რა არის 5G და მე რაში გამომადგება?
უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც ავრცელებს ძალიან სწრაფ ინტერნეტს უსადენოდ, მობილურით. და თუ თქვენ იმაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი გჭირდებათ, ვიდრე გაქვთ, ე.ი. 5G სწორედ ისაა, რაც გამოგადგებოდათ.
რამდენად სწრაფია?
ყველაზე სწრაფი, იმდენად სწრაფი, რომ 5G-ს საშუალებით ქირურგს შეუძლია ოპერაცია დისტანციურადაც კი გააკეთოს.
დღეს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყველაზე სწრაფ მობილურ ინტერნეტად ითვლება 4G ტექნოლოგია, რომელიც “მეოთხე თაობის” სახელით არის ცნობილი და დაახლოებით 10-ჯერ უფრო სწრაფია წინამორბედზე.
აი, 5G კი უკვე 10-ჯერ უფრო სწრაფია მეოთხე თაობის ინტერნეტზე და ეს კიდევ არ არის ზღვარი. ამ ახალი ტექნოლოგიის ინტერნეტის სიჩქარე ქსელთან ერთად პროგრამულ უზრუნველყოფაზეც არის დამოკიდებული.
არსებობს მოლოდინი, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტი წინამორბედზე 100-ჯერ უფრო სწრაფი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე სტანდარტული ორსაათიანი ფილმის კომპიუტერში ჩამოტვირთვას 50 წუთი სჭირდება, ეს დრო რამდენიმე წამამდე შემცირდება.
რას ცვლის 5G ქვეყნისთვის?
ბევრ რამეს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებული ინდუსტრიაა. დღევანდელი გათვლებით, 5G გლობალურ გაყიდვებს 2035 წლისთვის 13,2 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის და შექმნის 22 მილიონამდე სამუშაო ადგილს.
ასევე მნიშვნელოვნად შეცვლის ყველა ინდუსტრიას - დაწყებული გასართობით და დამთავრებული ჯანდაცვით.
მაგალითად, განვითარდება “რობოტული ქირურგია” (robotic surgery) და ტელემედიცინა, შესაძლებელი გახდება, ექიმი პაციენტების მდგომარეობას რეალურ დროში დააკვირდეს, გაამარტივებს დიაგნოზის დასმას და შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს.
ჩემი ტელეფონი დაიჭერს 5G-ს?
გააჩნია ტელეფონს, თუმცა, დიდი ალბათობით, აფდეითი დაგჭირდებათ. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გამოშვებული თითქმის ყველა ტელეფონის მოდელი დაიჭერს 5G-ს.
მაგალითად, iPhone 12-სა და მასზე ახალ ყველა მოდელზე. ასევე Samsung-ის ათეულ მოდელზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულ S21-ზე. 5G-სთან თავსებად მობილურებს აწარმოებენ: Motorola, Nokia, Xiaomi და სხვა ნაკლებად პოპულარული ბრენდებიც.
კარგი ტელეფონი მაქვს და საქართველოში უკვე ჩავრთავ 5G-ს?
ჯერ ვერა, მარტო „კარგი“ ტელეფონი საკმარისი არ არის, იმისათვის, რომ საქართველოში 5G ტექნოლოგია შემოვიდეს, ათეულობით მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს - ახალ სადგურებზე, ახალ ქსელებზე, ახალ თანამშრომლებზე ან არსებულის გადამზადებაზე.
რა ეტაპზეა 5G-ის დანერგვა საქართველოში?
დანერგვის პროცესი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რამდენიმე წლით დაგვიანდა. კომუნიკაციების კომისია ვარაუდობდა, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჰქონოდა საქართველოს მეხუთე თაობის ინტერნეტი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 5G-სთვის საჭირო სიხშირეების განაწილება დაიწყო. უფრო ზუსტად, კომისიამ მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად სიხშირეების გასაცემად აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა. თუმცა კომისიის პირობები მიუღებელი აღმოჩნდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70-პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანიებისთვის - “მაგთისა” და “სილქნეტისთვის”.
კომპანიები ტენდერის პირობებით ვალდებულები იყვნენ, ქსელზე, რომლის აწყობაც ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, საბითუმო ფასად (იმაზე იაფად, ვიდრე საკუთარ აბონენტებს შესთავაზებდნენ ზუსტად იმავე სერვისებს) დაეშვათ კონკურენტები (“ვირტუალური ოპერატორები”). ამ ვალდებულებას აჩენდა აუქციონზე გამოტანილი ერთ-ერთი სიხშირე, რომელიც მსოფლიოში არსებული პრაქტიკით საუკეთესოა ერთდროულად 5G-ით ტერიტორიის დასაფარად და მაღალი სიჩქარის შესანარჩუნებლად.
პირობები მისაღები აღმოჩნდა მხოლოდ კომპანია “სელფისთვის”. მას 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის ტრაფიკში მხოლოდ 19% უკავია. მის ორ კონკურენტს კი - 81%.
“რადგანაც მივიღეთ მონაწილეობა, ე.ი. მისაღები იყო. ბევრი ჩვენი პირობა გაითვალისწინეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას აუქციონში ერთადერთი გამარჯვებული კომპანიის, “სელფის” იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ.
“მაგთისა” და “სილქნეტში” ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, რომლის ერთ-ერთი ვალდებულებაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა, “ხელოვნურად შეზღუდა და შეაფერხა კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა საქართველოში…”
რა კომპანიაა “სელფი” და რა ვიცით მის შესახებ?
