Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა


ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში
ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში.

ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე“, - უპასუხა ერინ მაქიიმ მედიის წარმომადგენლებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID-ი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას "განათლება მომავლისთვის საქართველოში". $14-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ქემონიქსი".
USAID-ის პროგრამა "განათლება მომავლისთვის საქართველოში" 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.

ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს".

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი ჩაერია.

USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებებს წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგი გამოძიების დაწყება საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გამართულ „ტრენინგების საქმეზე“.

გამოძიება დასრულებული არ არის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.

სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.

გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუსში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს.
ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.
XS
SM
MD
LG