საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დაბარებას მათი კოლეგები გამოეხმაურნენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი, მსახიობი თინა ლაღიძე და კინომცოდნე ნინო შველიძე ტრენინგებზე დასწრების გამო სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„უწყების ვერსიით, თითქოს ჩვენს 20-მდე კოლეგას - რეჟისორებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს - საგანმანათლებლო კურსზე „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს. სუს-ში ყოველდღიურად იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მსოფლიოს აცნობენ ჩვენს თანამედროვე კულტურას.
პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა. ხელოვანები ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ის, რაც ჩამოშლის პირასაა - დაწყებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე ხელოვნებით დასრულებული. კულტურის მინისტრი საბოტაჟს უწყობს ეროვნულ კულტურას და გირჩევთ, გამოკითხვაზე პროფესიონალების დაბარების ნაცვლად, მისი საქმიანობით დაინტერესდეთ. ნუთუ, არ კმარა განადგურების პირას მიყვანილი ძეგლები, წაგებული შრომითი დავები, თავისუფლებაწართმეული ინსტიტუციები, გაფლანგული ბიუჯეტი, შეჩერებული სამეცნიერო კვლევები და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები?" - ვკითხულობთ კინემატოგრაფისტების განცხადებაში.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსული მეთოდები არ მუშაობს. „ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია. მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კულტურის სფეროებში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა არ ეხებათ მხოლოდ ხელოვანებს. იგი მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას. თუმცა, ამაოდ. რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს და ვერ იმუშავებს. სოლიდარობა ჩვენს ღირსეულ კოლეგებს! ბოიკოტი კონფორმიზმს!" - აცხადებენ ხელოვანები.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები 29 სექტემბერს ესწრებოდნენ თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. თიკო ნადირაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.
ე.წ. რევოლუციური სცენარით „ხელისუფლების დამხობის" საქმის ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით. როგორც თიკო ნადირაშვილმა გვითხრა, ის ჩვენებას მისცემს სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
ამავე საქმეზე გამოკითხული არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი, ჯგუფ "ბულიონის" წევრი, არტისტი ნატალია ვაწაძე, თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი და სხვ.
14 ოქტომბერს "მემკვიდრეობის პლატფორმამ" ამ საქმეზე არტისტების დაბარება რეპრესიებს შეადარა.
2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".