“სელფი” რებრენდინგამდე, წლების განმავლობაში, “ბილაინის” სახელით საქმიანობდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბოლო მონაცემებით, ყოველი მეოთხე აბონენტი (25%) ამ ქსელშია ჩართული, თუმცა კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალი შემოსავალი აქვს.
2022 წლის მაისამდე კომპანიის მფლობელი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი იყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა “იმ მიზეზით, რომ იგი ... აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები”.
ახლა კომპანია ეკუთვნის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, რომლის დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში: “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
შპს “სელფი მობაილის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიდან ორი: თემურ კობახიძე და კობა ღურწკაია, რომელიც რუსეთის მოქალაქეც არის, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” შემწირველები იყვნენ.
ბოლო-ბოლო როდიდან და სად იქნება 5G საქართველოში?
“სელფი” ვალდებულია, რომ ლიცენზიის მიღებიდან 7 წელიწადში საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 90 პროცენტს მეხუთე თაობის ინტერნეტზე წვდომა მისცეს. ამ ქსელის აბონენტების ნაწილმა პირველად 5G ინტერნეტი, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, 2024 წლის თებერვლამდე უნდა დაიჭირონ. კომპანიაში ჯერ არ ამბობენ, საქართველოს რა ნაწილში გახდება პირველად მეხუთე თაობის ტექნოლოგია ხელმისაწვდომი.
დიდი ქალაქები და საკურორტო ზონა - 4 წელი
- ქალაქები, სადაც მოსახლეობა 100 000-ზე მეტია. მაგალითად, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.;
- გუდაურის და ქ. ქობულეთის საკურორტო ზონა.
თბილისთან ახლოს დასახლებები და პატარა ქალაქები - 5 წელი
- წყნეთი, ბეთანია, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ოქროყანა, ნაფეტვრები, მუხათწყარო, მცხეთა, საგურამო;
- თელავის მუნიციპალიტეტი: ქ. თელავი, ს. წინანდალი;
- ყვარლის მუნიციპალიტეტი: ქ. ყვარელი;
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი: ქ. სიღნაღი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი: კურორტი საირმე;
- დუშეთის მუნიციპალიტეტი: ს. შატილი
- მესტიის მუნიციპალიტეტი: დაბა მესტია;
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი: დაბა სტეფანწმინდა;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: ქ. ამბროლაური;
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი: ქ. გურჯაანი;
- ონის მუნიციპალიტეტი: ქ. ონი, კურორტი შოვი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი: დაბა ბაკურიანი, ქ. ბორჯომი, კურორტი ლიკანი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტი: ვარძია;
- ახმეტის მუნიციპალიტეტი: ს. ომალო და ს. შენაქო;
- შავი ზღვის სანაპირო ზოლი: სარფიდან-ფოთის ჩათვლით.
აეროპორტები და პორტები (შიგნით და გარეთ) - 5 წელში
- თბილისის აეროპორტი;
- ქუთაისის აეროპორტი;
- ბათუმის აეროპორტი;
- ბათუმის პორტი;
- ფოთის პორტი.
საქალაქთაშორისო გზები - 7 წელი
ქალაქებისგან, საკურორტო ზონია და აეროპორტებისგან განსხვავებით (30 მბ/წმ), საქალაქთაშორისო გზებსა და სარკინიგზო მონაკვეთებზე ინტერნეტის სიჩქარე უნდა იყოს მინიმუმ 10 მბ/წმ.
სარკინიგზო ხაზები:
- თბილისი-ბათუმი;
- თბილისი-სადახლო;
- თბილისი-გარდაბანი;
- სამტრედია-ფოთი;
- სენაკი-ზუგდიდი.
საავტომობილო გზები:
- თბილისი-საგარეჯო-ლაგოდეხი;
- თბილისი-მარნეული-სადახლო;
- თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი;
- თბილისი-გუდაური-სტეფანწმინდა;
- სამტრედია-სენაკი;
- სენაკი-ზუგდიდი;
- სენაკი-ფოთი;
- ფოთი-გრიგოლეთი;
- თბილისი-სარფი;
- ხაშური-ახალციხე-ვალე;
- თერჯოლა-ტყიბული;
- ტყიბული-ამბროლაური;
- ამბროლაური-ონი-შოვი;
- ქუთაისი-ბაღდათი-საირმე;
- ჟინვალი-კორშა;
- ჟინვალი-შატილი საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლები: გუდანი, ბისო, ხახმატი.
სხვა ადგილები, რომელთა შესახებაც კონკრეტიზაცია არ არსებობს - 5-7 წელი
- დასახლებები, სადაც 15 ათასიდან 100 ათასამდე მოსახლე ცხოვრობს - 90%;
- დასახლებები, სადაც 10 ათასიდან 15 ათასამდე მოსახლე ცხოვრობს - 75%;
- დასახლებები, სადაც 5 ათასიდან 10 ათასამდე მოსახლე ცხოვრობს - 90%;
- დასახლებები, სადაც 5 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს - 75%.
5G-ი გააძვირებს ინტერნეტს?
შესაძლებელია, თუმცა “სელფიში” ამბობენ, რომ მიუხედავად ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირებისა, ფასების გაზრდა სერვისზე არ მოუწევთ, რადგან ვარაუდობენ, რომ გაიზრდება კლიენტების და დახარჯული ინტერნეტის რაოდენობა.
“მოხმარება გაიზრდება - მეტ შემოსავალს მივიღებთ. უხეშად რომ ვთქვათ, წყალზე მოთხოვნა რომ არის და მილი ვერ ატარებს, მილს ვაფართოებთ, [გაფართოებით მეტი ადამიანი მოიხმარს წყალს, მეტი შემოსავალი აქვს კომპანიას]", - ამბობს ირაკლი ესართია.