Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით კირბალში გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა?


კირბალში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ითხოვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. კადრი 2023 წლის აგვისტოს ვიდეოდან.
კირბალში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ითხოვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. კადრი 2023 წლის აგვისტოს ვიდეოდან.

საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტი, რაფაილ შეპელევი 12 ოქტომბერს გაუჩინარდა, ერთი თვის თავზე კი რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. ქართველი სამართალდამცავებისა და თვიმთხილველების თქმით, ის სოფელ კირბალთან, თითქოს საკუთარი ნებით ჩაჰბარდა და გაჰყვა საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს.

შეპელევის ნაცნობებს ვერ წარმოუდგენიათ, ამას რატომ გააკეთებდა. ეს გაურკვევლობა რუსეთიდან საქართველოში გაქცეული რუსი აქტივისტებისთვის კიდევ უფრო შემაშინებელია.

რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა და როდესაც 12 ოქტომბერს სახლიდან გავიდა, ყველა პირადი ნივთი შინ დატოვა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ კირბალთან გაუჩინარების მომდევნო დღესვე, ვლადიკავკაზის სასამართლომ შეპელევი „წვრილმან ხულიგნობაში” ცნო დამნაშავედ და 15 დღით დააპატიმრა.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ოვედე ინფოს” ცნობით, 15 დღის გასვლის შემდეგ, გათავისუფლებისთანავე, შეპელევს ტერორიზმში დასდეს ბრალი და ახლა ის წინასწარი დაკავების საკანშია. თუმცა უცნობია, რომელ ქალაქში.

რუსეთში ამას „კარუსელს” ეძახიან. დისიდენტს ჯერ ადმინისტრაციული წესით, გამოგონილი ბრალდებით აკავებენ. სანამ დაკავებულია, მის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმეს ამზადებენ და შემდეგ ხელახლა აპატიმრებენ.

“ტარკოვსკის ფილმი”

ქართულმა პოლიციამ შეპელევის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

პოლიციის ვერსიით, ის ჯერ გორში გაემგზავრა, იქიდან კი ტაქსით - კირბალში.

„ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“, - ამბობს შსს.

„არა, კაცო, რა გაიტაცეს?! გაჰყვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კირბალელმა გოგი აბალაკმა.

„[ტაქსის მძღოლისთვის] უთქვამს, მე ლომისაში [კირბალთან მდებარე ეკლესია] უნდა წავიდეო და შენ აქ დამელოდეო. მე არ დამინახავს, მაგრამ მენახირეებმა დაინახეს, რომ რუსები [სამხედროები] დახვდნენ იქ“, - ამბობს იგი.

რაფაილ შეპელევმა იცოდა, რომ ეძებდნენ. რუსული გამოცემა „მედიაზონას” ინფორმაციით, ივნისში რუსეთში მცხოვრები მისი შვილი, დანილ შეპელევი დაკითხეს.

„მედიაზონა” ელაპარაკა შეპელევის ნაცნობს, ირინა რუჩკოსაც. იგი სახლიდან 12 ოქტომბერს, „ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად გავიდა, და ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, მათთვის არაფერი უთქვამს”, - თქვა ირინა რუჩკომ.

შეპელევის ნებაყოფლობით ჩაბარების არ სჯერათ სხვა რუს პოლიტიკურ მიგრანტებსაც.

„ჰო, აბა, ქრისტესი და დიადი რუსული იდეის იწამა. ტაძართან ავიდა და შემდეგ თავისიანებს ჩაბარდა, პირდაპირ სცენაა ტარკოვსკის ფილმიდან”, - დამცინავად თქვა ერთ-ერთმა რუსმა მიგრანტმა, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით ელაპარაკა.

ან დააშინეს, ან შემოიტყუეს, - ამბობს ფონდ „თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი, ეგორ კუროპტევი.

„თუკი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ რუსეთში მისთვის რისკები არსებობს, მაინც მიდის არაუსაფრთხო ადგილას, ესე იგი ან დააშინეს, ან როგორღაც მოატყუეს, ან კიდევ რამენაირად შეიტყუეს”, - უთხრა კუროპტევმა „ეხო კავკაზას”.

“მთავარანგელოზი რაფაილი”

2021 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლამდე, რაფაილ შეპელევი რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში ცხოვრობდა. ის რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში შეყვანილი და აკრძალული ნაციონალისტურ-ანარქისტული ჯგუფის, „არტპოდგოტოვკის” წევრია.

რუსი ბლოგერი, ვიაჩესლავ მალცევი (წინ) საკუთარ ვიდეოებში ხშირად ამბობს, რომ პუტინის ხელისუფლებას აუცილებლად დაასრულებს. საპროტესტო აქციაზე მოსკოვში, 2017 წლის 6 მაისი.
რუსი ბლოგერი, ვიაჩესლავ მალცევი (წინ) საკუთარ ვიდეოებში ხშირად ამბობს, რომ პუტინის ხელისუფლებას აუცილებლად დაასრულებს. საპროტესტო აქციაზე მოსკოვში, 2017 წლის 6 მაისი.

