Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტი რაფაილ შეპელევი, შესაძლოა, საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალთან დააკავეს


ფოტო არქივიდან: სოფელი კირბალი
ფოტო არქივიდან: სოფელი კირბალი

რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტი რაფაილ შეპელევი, შესაძლოა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ნაწილში, სოფელ კირბალთან დააკავეს.

მანამდე ადვოკატთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „Первый отдел-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა და, სავარაუდოდ, რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფებოდა.

ამის შემდეგ აქტივისტის საქართველოში გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ფონდმა „თავისუფალი რუსეთი“.

ფონდი აცხადებს, რომ შეპელევის დაკავების საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აქვს ინფორმაცია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 12 ოქტომბერს რაფაილ შეპელევი ტაქსით გაემგზავრა საოკუპაციო ხაზთან (ადმინისტრაციული ხაზი ცხინვალის რეგიონთან) სოფელ კირბალში. პოლიციის ცნობით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ რაფაილის ტაქსიში ჩაჯდომის ადგილას მდებარე სათვალთვალო კამერები, ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენება და სოფელ კირბალის მცხოვრებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, რაფაილი ნახეს სოფელ კირბალის ეკლესიაში ასვლისას, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები (სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის FSB-ის მესაზღვრეები) იმყოფებოდნენ. მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა იქ დაინახეს „რუსები“ და როგორ მიუახლოვდა მათ რაფაილი, რის შემდეგაც რაფაილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რომელიც ოფიციალური თბილისის კონტროლს არ ექვემდებარება“, - აცხადებს ფონდი.

მოგვიანებით, „Первый отдел-მა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეპელევის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. შემდეგ კი „მედიაზონამ“დაადასტურა, რომ შეპელევის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ აცხადებს, რომ შეპელევის საქართველოში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღეს, მაგრამ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, შემთხვევა (თუ ის დადასტურდება) აქტივისტზე რუსეთის ზეწოლის გამო მოხდა თუ სხვა მიზეზებით.

„მხოლოდ თავად რაფაილს შეუძლია საბოლოოდ დაადასტუროს მომხდარის ყველა ეს მონაცემი, გარემოება და მიზეზი, როცა ადვოკატი შეძლებს მასთან მისვლას. საზოგადოების უსაფრთხოება პრიორიტეტია. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს“, - ნათქვამია სამხრეთ კავკასიაში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი სთხოვა, თუმცა უწყებაში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„Первый отдел-ის" ცნობით, რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სახლში დარჩა მისი პირადი ნივთები. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, შეპელევი 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო „წვრილმან ხულიგნობაში“.

შეპელევის გაუჩინარების შესახებ წერს რუსული მედია, მათ შორის The Insider-ი და Сота.

„Сота-ს" ინფორმაციით, შეპელევი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა პოლიტპატიმრად აღიარებული რუსი აქტივისტი ლევ სკორიაკინი, რომელმაც რუსეთი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ დატოვა და ყირგიზეთში გადავიდა. 2 ნოემბერს ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. ის იქ ორი კვირის განმავლობაში უსტატუსოდ იმყოფებოდა და უფლებადამცველების თქმით, ნაწამებიც იყო.

სუსის ცნობით, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი დააკავეს.

XS
SM
MD
LG