Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსი: რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია


გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ე.წ. ხელისუფლების დამხობის საქმეზე ჩატარებული გამოკითხვის დეტალებზე. მისი თქმით, მათ მოასმენინეს ტრენინგზე გაკეთებული დაახლოებით 9-საათიანი ჩანაწერიდან მხოლოდ 8-წუთიანი მასალა.

გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს "სიახლედ" უთხრა, რომ ტრენინგზე გაკეთებული ჩანაწერიდან იმავე ტრენინგის მონაწილეთაგან "ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება":

"გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით: "არ მახსოვს", "არ გამიგია" და ა.შ. რაც უფრო საეჭვოდ ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ ტელეკამერების წინ აჟღერებენ..."

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხული ტრენერები და მონაწილეები აღნიშნავენ, მათ სუსის თანამშრომლები ხელს აწერინებენ "გაუთქმელობაზე", რაც მათ უკრძალავს მედიისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემთხვევაში მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

"საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში...

რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერლებიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია, ვინ რას წერს. გინახავთ რევოლუციონერი რაიმე პროფესიას ამთავრებდეს და რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ?! ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე", - თქვა მან.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ე.წ. ხელისუფლების დამხობის საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინი გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

გარდა ამისა, ამავე საქმეზე 11 ოქტომბერს სუსში დაიბარეს ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი; 12 ოქტომბერს არტისტი, ჯგუფ "ბულიონის" წევრი ნატალია ვაწაძე; 19 ოქტომბერს თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი და სხვ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

XS
SM
MD
LG