Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაუჩინარდა რუსი აქტივისტი, ის შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყოს - “Первый отдел-ი”


ფოტო არქივიდან: "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი
ფოტო არქივიდან: "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი

რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტი რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა. ამის შესახებ იუწყება იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „Первый отдел-ი“. უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა, ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.

„რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სახლში დარჩა მისი პირადი ნივთები. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„Первый отдел- ის" ცნობით, 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო „წვრილმან ხულიგნობაში“ - ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოჩნდა. წყაროს ინფორმაციით, მამაკაცს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გათავისუფლების შემდეგ კი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

საქართველოში შესაბამისი უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, ხომ არ შესულა უწყებაში შეტყობინება რუსეთის მოქალაქის გაუჩინარებაზე ან ხომ არ გადაუკვეთავს მას საქართველოს საზღვარი.

შეპელევის გაუჩინარების შესახებ წერს რუსული მედია, მათ შორის The Insider-ი და Сота.

„Сота-ს" ინფორმაციით, შეპელევი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა პოლიტპატიმრად აღიარებული რუსი აქტივისტი ლევ სკორიაკინი, რომელმაც რუსეთი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ დატოვა და ყირგიზეთში გადავიდა. 2 ნოემბერს ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. ის იქ ორი კვირის განმავლობაში უსტატუსოდ იმყოფებოდა და უფლებადამცველების თქმით, ნაწამებიც იყო.

ყაზახეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება იაკუტიელი მუსიკოსი აიხალ ამოსოვი (იგორ ივანოვი). რუსეთში მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე ტერორიზმის მოწოდებისთვის.

XS
SM
MD
LG