Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე "კარვების კანონზე": ვჩქარობდით... სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა, ამიტომაც საჩქარო არაფერია


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია და ამის გამო აღარ ჩქარობენ ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. ჟურნალისტებთან კომენტარში მდინარაძემ აღნიშნა, რომ ვეტოს დაძლევით "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს მაინც მიიღებენ, რადგან საფრთხეები "დასაპრევენცირებელია".

​"ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ... ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია.

რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, არავინ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც კარვები უნდა დადგან და ააფეთქონ ადამიანები, ეს, მგონი, ყველას "დასაპრევენცირებელია", არა მხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ ახსენა ორგანიზაცია "კანვასის" ჩატარებული ტრენინგები, რომლებიც ისევ რევოლუციას დაუკავშირა.

რევოლუციას დაუკავშირა მამუკა მდინარაძემ USAID-ის პროგრამებიც:

"USAID-შიც, ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ჩანს და იკვეთება ამის ბევრი ნიშანი, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ, იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ ისეთი მითითებები, რომ აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ".

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს „კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. მან მას 17 ოქტომბერს დაადო ვეტო.

საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" კანონში ცვლილებების შეტანა დაჩქარებული წესით დაიწყო. კანონპროექტის მომზადებას წინ უსწრებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგი, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა "ხელისუფლების დამხობა". მოგვიანებით გაირკვა, რომ სუსი ამ კვალიფიკაციით გამოძიების დაწყებას უკავშირებდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში "კავას საქართველოს" თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელსაც მეტწილად ხელოვანები ესწრებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებს სუსში თითქმის ყოველდღე იბარებენ.

იმის მიუხედავად, რომ საქმის კვალიფიკაცია მძიმეა, სუსმა ტრენერებს, რომლებიც სერბეთის მოქალაქეები არიან, საქართველოს დატოვების უფლება მისცა.

"იმ ეტაპზე არ არსებობდა ქვეყანაში მათი დატოვების საჭიროება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუსში.

ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები".

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი აცხადებს, რომ USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა".

XS
SM
MD
LG