული ლეგიონი“ 2014 წელს დააფუძნა.

„მედიაზონის“ მიერ გამოქვეყნებულ ძებნილთა სიებში უზუსტობებიც არის.

რუსეთის შს სამინისტროს ბაზების მიხედვით, იძებნებიან როგორც ტყვედ ჩავარდნილი, ასევე დაღუპული ადამიანები.

სიაშია არაერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას შეეწირა - მათ შორის, მაგალითად, 2022 წელს, ომის პირველ თვეებში დაღუპული - გია ბერიაშვილი, დავით მენაბდიშვილი და ალუდა ზვიადაური.

რუსეთის შესაძლებლობა

ძებნილთა სიაში შეყვანილების დასაკავებლად რუსეთი სხვადასხვა გზას მიმართავს.

უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის გარდა, ამა თუ იმ პირზე შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს დსთ-ს წევრ ქვეყნებში.

ასევე - რუსეთის შს სამინისტრომ შესაძლოა მიმართოს ინტერპოლს.

2022-2023 წლებში გაჩაღებული არაერთი ცხარე დისკუსიის მიუხედავად, ინტერპოლს რუსეთის წევრობა არ შეუჩერებია; თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურამ თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეზღუდა.

2023 წლის ზაფხულის მონაცემებით, რუსეთში აღრიცხული იყო სისხლის სამართლის საქმეების 8.6 ათასი ფიგურანტი, რომლებსაც რუსეთი საერთაშორისო არხებით ეძებდა.

მაშინ სააგენტო „რია ნოვოსტი“, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინზე დაყრდნობით წერდა, რომ „ინტერპოლი ძებნის პროცესს ბლოკავდა მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით“ და სრულად ითვალისწინებდა მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს.

ბასტრიკინი წუხდა, რომ რუსეთის ყველა განაცხადი ყურადღებით კონტროლდება და ინტერპოლი მუდმივად ეძებს „პოლიტიკურ შემადგენელს“, საქმეების დასაბლოკად.

შესაბამისად, არავის სჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსეთმა შესაძლოა მოითხოვოს მის წინააღმდეგ მებრძოლების საერთაშორისო არხებით ძებნა და ამ მიზნის მიღწევაში ინტერპოლი დაეხმაროს.

რუსეთი სხვადასხვა ქვეყანას პირდაპირაც მიმართავს ხოლმე დამნაშავე პირების დასაკავებლად. ამ ქვეყნებს შორის, 2023 წელს, ბასტრიკინმა საქართველოც დაასახელა.

თუმცა იურისტები შეუძლებლად თვლიან რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქეების გადაცემას. „ამას ვერავინ გაბედავს“, - გვეუბნება ბასილაია.

საფრთხეები ძებნილებისთვის

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელი, ტერორიზმის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი ამბობს, რომ ძებნილთა სიაში შეყვანილი პირებისთვის „დაკავების პირდაპირი საფრთხე“ რუსეთსა და ბელარუსში ჩასვლაა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - ძიძიშვილის თქმით, ამ მხრივ უსაფრთხოა რუსეთის სიტუაციური მოკავშირე უნგრეთი, რადგან „ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი არასდროს ყოფილა შემჩნეული მსგავს თანამშრომლობაში“; რასაც ვერ იტყვის ჩინეთზე, რომელსაც, მაგალითად - „რუსეთისთვის მიუწოდებია ძებნილ ბლოგერებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია“.

დავით ძიძიშვილის შეფასებით, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ძებნილთა სიაში შეყვანილ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ ან გადაადგილდებიან.

„გვახსოვს, 2008 წლის ომის მონაწილეს - არჩილ ტატუნაშვილს როგორ გაუსწორდნენ და მოკლეს ცხინვალში. გამორიცხული არც ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი ძალით გადაიყვანონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მერე თქვან - თავისით გადმოვიდაო“, - გვეუბნება ძიძიშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG