ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში". ცვლილებებით იზღუდება აქციებზე "დროებითი კონსტრუქციების" გამოყენება.
„ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია კანონპროექტთან მიმართებით გუშინ. რისი თქმაც შემიძლია როგორც ევროკავშირს, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერ ძალადობას, ნებისმიერისკენ მიმართულს. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან ნათლად მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას“, - ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე კონფერენციამდე განაცხადა მედიასთან კომენტარში. კონფერენცია დემოკრატიის მომავალზე მსჯელობას ეძღვნებოდა და ორგანიზებული იყო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მიერ.
საქართველოს პარლამენტმა 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" და შეიზღუდა აქციებზე "დროებითი კონსტრუქციების" გამოყენება. საკანონმდებლო ორგანომ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამ დღეში განახორციელა.
ამ ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.
საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
პარლამენტში კანონის განხილვის პარალელურად, მოქალაქეებმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა კარვები "ჩაიცვა" და ასე დაიცვა კარვის გაშლის უფლება.