Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს გამოძიების მიხედვით, რუსმა აქტივისტმა საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი


ფოტო არქივიდან: რაფაილ შეპელევი
ფოტო არქივიდან: რაფაილ შეპელევი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში გაუჩინარებულ რუსეთის მოქალაქე რაფაილ შეპელევთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. შსს გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ შეპელევმა თავისი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი.

"შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ
“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება კირბალელი გოგი აბალაკი, ის სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს. გოგი აბალაკის თქმით, თავის თვალით დაინახა კაცი, რომელიც მის სახლთან ახლოს ტაქსიმ მიიყვანა. ის აღწერს, სავარაუდოდ, რაფაილ შეპელევის ჩაცმულობასაც.

"თავზე თეთრი თმა ჰქონდა. ჯინსი ეცვა, ქურთუკიც", - აღნიშნავს გოგი აბალაკი, რომელსაც ჟურნალისტი უჩვენებს რაფაილ შეპელევის ფოტოს.

"კი, ეგ არის. ჩემი სახლის სიახლოვეს ტაქსიმ მოიყვანა. ტაქსის მძღოლი იყო გორელი. მერე მელაპარაკა ტაქსის მძღოლი. სასაფლაოდან ჩამოიყვანა ამ ტაქსის მძღოლმა ეს კაცი. მე დავინახე. იქ სასაფლაოსთან ყოფილა, სურათები გადაუღია, ამისთვის [მძღოლისთვის] უთქვამს, მე ლომისაში უნდა წავიდეო და შენ აქ დამელოდეო. 18 მანეთი (იგულისხმება 18 ლარი. რედ. ) მისცა, 30 უნდა მიეცა და რომ ჩამოვალ და წამიყვან, დანარჩენს მერე მოგცემო, ესეც დათანხმდა. მე არ დამინახავს, მაგრამ მენახირეებმა დაინახეს, რომ რუსები [სამხედროები] დახვდნენ იქ", - ჰყვება გოგი აბალაკი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიტაცეს თუ არა იგი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, აბალაკი პასუხობს: „არა, კაცო, რა გაიტაცეს?! გაჰყვა“.

მანამდე ადვოკატთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „Первый отдел-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა, ისე, რომ პირადი ნივთები სახლში დატოვა და, სავარაუდოდ, რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფებოდა.

მოგვიანებით „Первый отдел-მა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეპელევის წინააღმდეგ რუსეთში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. შემდეგ კი „მედიაზონამ“ დაადასტურა, რომ შეპელევის წინააღმდეგ რუსეთში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზასთან" საუბარში, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ წარმომადგენელი ეგორ კუროპტევი ჰყვება, რომ შეპელევი ან დააშინეს, ან როგორღაც მოატყუეს. რაც შეეხება მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, კუროპტევს ვარაუდები აქვს.

"კონკრეტულად უცნობია. ჩვენ ვიცით, რომ ის რუსეთშია, ვიცით, რომ ან ვლადიკავკაზშია, ან თავის მშობლიურ რეგიონში, რადგან ტერორიზმის საქმეა აღძრული და ეს ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს თავის მშობლიურ რეგიონში - ეს არის სვერდლოვსკის ტერიტორია, ეკატერინბურგი", - ამბობს ეგორ კუროპტევი.

მისივე ინფორმაციით, შეპელევს ვაჟი ჰყავს რუსეთში. "საქართველოში, როგორც ვიცი, 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა. მას აქ ბევრი ნაცნობი ჰყავს - ჟურნალისტებიც და აქტივისტებიც. აქ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა - აქტიური ადამიანია. კოლეგები მას იურიდიულ დახმარებას გაუწევენ. როგორც კი შეპელევი რაიმე გასაგებ ადგილას მოხვდება, ისინი მას მოინახულებენ და ვითარებაში გაერკვევიან", - ამბობს ეგორ კუროპტევი.

XS
SM
MD
LG