ორგანიზაციის ლიდერი, ბლოგერი ვიაჩესლავ მალცევი ახლა საფრანგეთშია, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წლის ნოემბერში, „არტპოდგოტოვკამ“ რუსეთში მშვიდობიანი რევოლუცია დააანონსა და საპროტესტო აქციები მოაწყო.

შეპელევი 2017 წლის 5 ნოემბერს, სწორედ ამ აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

ამის შემდეგაც არაერთხელ დაუკავებიათ დღეს პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზეც.

"თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ნაკლოვანებებზე ლაპარაკი დანაშაული არ არის!" რაფაილ შეპელევი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე.
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ნაკლოვანებებზე ლაპარაკი დანაშაული არ არის!" რაფაილ შეპელევი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე.

2018 წელს, შეპელევი ციხეში შიმშილობდა და უარს ამბობდა სასამართლოს მიერ მისჯილი გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულებაზე.

2021 წელს სექტემბერში, ეკატერინბურგში ერთკაციანი პიკეტის მოწყობისთვის დააკავეს.

საქართველოში, შეპელევი მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებში.

არაერთი ვიდეო აქვს გადაღებული პარლამენტთან, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ფონზე.

„მიხეილი უკვე სიკვდილის პირასაა. კოლაბორანტები კლავენ პუტინის ბრძანებით. დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩა, რაღაცით წამლავენ, ან არასწორად მკურნალობენ”, - ამბობს ის აგვისტოში გადაღებულ ვიდეოში, სადაც ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ეს მისი ბოლო ვიდეოა, რომელიც იუტუბარხზე „არხანგელ რაფაილი” (მთავარანგელოზი რაფაილი) გაუჩინარების წინა დღეს აიტვირთა.

„არხანგელ რაფაილი” ჰქვია მის ფეისბუკგვერდსაც, სადაც ბევრს პოსტავდა. სააკაშვილის მხარდაჭერის გარდა, აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, კრემლთან „კოლაბორაციისთვის”, კრემლს კი მშვიდობიანი რევოლუციით ემუქრებოდა.

შეპელევი ამბობდა, რომ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანია. ერთ-ერთ ვიდეოში ჰყვება, რომ საქართველოში სააკაშვილის დასახმარებლად ღმერთმა ჩამოიყვანა. ნაცნობების თქმით, ის ალალი და „გულუბრყვილო” ადამიანია.

„ყველა აქცია, რომელშიც რაფაილ შეპელევი მონაწილეობდა, ყოველთვის მშვიდობიანი იყო… “არტპოდგოტოვკის” ეკატერინბურგელი წევრებიდან ყველაზე უწყინარი, კეთილი, გულუბრყვილო და ცნობისმოყვარე იყო”, - დაწერა ეკატერინბურგელმა აქტივისტმა, მარინა სოტნიკოვამ.

„ისევე, როგორც სხვებს, მეც უკიდურესად გულუბრყვილო ადამიანად დამამახსოვრდა”, - წერს ეკატერინბურგელი ჟურნალისტი იური იზოტოვი.

კიდევ ერთი გატაცება?

შეპელევმა რუს მიგრანტებს საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტებითაც დაამახსოვრა თავი.

„ქართული უშიშროება ეჭვის თვალით უყურებს პოლიტიკურად აქტიურ რუსებს”, - ანონიმურად უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოში მცხოვრებმა რუსმა ჟურნალისტმა.

რუსი პოლიტიკური მიგრანტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ შეპელევის გაუჩინარებამდეც არ გრძნობდნენ.

კრემლის მოწინააღმდეგე რუსებს ქართველი მესაზღვრეები ხშირად უკან აბრუნებენ, ამიტომ საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებსაც ეშინიათ, რომ უცხოეთში გამგზავრების შემთხვევაში, აღარ შემოუშვებენ.

მაგრამ თანამოქალაქის გაუჩინარება მათთვის ძალიან სახიფათო სიგნალია.

თანაც უკანასკნელი ერთი თვის განმვლობაში, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. 17 ოქტომბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში რუსი ულტრამემარცხენე აქტივისტი, ლევ სკორიაკინი გაიტაცეს. ორი კვირის შემდეგ, იგი მოსკოვში, წინასწარი დაკავების საკანში იპოვეს.

ბიშკეკში გატაცებული ლევ სკორიაკინი
ბიშკეკში გატაცებული ლევ სკორიაკინი

რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ ახლა ალბათ კიდევ უფრო მეტი რუსი ეცდება ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას.

ეს კი საკმაოდ რთულია. რუს და ბელარუს დისიდენტებს ხშირად იმიტომ ეუბნებიან უარს თავშესაფარზე, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელ დისიდენტთან დაკავშირებული ინციდენტი ადრეც მომხდარა. 2017 წელს, თბილისში გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ილჰამ ალიევის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი, აფგან მუხთარლი.

აფგან მუხთარლი — უკან თბილისში, საიდანაც გაიტაცეს
please wait

No media source currently available

0:00 0:07:02 0:00

XS
SM
MD
LG