საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" და შეიზღუდა აქციებზე "დროებითი კონსტრუქციების" გამოყენება. საკანონმდებლო ორგანომ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამ დღეში განიხილა.
- მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 20.
- მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 20.
ამ ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას სუსის განცხადებით ასაბუთებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.
საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განხილვაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ უთხრა, რომ არ იზიარებს ომბუდსმენის აპარატის შენიშვნებს იმის შესახებ, რომ კანონში ცვლილებები ბუნდოვანს ტოვებს, რა იკრძალება და რა კრიტერიუმით უნდა გადაწყვიტოს პოლიციელმა, საჭიროა თუ არა პროტესტის გამოსახატად დროებითი კონსტრუქციები.
"გავიზიარებდი ბევრ თქვენს ნათქვამს, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ის, რაზეც აქ არის საუბარი, ეს შეკრების და მანიფესტაციის უფლებას არ ზღუდავს. აქ არის იმ დამხმარე საშუალებებზე ორიენტირი მთლიანად, რომელიც შეიძლება შეკრების და მანიფესტაციის დროს შესაძლოა შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებმა გამოიყენონ. ამიტომ, ამ კონსტრუქციის თემას ნუ გავაიგივებთ შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვასთან. ეს არის უმთავრესი პრინციპი. თუ ამ პრინციპს გავყვებით, ვნახავთ, რომ არანაირ შეკრების და გამოხატვის შეზღუდვაზე არ არის საუბარი. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ისე წარმოადგინონ ეს ყველაფერი, თითქოს ვერცერთ კონსტრუქციას ვერ აღმართავენ და ამით ეკრძალებათ ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გამართვა შეკრების და მანიფესტაციის დროს", - თქვა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას, კანონპროექტის ავტორებს დეპუტატებმა ოპოზიციიდან ჰკითხეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სუსი გააკეთებს განცხადებას, რომ მოსალოდნელი გადატრიალება აღარ იგეგმება და ეს საფრთხე მოხსნილია.
"ხვალ რომ სუსმა სხვა განცხადება გააკეთოს, ამ ცვლილებას გააუქმებთ?" - იკითხა ხათუნა სამნიძემ.
"არ გავაუქმებთ, ამ ცვლილებებით იხვეწება კანონმდებლობა", - უპასუხა მას გივი მიქანაძემ.
დღესვე, პარლამენტში კანონის განხილვის პარალელურად, მოქალაქეებმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა კარვები "ჩაიცვა" და ასე დაიცვა კარვის გაშლის უფლება.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.
აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.